ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევასრულეთ აქამდე მოქმედი ყველა პოლიტიკური შეთანხმება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძე განცხადებაში ყურადღებას მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან დადებულ შეთანხმებებზე ამახვილებს. ხოლო საზოგადოებასთან დადებულ საჯარო პირობას, რომელიც თავისი შინაარსით შეთანხმებას წარმოადგენს, ყურადღების მიღმა ტოვებს. 2019 წლის 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე განცხადება გააკეთა. ივნისში გაცემული დაპირება - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის პირველი მასშტაბური პოლიტიკური შეთანხმება იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა.

„ქართულმა ოცნებამ“ 8 მარტისა და 19 აპრილის შეთანხმებები მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. 8 მარტის შეთანხმებიდან შეუსრულებელი დარჩა კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ნაწილი. ხოლო, 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმის პუნქტები შეასრულა ნაწილობრივ. ამასთან, საყურადღებოა, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი ამ დრომდე შეუსრულებელია. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული პუნქტები არაჯეროვნად შესრულდა, რის გამოც, კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მნიშვნელობა ფაქტობრივად დაიკარგა. რაც შეეხება ძალაუფლების დანაწილების საკითხს, იგი არ შესრულებულა.

ანალიზი:

2022 წლის 10 თებერვალს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. გასული წლის პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური შეთანხმება შეასრულა - „ჩვენ შევასრულეთ აქამდე მოქმედი ყველა პოლიტიკური შეთანხმება, ასეთი იყო ორი. პირველი იყო 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ყველა პუნქტში ზედმიწევნით შევასრულეთ და უფრო მეტიც, გადაჭარბებით შევასრულეთ, მე ვიტყოდი. მეორე იყო 19 აპრილის შეთანხმება, სადაც შესრულდა ყველა ის პუნქტი, რომელიც აქტუალური იყო მის ანულირებამდე და რამ გამოიწვია ანულირება ყველამ ვიცით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და სხვა, 3 ბარიერ გადალახული პარტიის მიერ 100 დღის განმავლობაში შეთანხმებაზე ხელის არ მოწერამ. ვიდრე მოქმედებდა ესა თუ ის პოლიტიკური შეთანხმება, ჩვენ არცერთი შეთანხმების შესრულებაზე არ გვითქვამს უარი. 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდა, 19 აპრილი შესრულდა იქამდე, ვიდრე მოქმედებდა.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძე განცხადებაში ყურადღებას მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან დადებულ შეთანხმებებზე ამახვილებს. ხოლო საზოგადოებასთან დადებულ საჯარო პირობას, რომელიც თავისი შინაარსით შეთანხმებას წარმოადგენს, ყურადღების მიღმა ტოვებს.

2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის სავარძელში რუსი დეპუტატის ჩაჯდომამ მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. ამ ფაქტს იმავე საღამოს პარლამენტის წინ აქციის გამართვა, პოლიციას და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირება და ხელისუფლების მხრიდან, პროტესტის ძალისმიერი გზით დაშლა მოჰყვა. სწორედ, აღნიშნულის საპასუხოდ, 21 ივნისს ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხოლო 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე განცხადება გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბრიდან დაიწყო და საყოველთაო სახალხო განხილვაც ჩატარდა, 2019 წლის 14 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ჩააგდო. მმართველმა გუნდმა პროექტის ჩავარდნა „ამბოხებულ“ დეპუტატებს „დააბრალა“, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის აზრი არ გაითვალისწინეს და პროპორციული სისტემის წინააღმდეგ წავიდნენ.

კანონპროექტის ჩაგდებასა და პირობის შეუსრულებლობას საპროტესტო აქციები, დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ოპოზიციონერების მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმეების განახლება მოჰყვა, რაც საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. სწორედ, ზემოხსენებულ მოვლენებს მოჰყვა მმართველ ძალასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ე.წ. „8 მარტის შეთანხმების“ გაფორმება.

აღნიშნულის გათვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2019 წლის 24 ივნისს გაცემული დაპირება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, პირველი მასშტაბური პოლიტიკური შეთანხმება იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა.

ე.წ. „8 მარტის შეთანხმება“

2019 წლის 14 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და მათ მიერ ივნისში გაცემული დაპირება არ შეასრულა. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. საბოლოოდ, 2020 წლის 8 მარტს ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. გარდა ამისა, მხარეებმა სასამართლოს აპოლიტიკურობასა და მართლმსაჯულების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ამასთან, ოპოზიციის განმარტებით, აღნიშნული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას გულისხმობს. მათივე თქმით, შეხვედრაზე გაჟღერდა კონკრეტული გვარები - უგულავა, ოქრუაშვილი, თამლიანი, რურუა და სავარაუდო სამართლებრივი მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხსენებულ პირებს გაათავისუფლებდნენ. შეთანხმების მეორე ნაწილს სხვაგვარად განმარტავდნენ „ქართულ ოცნებაში“ და ამბობდნენ, რომ ჩანაწერი ზოგადი ხასიათის იყო, რითაც მმართველი გუნდი უბრალოდ იმის პასუხისმგებლობას იღებდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მოტივით დევნა არ იარსებებდა.

მოგვიანებით, „ფაქტ-მეტრმა“ 8 მარტის შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაცია საკუთარი კონტაქტების მეშვეობითაც გადაამოწმა. არა ერთმა წყარომ დაგვიდასტურა, რომ შეხვედრის დროს გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით მოლაპარაკება იყო და შეთანხმებაც შედგა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ უარყოფდა 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში, კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე შეთანხმებას, 2020 წლის 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

პრეზიდენტის ქმედებით, 8 მარტის შეთანხმების არაფორმალური ნაწილი ნაწილობრივ შესრულდა, თუმცა არა გიორგი რურუასთან დაკავშირებით. „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ შეასრულა. ამაზე ასევე მიუთითებს 2020 წლის 29 ივნისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება. 29 ივნისს პარლამენტმა ახალი საარჩევნო სისტემისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ცვლილებების მიღებისა, „8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში“.

19 აპრილის შეთანხმება

2021 წლის 19 აპრილს ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები დასრულდა. პარტიებმა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ 5-პუნქტიან გეგმას, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზის დასრულება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება იყო. 19 აპრილის შეთანხმება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება და პარლამენტში ძალაუფლების განაწილება.

მოგვიანებით, 2021 წლის 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შეთანხმებიდან გასვლის ოფიციალურ მიზეზად მმართველმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთანხმებაზე ხელის არ მოწერა დასახელდა.

ირაკლი კობახიძე 19 აპრილის შეთანხმების შესრულებაზე საუბრისას მხოლოდ 28 ივლისამდე პერიოდს განიხილავს, შესაბამისად, ქვემოთ საუბარი მხოლოდ ამ პერიოდს შეეხება.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი თავი კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმას ეთმობა. მასში აღნიშნულია, რომ „ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა...“ და ჩამოთვლის სხვადასხვა პუნქტს, რომელთა შორის შემდეგი პუნქტებიცაა: „ბ) პარლამენტს უნდა წარედგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს“.

19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეჩერებულიყო იმ დრომდე, სანამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდებოდა. 28 აპრილს ვენეციის კომისია კანონში შეტანილ ცვლილებებს მიესალმა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პროცესის შემდგომ გაგრძელებამდე, საჭირო იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება და მოსამართლეობის კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის ხელახლა ჩატარება. აღსანიშნავია, რომ დასახელებული რეკომენდაციები მმართველ გუნდს არ შეუსრულებია. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა (ODIHR) და ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებები პირდაპირი მიუთითებს, რომ 19 აპრილის შეთანხმება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას გულისხმობს და შესაბამისად, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის დანიშვნა ამ შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ 19 აპრილის შეთანხმებამდე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელსაც „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებად მიიჩნევს, „შარლ მიშელის შეთანხმების“ შინაარსსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება (უფრო ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 8 მარტისა და 19 აპრილის შეთანხმებები მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. 8 მარტის შეთანხმებიდან შეუსრულებელი დარჩა კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის ნაწილი. ხოლო, 19 აპრილის შეთანხმებიდან ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმის პუნქტები შეასრულა ნაწილობრივ. ამასთან, საყურადღებოა, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი ამ დრომდე შეუსრულებელია. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული პუნქტები არაჯეროვნად შესრულდა, რის გამოც, კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მნიშვნელობა ფაქტობრივად დაიკარგა. რაც შეეხება ძალაუფლების დანაწილების საკითხს, იგი არ შესრულებულა. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი