რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის პარალელურად საინფორმაციო ომიც გააძლიერა. კრემლი და მასთან დაკავშირებული მედია შეჭრის გასამართლებლად სხვადასხვა დეზინფორმაციულ ნარატივს ავითარებს, რომლებიც, უკრაინის განთავისუფლებას - „დენაციფიკაციას“ და „დემილიტარიზაციას“ გულისხმობს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7).

სინამდვილეში, რუსეთი არა უკრაინის განმათავისუფლებელი, არამედ აგრესორია, რომელმაც 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილების ოკუპაცია მოახდინა, 2022 წლის 24 თებერვალს კი უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე „დენაციფიკაციისა“ და „დემილიტარიზაციისა“ აბსურდული არგუმენტით სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მიუხედავად იმისა, თუ რა საბაბს იყენებს პუტინი ომის ლეგიტიმაციისთვის, ფაქტია, რომ რუსეთი სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.

საბაბები, რითაც რუსეთი უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ამართლებს

2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა „სპეცოპერაციად“ წოდებული სრულმასშტაბიანი ომის მიზეზად „მოსახლეობის გენოციდისგან დაცვა და უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიღწევა“ დაასახელა, ასევე, „იმ ხალხის დაცვა, რომლებიც 8 წლის განმავლობაში კიევის რეჟიმისგან შეურაცხყოფას, გენოციდს განიცდიდნენ“. მსგავსი განცხადება პუტინმა 2021 წლის დეკემბერს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზეც გააკეთა: „რაც ახლა დონბასში ხდება, ძალიან მოგვაგონებს გენოციდს“.

24 თებერვალს კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, კითხვაზე, თუ რას გულისხმობს „დენაციფიკაცია“ უპასუხა, რომ „იდეალურ შემთხვევაში, უკრაინა უნდა გათავისუფლდეს, უნდა გაიწმინდოს ნაცისტებისგან, პრონაცისტური ხალხისგან და იდეოლოგიისგან“.

კრემლის ანტი-უკრაინული პროპაგანდის მთავარი თეზისი იმის მტკიცებაა, რომ უკრაინა არის ნაცისტური, ფაშისტური სახელმწიფო, რომელიც მოქალაქეებს ეროვნული ნიშნით ავიწროებს და უკრაინულის გარდა სხვა ენაზე საუბარს უკრძალავს.

თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებაში ამ საკითხზე მკაფიო კონსენსუსია - უკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსული პროპაგანდის მიერ წოდებულ "ნაცისტური სახელმწიფოსთან" და ამას არაერთი მაღალი რანგის ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები მოწმობენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცრუ ბრალდებები უწოდა კრემლის გზავნილებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ნაციზმთან და ფაშიზმთან ბრძოლას ისახავს მიზნად. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ასევე გამოთქვა საკუთარი აზრი პუტინის მიერ დონბასში გენოციდის შეფასებასთან დაკავშირებით - 2022 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას მან ამ ბრალდებებს უბრალოდ „სასაცილო“ (ridiculous) უწოდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომლის მამინაცვალი ჰოლოკოსტის გადარჩენილი ებრაელი იყო, 2022 წლის 17 თებერვალს გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად საბაბს შექმნის „რუსეთმა შეიძლება აღწეროს ეს მოვლენები, როგორც ეთნიკური წმენდა ან გენოციდი, მასხრად აიგდებს იმ კონცეფციას, რომელსაც ჩვენ ამ პალატაში ასე მსუბუქად არ ვუყურებთ და არც მე ვუყურებ მსუბუქად ჩემი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე“.

უკრაინაში თითქოსდა გენოციდის შესახებ აქტიური რიტორიკის მიუხედავად, რუსეთმა ბრალდებების დამტკიცება ვერ შეძლო. ამას ადასტურებს სრულიად რუსეთის ოფიცერთა კრება, სადაც ნათქვამია, რომ „კიევის მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ჩადენილი გენოციდის საკითხი არც გაეროში და არც ეუთოში დღის წესრიგში არ დაყენებულა“.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინის მხრიდან დონბასის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატური განადგურება მოხდა. ეუთოს მისიამ, რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან მუშაობს, უკრაინის მიერ დონბასის მოსახლეობის გენოციდის ფაქტის დამადასტურებელი ფაქტი ვერ იპოვა.

არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი ან შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომელიც მხარს უჭერს მოსკოვის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი ან ეთნიკური რუსი მაცხოვრებლები იდევნებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ გენოციდზე. აღნიშნულს ადასტურებს ევროპის საბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და ეუთოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები.

უკრაინამ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში (გაერო-ს მთავარი სამართლებრივი ორგანო) შეიტანა სარჩელი, რათა გაეპროტესტებინა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრისთვის დასახელებული საბაბი - რომ რუსეთმა უკრაინაში დონბასში უკრაინის მიერ მოწყობილი გენოციდი უნდა დაასრულოს.

2022 წლის 16 მარტს, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ (გაერო-ს მთავარი სამართლებრივი ორგანო) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელზე წინასწარი გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხება რუსეთის მიერ ცნების, გენოციდის დამახინჯებას და მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად. სასამართლოს დადგენილებით „მოცემულ გარემოებებში გაეროს საერთაშორისო სასამართლო მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს სამართლიანი უფლება არ იყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების სამიზნე უკრაინის ტერიტორიაზე თითქოსდა გენოციდის პრევენციის ან დასჯის მიზნით“. ჰააგის სასამართლომ ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას „დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო“ და „ნებისმიერ სამხედრო, რეგულარულ შეიარაღებულ დანაყოფებს და სხვა ორგანიზაციებსა თუ პირებს, რომელთაც რუსეთი აკონტროლებს, ეკრძალებათ აგრესიის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება“.


უკრაინაში შეჭრის რეალური მიზეზები და მიზნები

იმ საბაბის უკან, რასაც რუსეთი უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გასამართლებლად იყენებს, რეალური მიზეზები დგას. უკრაინასთან დაკავშირებული მისი მისწრაფებები ჯერ კიდევ 2014 წელს გახდა აშკარა.

რუსეთის მიზანია უკრაინის თავისი გავლენის სფეროში, ე.წ. „ახლო საზღვარგარეთში“ დაბრუნება. ამ მიზნის შესრულებისთვის რუსეთი ცდილობს, არ დაუშვას უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი დემოკრატიული განვითარება.

უკრაინის ევროატლანტიკური არჩევანის შესაცვლელად რუსეთი ლეგიტიმური მთავრობის დამხობასა და მარიონეტული მთავრობის დანიშვნას ისახავდა მიზნად. ამ მიზნისთვის რუსეთმა ომის პირველივე დღეს, 24 თებერვალს, კიევში დივერსანტები შეიყვანა, ხოლო კიევთან ახლოს მდებარე ჰოსტომელის აეროპორტში სადესანტო დანაყოფები ჩამოსვა. პუტინმა 25 თებერვალს უკრაინულ არმიას მოუწოდა, რომ ხელში აეღოთ ძალაუფლება და ჩამოეგდოთ „ტერორისტებისა“ და „ნარკოტიკებზე დამოკიდებული ბანდის, ნეონაცისტების“ მთავრობა, რომლებმაც კიევის ოკუპაცია მოახდინეს და უკრაინელი ხალხი მძევლად აიყვანეს. თუმცა მოვლენები გეგმის მიხედვით არ წარიმართა, რუსეთმა უკრაინის „გათავისუფლება“ ვერ მოახერხა - უკრაინამ კიევი და სხვა დიდი ქალაქები შეინარჩუნა, ხელისუფლებაში კი ისევ ლეგიტიმური მთავრობაა.

საბრძოლო მოქმედებებიდან 1 თვის შემდეგ, რუსეთის ამოცანები უკრაინასთან მიმართებით, შეიძლება ითქვას, „შეიცვალა“. თუ რუსეთის თავდაპირველი მიზანი მთელი უკრაინის ნაცისტური ძალებისგან გათავისუფლება, კიევის აღება და მარიონეტული მთავრობის დასმა იყო, ამჯერად ის დონეცკისა და ლუჰანსკის სრული „გათავისუფლებისკენ“ ისწრაფვის. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, სერგეი რუდსკოიმ, განაცხადა, რომ „ოპერაციის პირველი ეტაპის მთავარი მიზნები ძირითადად მიღწეულია, რაც გვაძლევს საშუალებას, ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევაზე - დონბასის გათავისუფლებაზე“. როგორც რუდსკოიმ თქვა, მათი ძალები უკვე ლუჰანსკის რეგიონის 93%-ს და დონეცკის რეგიონის 54% აკონტროლებენ.


საერთაშორისო საზოგადოება უკრაინაში რუსეთის მოქმედებებს არალეგიტიმურ შეჭრად და სამხედრო აგრესიად აფასებს

საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება, რომ რუსეთ-უკრაინის ომში აგრესორი რუსეთია, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრა. განსაკუთრებულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2022 წლის 2 მარტის სხდომა, სადაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ მიიღეს რეზოლუცია. რეზოლუცია, სახელწოდებით - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, „მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავის ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მდებარე ტერიტორიიდან.“ რეზოლუციაში სუვერენული სახელმწიფოს, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ სხვა სახელმწიფოს მიერ სამხედრო ძალის გამოყენება განიმარტება, როგორც აგრესია. რეზოლუციაში დაგმობილია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება და შეფასებულია, როგორც გაერო-ს წესდების მიზნებისა და პრინციპების და 1974 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციის დარღვევა. გამოხატულია ღრმა შეშფოთება სამოქალაქო დაწესებულებებზე თავდასხმებისა და სამოქალაქო პირების, მათ შორის, ქალების, მოხუცების, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისა და ბავშვების, დაღუპვის შესახებ.

გაერო-ს აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 141-მა სუვერენულმა სახელმწიფომ, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა მისცა 5-მა ქვეყანამ (რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ერიტრეა). ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთის აბსურდულ მტკიცებას უკრაინაში ნაცისტური რეჟიმის არსებობის შესახებ მსოფლიოს მხოლოდ 5 სახელმწიფო უერთდება. სხვა 141-ივე სახელმწიფო აგრესორად მოიხსენიებს რუსეთს და არა უკრაინას. აღსანიშნავია, რომ მოცემული რეზოლუცია უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ამ ტიპის პირველი რეზოლუციაა. 24 მარტს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სესიის ფარგლებში მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, სახელწოდებით - „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“. რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და სამოქალაქო მოსახლეობის, სამედიცინო და ჰუმანიტარული პერსონალის დაცვის უზრუნველყოფას მოითხოვს.

რეზოლუცია ეხმიანება გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას რუსეთისადმი, შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების გზას.


რუსეთის რეალური ქმედებები უკრაინაში

იმას, რუსეთი უკრაინას კი არა „ათავისუფლებს“, არამედ თავს ესხმის, სხვა მრავალ ფაქტთან ერთად ისიც ადასტურებს, რომ რუსეთი ქალაქებს განურჩევლად ბომბავს. საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ცალკეული დასავლური ქვეყნების სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციით მტკიცდება, რომ რუსეთი თავს ესხმის სამოქალაქო ობიექტებს და შესაბამისად, მისი ქმედებები შესაძლო ომის დანაშაულებს წარმოადგენს.

17 მარტს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს “ომის კრიმინალი” უწოდა და რუსეთის ქმედებები უკრაინაში შეაფასა როგორც “სამხედრო დანაშაული”. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა კი 23 მარტს ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსული ძალები უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადიან. „აშშ-ს მთავრობის შეფასებით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს”- ვკითხულობთ ბლინკენის განცხადებაში. რუსული ძალების მიერ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას ადასტურებს უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მატილდა ბოგნერიც: “მარიუპოლის თეატრისა და მარიუპოლის no.3 საავადმყოფოს დაბომბვა, ჩვენი შეფასებით, მოხდა რუსეთის მხრიდან”.

ამავდროულად, არაერთი ღია წყარო, მათ შორის, Bellingcat-ი, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი, მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალებისა და მოწმეთა დაკითხვის საფუძველზე ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები განურჩევლად ესხმიან თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მშვიდობიან მოქალაქეებს. Amnesty International-ის გენერალური დირექტორი აგნეს კალამარდის თანახმად, “რუსულმა ჯარებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ განურჩეველი თავდასხმები ომის კანონების დარღვევით. მიუღებელია ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა არაზუსტი ფეთქებადი იარაღის გამოყენება, რაც იწვევს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილსა და მათი ჯანმრთელობის დაზიანებას”.

ამრიგად, კრემლის მტკიცება, რომ რუსეთი უკრაინის ქალაქებს ათავისუფლებს ყალბია. რუსეთი არა განმათავისუფლებელი, არამედ აგრესორია, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სავარაუდო ომის დანაშაულებს სჩადის. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ დონეცკის, ლუჰანსკის ან უკრაინის სხვა ტერიტორიაზე მთავრობა მოსახლეობას ენობრივი ან ეთნიკური ნიშნით ავიწროებდა. აღნიშნული უსაფუძვლო ბრალდებებით რუსეთი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამართლებას ცდილობს.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი