21 მარტს Facebook-გვერდმა „ძალა სიმართლეშია“ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:

„ცესკომ ტენდერი გამოაცხადა წევრებისთვის ძალიან ძვირადღირებულ პისტოლეტებზე!!!

გადაწყვიტეს პირდაპირ ბიუჯეტიდან იყიდონ 7500 ლარიანი პისტოლეტები თითო ცესკოს წევრზე. ამ ხალხმა ვერ გაიგო რომ ეს ფული ჩვენია!!!

რა გემუქრებათ, ვისგან იცავთ თავს?! რისთვის გჭირდებათ ამხელა ფასიანი იარაღები?! სირცხვილია ეს ყველაფერი!!!“

ტექსტს ასევე თან ერთვის სურათიც, რომელზეც, თითქოს ცესკო-ს მიერ აღნიშნული ტენდერის გამოცხადების მტკიცებულებაა:

რეალურად, ფოტოზე გამოსახულ ინფორმაციაში ცესკო-ს მიერ ტენდერის გამოცხადების/ჩატარების არავითარი დოკუმენტაცია არაა მოცემული. დოკუმენტაციაში მოცემული ტექსტი თითქმის სრულად დაბურულია და შესაბამისად, ფოტოდან შეუძლებელია, დადგინდეს, თუ კონკრეტულად რა დოკუმენტია წარმოდგენილი ან ავთენტურია, თუ - არა ის. ტექსტის დაბურვა, სავარაუდოდ, ფოტოს გაყალბებაზე მიუთითებს.

სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებული ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზეა ასახული. აქ რეგისტრირდება ყველა ახლად გამოცხადებული და ასევე უკვე დასრულებული ტენდერი. ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პისტოლეტების შესაძენად ტენდერი გამოცხადებული არ აქვს, ასევე ამ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული ტენდერების სავარაუდო ღირებულება ფოტოზე მითითებულ ფასს არ ემთხვევა:

ამდენად, „ძალა სიმართლეშია“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ყალბი ამბავია.

ამასთან, საყურადღებოა, რომ Facebook-გვერდი „ძალა სიმართლეშია“ ცესკო-ს საწინააღმდეგო დეზინფორმაციას 2021 წლის არჩევნების პერიოდშიც ავრცელებდა (მაგალითად, იხილეთ სტატია 1, სტატია 2). აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდი „ძალა სიმართლეშია“ გასულ წლებში, მათ შორის - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ძირითადად ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციით იყო დაკავებული. ხოლო 2021 წლის სექტემბრიდან კი ყალბ ინფორმაციას, ძირითადად, ცესკო-ს საწინააღმდეგოდ ავრცელებს. საინტერესოა, რომ „ძალა სიმართლეშია“-ს მიერ გავრცელებული ერთ-ერთი დეზინფორმაციის შესახებ განცხადება ცესკო-ს ინფორმაციის დაცულობის ცენტრმაც გაავრცელა.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი