იტვირთება

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან ამ დრომდე, უკრაინიდან ლტოლვილების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. მათი უდიდესი ნაწილი - 2.3 მლნ-ზე მეტი ლტოლვილი, პოლონეთმა შეიფარა.

საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინელი ლტოლვილებთან მიმართებით, კონკრეტული სტრატეგია ან/და განსხვავებული მიდგომა არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით საქართველოს მიმართონ და კანონით განსაზღვრული შესაბამისი გარანტიებით ისარგებლონ. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველო ვალდებულია, უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საერთაშორისო დაცვის სტანდარტით დადგენილი პირობების (სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების) შექმნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, (პდფ შსს N1) ამ ეტაპზე, უკრაინის მოქალაქეებთან მიმართებით თავშესაფრის სტანდარტულ პროცედურა მიმდინარეობს. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ჩვეულებრივი წესით, მისი რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში, განიხილება.

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, სამინისტროში განცხადების რეგისტრაციისთანავე რეგისტრირდება თავშესაფრის მაძიებლად და მასზე გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, თავშესაფრის მაძიებელზე გასცემს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას.

თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს:

• არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში;

• საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში დარჩეს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში;

• საქართველოს მოქალაქის მსგავსად, ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების უფლებით, აგრეთვე პროფესიული და უმაღლესი განათლების უფლებით;

• საქართველოს მოქალაქის მსგავსად, ისარგებლოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით;

• საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ისარგებლოს შრომის უფლებით.

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს:

• საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;

• მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობა (ოჯახის თითოეულ წევრზე 45 ლარის ოდენობით);

• საქართველოს მოქალაქის მსგავსად, ისარგებლოს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების უფლებით;

• საქართველოს მოქალაქის მსგავსად, ისარგებლოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამებით;

• საქართველოს მოქალაქის მსგავსად, ისარგებლოს შრომის უფლებით;

• იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში, გარდა წარმოშობის ქვეყნისა და იმ ქვეყნისა, სადაც მისი

და მისი ოჯახის წევრების ყოფნა უსაფრთხოდ არ ითვლება;

• ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე გაიცემა დროებითი ბინადრობის მოწმობა და სამგზავრო დოკუმენტი 3 წლის ვადით, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაიცემა დროებითი ბინადრობის მოწმობა და სამგზავრო დოკუმენტი ერთი წლის ვადით.

უკრაინის მოქალაქეთა მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა რაოდენობრივად შეზღუდული არ არის. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს განუსაზღვრელი ვადით ენიჭება. რაც შეეხება ჰუმანიტარულ სტატუსს და დროებით დაცვას, კანონის შესაბამისად, აღნიშნული სტატუსი ერთი წლის ვადით ენიჭებათ, თუმცა ის საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გახანგრძლივდეს.

რა შეღავათებით სარგებლობენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში 24 თებერვლამდე შემოვიდნენ?

უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შემოვიდნენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს თავშესაფრით, კვების ხარჯებით და გადაუდებელი სამედიცინო სერვისებით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის (პდფ ტურიზმი) თანახმად, ტურიზმის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს 2022 წლის 1 თებერვლიდან ამავე წლის 23 თებერვლის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული უკრაინელი მოქალაქეების მათთვის განკუთვნილ სასტუმროებში გადაყვანის, განთავსებისა და კვების ხარჯების ანაზღაურებას. 2022 წლის 29 მარტამდე მსგავსი დახმარება 522 ადამიანს გაეწია.

უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შემოვიდნენ საქართველოში, გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისების, ასევე COVID-19-ის ტესტირების, მკურნალობისა და ვაქცინაციის უსასყიდლოდ მიწოდებას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს (პდფ ჯანდაცვა). ამასთან, მათ შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო სოციალური სერვისებით (სოციალური მუშაკის მხარდაჭერა; ფსიქოლოგიურ-სოციალური სარეაბილიტაციო მომსახურების ცენტრი; არასრულწლოვანის შემთხვევაში: მინდობით აღზრდის პროგრამა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები; ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები და სხვა).

რაც შეეხება ქვეყანაში უკრაინის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკას, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის უფრო მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე უკრაინელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემების (პდფ საზღვრის კვეთა) თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან - 2022 წლის 20 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უკრაინის 11,007 მოქალაქე შემოვიდა. ამავე პერიოდში ქვეყანაში რუსეთის 35,028 და ბელარუსის 17,951 მოქალაქეა შემოსული.

საქართველოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით უკრაინის 49 მოქალაქემ მიმართა. ჯერჯერობით უკრაინის არცერთ მოქალაქეს არ მინიჭებია საერთაშორისო დაცვა (ლტოლვილის სტატუსი, ჰუმანიტარული სტატუსი, დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი). ამჟამად, აღნიშნულ პირებთან მიმართებით, მიმდინარეობს საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4017 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი