2022 წლის 21 მარტს Facebook-მომხმარებელი Steppen Wolf აქვეყნებს ვიდეოს აღწერით: „დღევანდელი მსოფლიო ერთი დიდი სცენაა. ნუ მოექცევი მათი პროპაგანდის ქვეშ! ნუ მისცემ მათ უფლებას შენით მანიპულირების! გაიღვიძე,გამოფხიზლდი!“. ვიდეო-კოლაჟი, რომელიც თავდაპირველად natly.denise-ის Instagram-ანგარიშზე გამოჩნდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დროს გავრცელებულ კადრებს მოიცავს, რომელთა შესახებ ვიდეოს შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ისინი ომის სინამდვილეს არ ასახავს და დასავლეთის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციას წარმოადგენს.

მტკიცება 1 : [აფეთქების შედეგად დანგრეული შენობის ფოტო 2018 წლით თარიღდება და გადაღებულია რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში გაზის აფეთქების დროს]

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

უკრაინის ქალაქ ხარკოვის სამხრეთში რუსეთის მიერ შენობის დაბომბვის ამსახველი კადრების შესახებ ყალბი ინფორმაცია სხვადასხვა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2). მოცემულ შემთხვევაში, ხარკოვში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოყენებულია ფოტო, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს ხარკოვში რუსეთის მიერ შენობის აფეთქების კადრებს დანამდვილებით ასახავს, თუმცა, მომხმარებლის მცდარი მტკიცებით, ფოტოზე 2018 წელს რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში მომხდარი აფეთქებაა ნაჩვენები და გავრცელებული კადრები უკრაინულ დეზინფორმაციას წარმოადგენს.

სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება და ის დასავლური მედიასაშუალებების დისკრედიტაციასა და უკრაინასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულებას ისახავს მიზნად.

ღია წყაროების (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4) მიერ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ რუსმა სამხედროებმა 24 თებერვალს ხარკოვში არსებული საცხოვრებელი შენობა ნამდვილად ააფეთქეს, ხოლო შენობის ნანგრევების კადრები, რომლებიც ამ მოვლენის აღწერისას გამოქვეყნდა, რეალობას ასახავს და 2018 წლის მაგნიტოგორსკის აფეთქებასთან არაფერი აქვს საერთო. ამავდროულად, შენობა, რომელიც 2018 წელს რუსეთში გაზის აფეთქების შედეგად განადგურდა, ვიზუალურად რუსეთის მიერ ხარკოვში აფეთქებული შენობისგან სრულიად განსხვავდება.

აღნიშნული დეზინფორმაცია ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Factandfurious-მაც გადაამოწმა, რომლის თანახმად, გავრცელებული ფოტო უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ ხარკოვში განხორციელებული აფეთქების ადგილას არის გადაღებული.

მტკიცება 2: [ ამერიკული სამაუწყებლო კომპანია CNN ავრცელებს ყალბ ინფორმაციას ამერიკელი ჟურნალისტის უკრაინაში გარდაცვალების შესახებ ]

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ნაჩვენებია ამერიკული სამაუწყებლო კომპანია CNN-ის გაყალბებული ანგარიშების პოსტები ტვიტერზე, სადაც საუბარია ამერიკელი ჟურნალისტის ვინმე „ბერნი გორესის“ უკრაინაში გარდაცვალებაზე. ვიდეოკოლაჟის შემქმნელი ყალბ ანგარიშებზე დაყრდნობით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ დასავლური მედიასაშუალებები, მათ შორის CNN, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

ამავე მოვლენას გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე დიმიტრი პოლიანსკიც გამოეხმაურა, რომელმაც მეინსტრიმული მედია ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. თუმცა, მტკიცებულება, რომელზეც პოლიანსკიმ მიუთითა, თავისთავად ყალბი იყო - Twitter პოსტები CNN-ის გაყალბებული და არა ოფიციალური გვერდებიდან იყო გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, პოლიანსკიმ ტვიტერზე განთავსებული პოსტი წაშალა.

ერთ-ერთი პოსტში, რომელსაც რუსული დეზინფორმაცია ეყრდნობა და რომელიც 2021 წლის აგვისტოთი თარიღდება, გამავრცელებელი „CNN Afghanistan“-ია. პოსტში ნათქვამია, რომ ჟურნალისტი, სახელად ბერნი გორესი, ქაბულში თალიბებმა სიკვდილით დასაჯეს. მეორე პოსტში, რომელიც 2022 წლის 23 თებერვლით თარიღდება, გამავრცელებელი „CNN Ukraine“-ია. ეს უკანასკნელი წერს, რომ აქტივისტი, სახელად ბერნი გორესი, იყო „უკრაინის კრიზისის პირველი ამერიკელი მსხვერპლი“, რომელიც „რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების ნაღმს ემსხვერპლა“. ამდენად, ყალბი ანგარიშების მიერ გამოქვეყნებული პოსტები ერთი და იმავე პიროვნების გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა დროსა და ადგილს მიუთითებდნენ.

სინამდვილეში, ოფიციალური CNN-ის განცხადებით, რომელიც გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა, ორივე ტვიტი ვინმე „ბერნი გორესის“ გარდაცვალების შესახებ, არის გაყალბებული და არ არის დაკავშირებული CNN-თან. „CNN Ukraine“ და „CNN Afghanistan“-ის ანგარიშები CNN-ს არ ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ Twitter-ზე დასახელებული ანგარიშები დახურულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყალბი CNN Ukraine-ს ანგარიში ერთი თვის წინ შეიქმნა და მხოლოდ 129 მიმდევარი ჰყავდა. ბუნებრივია, ნამდვილი CNN-ის ანგარიშებისგან განსხვავებით, მას არ ჰქონდა ვერიფიკაციის ნიშანიც. ამავდროულად, ფოტოზე გამოსახული პიროვნება არ არის გარდაცვლილი და მისი სახელი არა ბერნი გორესი, არამედ ჯორდი ჯორდანია, რომელიც Youtube-ზე ცნობილი მოთამაშე და პოდკასტერია.

აღნიშნული დეზინფორმაცია ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა გადაამოწმეს, მათ შორის, Reuters-მა, Factcheck.org-მა, usatoday-მ. Reuters-თან მიმოწერისას კი CNN–ის სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა, მეთ დორნიკმა დაადასტურა, რომ ინფორმაცია, თითქოს CNN-მა ყალბი ამბავი გაავრცელა, არის გამოგონილი („absolute fiction“) და სიმართლეს არ შეესაბამება.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი