„სპუტნიკის“ (რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული გამოცემა) ქართულმა რედაქციამ [1] უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით გევორგ მირზაიანის „მოსაზრების“ ტიპის პროპაგანდისტული სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით - „ახალი მსოფლიო წესრიგის ზღურბლზე“. სტატია არაერთ ფაქტობრივ დეზინფორმაციას შეიცავს.

მტკიცება 1: რუსეთი არ ეწინააღმდეგება მეზობელ ქვეყნების ევროატლანტიკური არჩევანის გაკეთებას - კი ბატონო, ეს მათი უფლებაა. თუმცა ქვეყანამ უნდა გაიაზროს, რომ: ა) მას მოაკლდება რუსეთში არაერთი ეკონომიკური პერსპექტივა და ბ) ევროატლანტიკური არჩევანი არ უნდა გააიგივოს რუსოფობიურ პოლიტიკასთან

მტკიცება, თითქოს რუსეთი მეზობელი სახელმწიფოების მიერ ევროატლანტიკური არჩევანის გაკეთებას არ ეწინააღმდეგება, ტყუილია. უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთი 2021 წელს დასავლეთისადმი გამოქვეყნებულ უსაფრთხოების მოთხოვნებში ითხოვდა, რომ NATO-ს 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მიხედვით, უკრაინისა და საქართველოსთვის მიცემული დაპირება, რომ ისინი NATO-ს წევრები გახდებოდნენ, უკან წაეღო. ამასთან, რუსეთი NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის საზღვრებზე დაბრუნებას ითხოვდა. სხვა მიზეზებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული თავდასხმა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, საქართველოს მიერ ევროატლანტიკური არჩევანის გაკეთების წინააღმდეგ იყო მიმართული.

გარდა ოფიციალური დოკუმენტებისა, რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებს მეზობელი ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი წინააღმდეგობა საკუთარ განცხადებებში არაერთხელ აღუნიშნავთ. მაგალითად, ჯერ კიდევ 2014 წელს უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, მსგავსი პოზიცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - სერგეი ლავროვმა, გააჟღერა. ასევე 2021 წლის დეკემბერში ლავროვი მოითხოვდა, რომ უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხი მოხსნილიყო, რადგან, მისი თქმით, 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებოდნენ, ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურისთვის ნაღმს წარმოადგენდა.

ამავე განცხადებაში, ლავროვმა ასევე გარკვეულწილად აღიარა, რომ 2008 წლის ომი საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს უკავშირდებოდა, როდესაც განაცხადა, რომ ეს „ნაღმი“ 2008 წლის აგვისტოში აფეთქდა - „ერთხელ 2008 წლის აგვისტოში უკვე იფეთქა, როდესაც ნატოს პერსპექტივისგან აჟიტირებული სააკაშვილი ავანტიურაზე წავიდა, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა თავად საქართველოსთვის და ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციაც სახიფათო ზღვარზე მიიყვანა“.

უკრაინის NATO-ში გაწევრების საწინააღმდეგო განცხადება ლავროვმა 2022 წელსაც გააკეთა. უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას NATO-ს ლიდერებისა და უკრაინის ხელისუფლებისგან საჯაროდ ითხოვდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, CNN-თან 22 მარტის ინტერვიუში ღიად განაცხადა (14:10), რომ პრეზიდენტი პუტინი „... გაბრაზებულია უკრაინაში იმ ხალხზე, რომელსაც სურს, რომ NATO-ს ნაწილი იყვნენ...“.

გარდა ამისა, რუსეთი მეზობელი ქვეყნების არა მხოლოდ NATO-ში გაწევრიანების სურვილს, არამედ მათ ევროკავშირში ინტეგრაციასაც ეწინააღმდეგება. უკრაინაში 2014 წელს რუსეთის შეჭრის, ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას უკავშირდება. ევრომაიდანის გამოსვლების მიზეზი იმ დროს უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ, რუსეთის მოთხოვნით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა გახდა. მსგავსად, რუსეთი წინააღმდეგი იყო, რომ სომხეთს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. სომხეთის პრეზიდენტზე სერჟ სარქისიანზე ზეწოლით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების ნაცვლად, ერევანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას დათანხმდა.

გარდა ამისა, მოლდოვასთან მიმართებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი კიშინიოვის მხრიდან შესაძლო სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების მიმართ ნეიტრალიტეტის არსებული პოლიტიკის ცვლილებას მუქარით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსს სიტუაციაში ოფიციალური მოსკოვი ტირასპოლს მხარს დაუჭერს, რათა ამ უკანასკნელმა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავის ბედი. აღნიშნული კი გულისხმობს, რომ რუსეთი მოლდოვის NATO-ში გაწევრიანებასაც ღიად ეწინააღმდეგება.

უკრაინის, საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვის მაგალითებით ჩანს, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნების ევროატლანტიკური არჩევანის გაკეთებას ეწინააღმდეგა. მირზაიანის მტკიცებას თავად კრემლის ოფიციალური დოკუმენტები და განცხადებები აბათილებს.

მტკიცება 2: მსოფლიო გეოპოლიტიკური მიწისძვრა. ასე შეიძლება ეწოდოს რუსეთის სპეცოპერაციას უკრაინაში

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ავტორი რუსეთის უკრაინაში შეჭრას სპეცოპერაციას უწოდებს და არა ომს, რაც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ ნარატივს წარმოადგენს. პუტინი, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები და კრემლისტური მედია, უკრაინაში შეჭრას სწორედ „ოპერაციად“, „სამხედრო ოპერაციად“ ან „სპეცოპერაციად“ მოიხსენიებენ. მაგალითად, რუსეთში ინტერნეტის ცენზურის ორგანო „როსკომნადზორი“ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისთვის „შეჭრის“, „თავდასხმის“ ან ომის“ წოდებას კრძალავს (გამოყენების შემთხვევაში, ვებგვერდს დაბლოკავს). რუსეთში მედიისა და სკოლებისათვის გაცემულია მითითება, რომ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო მოქმედებებზე საუბრისას, ნაცვლად ომისა ან შეჭრისა, „სპეციალური ოპერაცია“ ან „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გამოიყენონ.

რეალურად, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი დაიწყო. საბრძოლო მოქმედებების მასშტაბი უბრალო სპეციალური ოპერაციის დონეს სცდება - რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა, დაახლოებით, 200 ათასი ჯარისკაცისგან შემდგარი საინტერვენციო კონტინგენტით. რუსეთი, ფაქტობრივად, ყველა სახის შეიარაღებას იყენებს, გარდა მასობრივი განადგურების იარაღისა (რუსეთს ჯერჯერობით ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი არ გამოუყენებია). მაგალითად, ფოსფორის ბომბებს, „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერით რაკეტებს და „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს, „კალიბრის“ რაკეტებს, ე.წ. „ვაკუუმის“ ბომბებს, კლასტერულ ბომბებს (საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლის წევრიც რუსეთი არაა, ამ ტიპის შეიარაღების გამოყენებას კრძალავს), სამხედრო ავიაციას (გამანადგურებლებს, ბომბდამშენებს, დამრტყმელ შვეულმფრენებს), არტილერიას (მაგალითად, „გრადის“, „სმერჩისა“ და „ურაგანის“ სარაკეტო კომპლექსებს), ტანკებსა და ჯავშანტექნიკას, s-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ა.შ. სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან უკვე ერთ თვეზე მეტია გასული და რუსეთი აღნიშნული ტექნიკით ბომბავს და შეტევა მიაქვს უკრაინის დიდ ქალაქებზე (უკრაინაში მიმდინარე ყველა სამხედრო ოპერაციის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ომის კვლევის ინსტიტუტის მასალებში).

ასევე, NATO-ის ინფორმაციით, უკრაინაში, დაახლოებით, 40 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა, დაიკარგა ან ტყვედ ჩავარდა. შესაბამისად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებები სცდება „სპეცოპერაციის“ მასშტაბებს და ის სრულმასშტაბიან ომს წარმოადგენს (მსგავსი მასშტაბის ომი 21-ე საუკუნეში ევროპაში არ ყოფილა).

გარდა უკრაინაში მიმდინარე ომის „სპეცოპერაციად“ მოხსენიებისა, ავტორი აგრეთვე იყენებს ტერმინს „ახლო საზღვარგარეთი“, რომელშიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს გულისხმობს, თუმცა აღნიშნული ტერმინის დამკვიდრებასაც კრემლი ცდილობს.

მტკიცება 3: ჩვენ შევეჩვიეთ, რომ დასავლური მასმედია, ფაქტობრივად, ამერიკული და ევროპული პროპაგანდის რუპორია. რომ მათთვის არსებობენ ცუდი ტერორისტები და კარგი ტერორისტები, იმისდა მიხედვით, თუ ვის მხარეს არიან ეს ტერორისტები

აღნიშნული ფრაზით ავტორი მიანიშნებს, რომ უკრაინა/უკრაინელები ტერორისტები არიან, რაზეც დასავლური მედია არ საუბრობს. რეალურად, კრემლისტური მედია უკრაინას და უკრაინის დამცველებს ტერორისტებად ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მოიხსენიებს. უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრა სწორედ რუსეთმა მოაწყო და ომის წარმოება მან დაიწყო. უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის ფარგლებში კი რუსეთი ქალაქებს და მშვიდობიან მოსახლეობასაც ბომბავს, მათ შორის - იყენებს კლასტერულ ბომბებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

გაერო-ს 24 მარტის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის შედეგად 1035 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, მათ შორის - 48 ბავშვი, დაიჭრა 1650 მოქალაქე, მათ შორის - 67 ბავშვი. შესაბამისად, რუსეთის მიერ დაწყებულ ომში, რომლის ფარგლებშიც რუსეთი ქალაქებს ბომბავს, მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებს ხოცავს, უკრაინისა და უკრაინის დამცველების ტერორიზმში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დადანაშაულება აბსურდულია და ყალბ ამბავს წარმოადგენს.

მტკიცება 4: ითვლებოდა, რომ მოსკოვი მოითმენდა, რომ მოსკოვი არ უპასუხებდა. უკრაინის ქეისმა აჩვენა, რომ პუტინის მოთმინებაც კი ოდესღაც მთავრდება. რომ რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა პირობითი კატა ლეოპოლდიდან იქცეს დათვად, რომელიც თავის ტაიგას იცავს, მაგრამ იცავს თავაზიანად და ცივილიზებულად

პირველ რიგში, ავტორი იტყუება, როდესაც წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი თავს იცავს ან „თავის ტაიგას“ (მის ტერიტორიას) იცავს. რუსეთმა უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრა განახორციელა. უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთი თავდამსხმელი და აგრესორია, ხოლო უკრაინა თავდაცვით საკუთარ ტერიტორიასა და მოსახლეობას აგრესორისგან იცავს.

ავტორი ასევე იტყუება, თითქოს პუტინი „იცავს თავაზიანად და ცივილიზებულად“. როგორც უკვე ნახსენებია, რუსეთი არ იცავს, არამედ თავს ესხმის უკრაინას. ხოლო აღნიშნულ თავდასხმას „თავაზიანობასა“ და „ცივილიზებულობასთან“ არავითარი საერთო არ აქვს. რუსეთი ბომბავს ქალაქებს ზემოთ ჩამოთვლილი შეიარაღებით, მათ შორის - კლასტერული ბომბებით, რაც მშვიდობიან მოსახლეობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და მშვიდობიანი მოსახლეობის და არასამხედრო სამიზნეების დაბომბვის შედეგად გაერო-ს 24 მარტის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის შედეგად 1035 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, მათ შორის - 48 ბავშვი, დაიჭრა 1650 მოქალაქე, მათ შორის - 67 ბავშვი. ამასთან, რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე მოსახლეობა ჰუმანიტარულ კრიზისში აღმოჩნდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მარიუპოლსა და ჩერნიჰივში - ორივე მათგანში დაახლოებით, 150 ათასი მოქალაქე იმყოფება, საჭმლისა და წყლის ნაკლებობის, ელექტროენერგიისა და სხვა საჭიროებების გარეშე. ხოლო რუსეთი აღნიშნულ ქალაქებში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ან ქალაქების ევაკუაციას ბლოკავს. რუსეთი მარიუპოლიდან ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობაზე რამდენჯერმე დათანხმდა, თუმცა პირობა პირნათლად არ შეასრულა და საევაკუაციო მარშრუტი დაბომბა.

მეტიც, მოქალაქეთა ნაწილი (რამდენიმე ათასი ადამიანი), რომელიც მარიუპოლის დატოვებას ცდილობდა, რუსეთმა გაიტაცა, დაატყვევა და რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანა, მათ შორის - 2300 ბავშვზე მეტი. ამასთან, Associated Press-სა და Frontline-ის პროექტის - „უკრაინაში ომის დანაშაულების გუშაგი“ (The War Crimes Watch Ukraine) - თანახმად, რუსეთმა მინიმუმ 34 საავადმყოფოზე, სასწრაფო დახმარების მანქანაზე, სამედიცინო პერსონალზე, პაციენტებსა და ახალშობილებზე განახორციელა თავდასხმა (რაც თავად Associated Press-მა გადაამოწმა და დაადასტურა; თითოეული თავდასხმის მტკიცებულება იხილეთ ბმულზე). მაგალითად, რუსეთმა მარიუპოლში სამშობიარო სახლი დაბომბა. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ომის დანაშაულები“ უწოდა.

შესაბამისად, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა, ქალაქების დაბომბვა, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების დახოცვა და ომის დანაშაულების ჩადენა „თავისი ტაიგის“ „თავაზიანად და ცივილიზებულად დაცვას“ ცალსახად არ წარმოადგენს და „სპუტნიკზე“ გამოქვეყნებული სტატიის აღნიშნული მტკიცებაც ყალბი ამბავია.

--------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] „სპუტნიკის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ მასალაში


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი