არჩილ ჩიქოვანი: ჩვენ დავიწყეთ ბაგრატიონის ქუჩის კაპიტალური რეკონსტრუქცია, რასაც, დაახლოებით, 11-თვიანი პერიოდი დასჭირდება

ვერდიქტი: არჩილ ჩიქოვანის დაპირება არ შესრულდა.

განცხადება: „ჩვენ დავიწყეთ ბაგრატიონის ქუჩის კაპიტალური რეკონსტრუქცია, რასაც, დაახლოებით, 11-თვიანი მონაკვეთი დასჭირდება. ეს არის გარდამავალი პროექტი. მისი საერთო ღირებულება 9 მლნ ლარზე მეტია. ძველი და დაზიანებული ფილების ნაცვლად, მოეწყობა ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი... გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გვექნება სრულიად კეთილმოწყობილი და რეაბილიტირებული ბაგრატიონის ქუჩა.“

რეზიუმე: ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ჩიქოვანმა 2021 წლის აპრილში გაავრცელა. მან საზოგადოებას აცნობა, რომ პროექტი, რომლის საერთო ღირებულებაც 9 მლნ ლარზე მეტია, თერთმეტ თვეში დასრულდებოდა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი ვერ განახორციელა. თერთმეტ თვეში შპს „ზიმო-7-მა“ მხოლოდ 2 704 842 ლარის სამუშაოები შეასრულა. ხელშეკრულების თანახმად, რეაბილიტაცია 2022 წლის 15 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მიმწოდებელი გრაფიკს ჩამორჩებოდა, ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ მასთან ხელშეკრულება მხოლოდ 2022 წლის 28 თებერვალს გაწყვიტა.

ხელშეკრულების გაწყვეტის მომენტიდან პროექტის დასრულების ვადამდე დარჩენილი იყო მხოლოდ ასი კალენდარული დღე. ამ მომენტისთვის, სამუშაოების მხოლოდ 30%-ია შესრულებული. ბაგრატიონის ქუჩის მოსახლეობა, კომერციული ობიექტების მფლობელები და მძღოლები, თითქმის ერთი წელია, შექმნილ დისკომფორტს იტანენ და ამასთანავე, მატერიალურად ზარალდებიან.

ბაგრატიონის ქუჩაზე არსებული მდგომარეობის შესახებ სიუჟეტი სამაუწყებლო კომპანია TV 25-მა მოამზადა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, ბათუმის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში სამუშაოების მოცულობა დაკორექტირდება და მისი განხორციელების მიზნით, ახალი ტენდერი გამოცხადდება.

ანალიზი:

2021 წლის 19 აპრილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა: „ჩვენ დავიწყეთ ბაგრატიონის ქუჩის კაპიტალური რეკონსტრუქცია, რასაც, დაახლოებით, 11-თვიანი მონაკვეთი დასჭირდება. ეს არის გარდამავალი პროექტი. მისი საერთო ღირებულება 9 მლნ ლარზე მეტია. ძველი და დაზიანებული ფილების ნაცვლად, მოეწყობა ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი... გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გვექნება სრულიად კეთილმოწყობილი და რეაბილიტირებული ბაგრატიონის ქუჩა.“

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამუშაოებს შპს „ზიმო-7“ ასრულებდა. მან 11 867 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერში ყველაზე დაბალი ფასით (8 646 646 ლარი), შვიდ პრეტენდენტს შორის გაიმარჯვა. კომპანიამ სავარაუდო ღირებულება 27%-ით გააიაფა. ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურების ინსპექტირება შპს „ზაისი და კომპანიამ“ ჩაატარა და დაასკვნა, რომ აღნიშნულ ფასად სამუშაოების შესრულება, დარიცხვებისა და დღგ-ის ჩათვლით, შესაძლებელი იყო.

შპს „ზიმო-7-თან“ ხელშეკრულება 2021 წლის 26 მარტს გაფორმდა. პროექტის დასრულების საბოლოო ვადად 2022 წლის 15 ივნისი განისაზღვრა. ხელშეკრულებაში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა, რაც შემსყიდველის მხრიდან შესრულებული სამუშაოების კონტროლს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია პროექტის განხორციელების გრაფიკს არღვევდა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე, ვადის ცვლილებასთან დაკავშირებით, არც ერთი დოკუმენტი არ ატვირთულა.

მიმდინარე წლის 28 თებერვალს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილმა ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ მიმწოდებელთან ხელშეკრულება შეწყვიტა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვის განმავლობაში, კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 30% შეასრულა, რაც, ჯამში, 2 704 842 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულებამდე დარჩენილ ას კალენდარულ დღეში კი შესასრულებელია 5 941 781 ლარის სამუშაოები, რაც მიუთითებს მუშაობის დაბალ ტემპზე. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შემსყიდველმა და ზედამხედველმა მიმწოდებელი სიტყვიერად და წერილობით არაერთხელ გააფრთხილეს. როგორც ფაქტ-მეტრის მიერ შესწავლილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, მერიამ, მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად, რამდენიმე დღით, სამუშაოები საერთოდ არ მიმდინარეობდა, ამასთანავე, დარღვეული იყო უსაფრთხოების წესები, ადეკვატური რეაგირება არ მოახდინა. ეს მაშინ, როცა 2021 წლის აპრილში ბათუმის მერმა საჯაროდ განაცხადა, რომ პროექტი თერთმეტ თვეში დასრულდებოდა, მანამდე კი დისკომფორტი შეიქმნებოდა, რისთვისაც ჩიქოვანმა მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს ბოდიში მოუხადა. თუმცა დაჰპირდა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბაგრატიონის ქუჩა სრულიად კეთილმოწყობილი იქნებოდა.

რეგიონული სამაუწყებლო კომპანია TV 25-ის მიერ 24 მარტს გავრცელებული სიუჟეტიდან აშკარად ჩანს, რომ დისკომფორტი დღემდე გრძელდება და სიტუაცია ყოველდღიურად უფრო მძიმდება. გარდა იმისა, რომ შექმნილი ვითარება რთული ასატანია როგორც ფეხით, ისე ტრანსპორტით მოძრაობისას, ფინანსურად დაზარალდნენ ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარედ არსებული კომერციული ობიექტების მეპატრონეები და იქ დასაქმებული ადამიანები. ზარალდებიან ასევე ავტომობილების მფლობელები, რომლებსაც აღნიშნულ გზაზე გადაადგილება უწევთ.

აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლიდან მოკლე დროში, ბათუმის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ამ ეტაპისთვის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის ექსპერტიზა. მიღებული დასკვნის საფუძველზე, დაკორექტირდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ახალი ტენდერი გამოცხადდება.

ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, ქალაქის ბიუჯეტიდან აქამდე გაწეული ხარჯი შესრულებული სამუშაოების ადეკვატური არ აღმოჩნდეს. ამასთანავე, დისკომფორტი და ზარალი, რომელიც მოქალაქეებს მიადგათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ფაქტია, რომ აღნიშნული პროექტით მოსახლეობამ ის სიკეთე ვერ მიიღო, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა დაიხარჯა.

რაც შეეხება შპს „ზიმო-7-ს“, ის 2010 წელს დაფუძნდა. მისი წილების მფლობელები არიან: შპს „ზიმო“ (25%), მარინე მანგალაძე (73%), ამირან ბერიძე (1%) და ანზორ აზნაურიშვილი (1%). მარინე მანგალაძეს 2012 წელს 15 000 ლარი გადარიცხული აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამირან ბერიძემ, 2017 წელს, 10 000 ლარი „ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს“ შესწირა.

აღსანიშნავია, რომ „ზიმო-7-ის“ 25%-იანი წილის მფლობელ კომპანია „ზიმოს“ წილები ექვს პირზე აქვს გადანაწილებული. აქედან 13%-ს ზურაბ კიკნაძე ფლობს. ის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გადარიცხვებს 2012 წლიდან ახორციელებს. პირველი შემოწირულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გააკეთა, 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო 2019-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“, ჯამში, 145 000 ლარი შესწირა. 18 000 ლარის შემოწირულება განხორციელებული აქვს მეორე 13%-იანი წილის მფლობელს ილია ქავთარაძეს. აქედან 5 000 ლარი - ენმ-სთვის და 13 000 ლარი - „ქართული ოცნებისთვის“. ხელისუფლების სათავეში მყოფ პარტიებს 49 996 ლარი გადაურიცხა „ზიმოს“ 13%-ის მფლობელმა ლევან მარშანიამაც. აქედან 4 996 ლარი - 2012 წელს წინა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, ხოლო 2020-2021 წლებში 45 000 ლარი - „ქართულ ოცნებას“. 2012 წელს ენმ-ს 5 000 ლარი კომპანიის კიდევ ერთმა მფლობელმა, გია უროტაძემ გადაურიცხა. მანვე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, 2019-2021 წლებში, თანხა ხუთჯერ გაიღო, ჯამში - 87 000 ლარის ოდენობით. 2020-2021 წლებში 65 000 ლარი, ასევე დღევანდელი მმართველი პარტიის სასარგებლოდ, გადარიცხული აქვს ალექსანდრე მაღრაძეს, „ზიმოს“ 13%-ის მფლობელს. აღნიშნული კომპანიის ყველაზე დიდ წილს, 35%-ს იოსებ თარხნიშვილი ფლობს. ის საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. უნდა ითქვას, რომ როგორც „ზიმოს“, ისე „ზიმო-7-ს“ მრავალმილიონიანი ტენდერები აქვთ მოგებული.

ინფორმაციისთვის: ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“ ბათუმის მერიამ 2019 წელს შექმნა. ამ მოკლე ხანში მისი დირექტორი რამდენჯერმე შეიცვალა. ორგანიზაციას ჯერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი სულხან ევგენიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ახლა ბათუმის მერიის სხვა ორგანიზაციის, შპს „სანდასუფთავების“ დირექტორია. შემდეგ - ალექსანდრე მჟავანაძე. ამ ეტაპზე კი კეთილმოწყობის სამმართველოს აკაკი ბერიძე ხელმძღვანელობს. საინტერესოა, რომ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, ცხრას მინიჭებული აქვს სტატუსი „შეუსრულებელი“. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე „ფაქტ-მეტრი“ 2021 წელსაც წერდა.


რედაქტორის შენიშვნა:
ფაქტ-მეტრმა „ზიმო-7-ის“ მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დარეკა. საუბრის დასაწყისში უცნობმა პირმა დაგვიდასტურა, რომ კომპანიის წარმომადგენელია, თუმცა, როცა ვუთხარით, რომ ბაგრატიონის ქუჩის პროექტის თაობაზე გვსურდა კითხვის დასმა, ჩვენთან კომუნიკაცია არ ისურვა და გვითხრა, რომ კომპანიაში აღარ მუშაობს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი