რუსული მედია და სახელმწიფო პროპაგანდა უკრაინის სახელმწიფოს ნაცისტურად და ფაშისტურად წარმოაჩენს. უკრაინის დისკრედიტაციის აქტიური კამპანია ჯერ კიდევ 2014 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში ომი წამოიწყო. კრემლის პროპაგანდის მთავარი მიზანია, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინა როგორც „ნეონაცისტების ბუდე“ და „ბანდიტების სახელმწიფო“, ისე დაანახოს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგრესიულ რიტორიკას უკრაინის წინააღმდეგ ხშირად იყენებს. კერძოდ, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლებში მან განაცხადა: რომ „უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობა აჩვენებს, რომ რუსეთი დაუპირისპირდა ნეონაცისტებს". ასევე, პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ კიევში დასახლებულ „ნარკომანთა და ნეო-ნაცისტთა ბანდასთან“ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის არ სჯერა. რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინელ სამხედროებს მიმართადა მოუწოდა მათ, ქვეყანაში ძალაუფლება საკუთარ ხელში აეღოთ. მსგავსი განცხადება პუტინმა 2021 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზეც გააკეთა: „რაც ახლა დონბასში ხდება, ძალიან მოგვაგონებს გენოციდს“ და „ნეო-ნაცისტების“ ქმედებები უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების დანაშაულებს შეადარა.

კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამხმოვანებელმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ „რუსოფობიური ნაციზმი განსაკუთრებულ როლს თამაშობს უკრაინის პოლიტიკურ ლანდშაფტში... ახლა უკრაინის ნაცისტები ღიად იმეორებენ ყველა რიტუალს, რომელსაც ახორციელებდნენ მათი „სულიერი წინაპრები": ისინი ხელებს აღმართავენ „რომაულ მისალმებაზე“, იყენებენ „სვასტიკებს“, რუნულ და კელტურ სიმბოლოებს, ასწავლიან ბავშვებს იარაღის გამოყენებას. ინტერნეტსივრცე სავსეა უკრაინელი ნეონაცისტების მომზადებისა და ვარჯიშების ამსახველი ვიდეოებით. უკრაინის ნაცისტების არსებობა არ არის მითი, არამედ ეს არის რეალური, უგულებელყოფილი და ხელოვნურად მხარდაჭერილი დაავადება, რომელიც იწვევს უფრო და უფრო მეტ ბოროტებას“.

კრემლის ანტიუკრაინული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებაა, რომ უკრაინა არის ნაცისტური, ფაშისტური სახელმწიფო, რომელიც ეროვნულ საფუძველზე მოქალაქეთა უფლებებს ლახავს და ხალხს, უკრაინულის გარდა, სხვა ენებზე საუბარს უკრძალავს.

თუმცა, მსოფლიო საზოგადოებაში ამ საკითხზე მკაფიო კონსენსუსი ჩამოყალიბდა - უკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსული პროპაგანდის მიერ გამოგონილ „ნაცისტური სახელმწიფოს“ იმიჯთან და აღნიშნულის დასტურია არაერთი მაღალი რანგის ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მტკიცებას, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ნაციზმთან და ფაშიზმთან ბრძოლას ისახავს მიზნად, ცრუ ბრალდებები უწოდა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ასევე გამოეხმაურა პუტინის შეფასებას დონბასში გენოციდთან დაკავშირებით და 2022 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მან ამ ბრალდებებს „სასაცილო“ უწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომლის მამინაცვალი ჰოლოკოსტს გადაურჩა, გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ „რუსეთს შეუძლია ეს მოვლენა, შეაფასოს როგორც ეთნიკური წმენდა ან გენოციდი, ამით დასცინის იმ კონცეფციას, რომელსაც ჩვენ ამ დარბაზში მსუბუქად არ ვუყურებთ და არც მე ვუყურებ მსუბუქად, ჩემი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე“.

უკრაინის ხელისუფლების მხრიდან „გენოციდის დანაშაულის ჩადენის“ შესახებ აქტიური რიტორიკის მიუხედავად, რუსეთმა ამ „დანაშაულის“ დადასტურება ვერ შეძლო. ამას ადასტურებს სრულიად რუსეთის ოფიცერთა კრების განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „კიევის მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ჩადენილი გენოციდის საკითხი არც გაეროში და არც ეუთოში დღის წესრიგში არ დაყენებულა“.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატური განადგურება მოხდა. ეუთოს მისიას, რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან მუშაობს, უკრაინის მიერ დონბასის მოსახლეობის გენოციდის ფაქტის დამადასტურებელი ფაქტები არ უპოვია.

არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი ან შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომელიც მხარს უჭერს მოსკოვის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი ან ეთნიკური რუსი მაცხოვრებლები დევნიან, რომ აღარაფერი ვთქვათ, უკრაინის ხელისუფლების მიერ „ჩადენილ გენოციდზე“. ეს დასტურდება ევროპის საბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და ეუთოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში.

ამ კონტექსტში, ასევე მნიშვნელოვანია, უკრაინაში ბოლო ათწლეულის პოლიტიკური ვითარების მიმოხილვა.

მას შემდეგ, რაც 2013 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, უკრაინაში სახალხო პროტესტი დაიწყო. კიევის ცენტრალურ მოედანზე მიტინგების მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა პროდასავლური კურსის შენარჩუნება, კორუფციის აღმოფხვრა და რიგი სხვა დემოკრატიული რეფორმების გატარება იყო.

კრემლის პროპაგანდა აქტიურად ავრცელებს „ფერადი რევოლუციის“ შეთქმულების თეორიას, რომლის მიხედვითაც, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ნებისმიერი პროტესტი, რომელიც კრემლის ინტერესებში არ ჯდება, მოსკოვისთვის არალეგიტიმურია და ადგილობრივი ხელისუფლების თუ რუსეთის დასუსტებისთვის „დასავლეთის გეგმის“ ნაწილია.

2014 წლის მაიდნის გამოჩენილ ლიდერებს შორის, პეტრო პოროშენკოს გვერდით, წინა პლანზე უკიდურესი მემარჯვენეები ოლეგ ტიაგნიბოკი და დიმიტრი იაროში („მარჯვენა სექტორის“ წარმომადგენელი) იყვნენ. ეს და სხვა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები 2014 წლის დემონსტრაციების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ, თუმცა მათი რეიტინგები 2014 წლიდან სტაბილურად იკლებს. მაგალითად, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში ულტრა-ნაციონალისტურმა პარტიებმა ერთიანი ბლოკი შექმნეს, თუმცა მათ მხოლოდ 2.3.% მოპოვება შეძლეს. აღნიშნული აჩვენებს, რომ ულტრამემარჯვენე ძალები ფაქტობრივად უკრაინული პოლიტიკური სპექტრის მარგინალურ პოზიციებზე არიან.

მიუხედავად რუსული მხარის ბრალდებებისა, უკრაინის პოლიტიკური სისტემა, თავისი ყველა აშკარა ნაკლოვანებით, ზოგადად იცავს დემოკრატიულ პრინციპებს და პირველ რიგში - ხელისუფლების შეცვლის საკითხს. მემარჯვენე ნაციონალისტურ იდეოლოგიას არ აქვს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ქვეყნის მოსახლეობისთვის უცხოა. კერძოდ, 2019 წელს უკრაინულმა ნაციონალისტურმა პარტიებმა და რადიკალურმა ორგანიზაციებმა უკრაინის პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატი წარადგინეს, თუმცა ეს ინიციატივა წარუმატებელი აღმოჩნდა - საბოლოოდ მან ხმების მხოლოდ 1,6% მიიღო.

რუსული პროპაგანდის ბრალდებები უკრაინის სახელმწიფოს ანტისემიტიზმზე ნაციზმის ბრალდებების განუყოფელი ნაწილია.

თუმცა ამ მოსაზრებას - არც ნაციზმის ისტორიკოსები და არც ნაციზმის მსხვერპლნი, პირველ რიგში - ებრაელები, არ იზიარებენ.

უკრაინის ხელისუფლების პრონაცისტურად მოხსენიებას ნაციზმის ისტორიის მკვლევრები მთელი მსოფლიოდან ეწინააღმდეგებიან. Jewish Journal-ის მიერ გამოქვეყნდა ღია წერილი, რომელსაც ხელს 180-ზე მეტი მეცნიერი აწერს, ვინც გენოციდის, ნაციზმისა და მეორე მსოფლიო ომის ისტორიას იკვლევენ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლდიმირ ზელენსკი, რომელიც ხშირად უსვამს ხაზს საკუთარ ებრაულ წარმომავლობას, აღნიშნავს: „თქვენ გეუბნებიან, რომ ჩვენ ნაცისტები ვართ. მაგრამ შეუძლია, თუ - არა ერს, რომელმაც ნაციზმთან ბრძოლაში 8 მილიონზე მეტი სიცოცხლე დაკარგა, მხარი დაუჭიროს ნაციზმს?"

ისრაელში გერმანიის ელჩის თქმით, „პუტინი ყველაფერს დემოკრატიულს "ნაციზმს“ უწოდებს. მე გულწრფელად ბოდიშს ვუხდი უკრაინის მამაც ებრაელ პრეზიდენტს“.

ასევე, შეუძლებელია, არ აღინიშნოს 1991 წლიდან ოფიციალური კიევის მხრიდან ებრაული თემის აქტიური მხარდაჭერა. Pew Research Center-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის უკრაინას ანტისემიტური განწყობები ყველაზე ნაკლებად აქვს.

„მსოფლიოს ებრაული მოსახლეობა 2019“ ანგარიშის მიხედვით, უკრაინის ებრაული დიასპორა მსოფლიოს 20 ყველაზე მნიშვნელოვან ებრაულ დიასპორას შორისაა, რომელიც განსაკუთრებით ძველი ისტორიული წარსულით გამოირჩევა. ევროპის ებრაელთა კონგრესის მონაცემებით, ებრაელი მაცხოვრებლების რიცხვი 360 000-დან 400 000-მდეა. თებერვალში უკრაინის უმაღლესმა რადამ ანტისემიტიზმის კრიმინალიზაციის შესახებ მიიღო კანონი, როგორც ეს ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსის მიერ არის განსაზღვრული. აღნიშნული დანაშაული ჯარიმით ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

რუსეთის შეჭრა, უკრაინის დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელსაც რუსულენოვანი, ებრაელი პრეზიდენტი ვოლდიმირ ზელენსკის მეთაურობს, „ნაცისტებთან ბრძოლის“ საბაბით, თავისთავად ალოგიკურია. აღნიშნულს კიდევ უფრო ამძაფრებს „განმათავისუფლებელი“ არმიის შეტევა კიევის სატელევიზიო კოშკზე, რომელიც ქ. ბაბი იარის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ადგილას, 1941 წლის 29-30 სექტემბერს, ნაცისტებმა 33000-ზე მეტი ებრაელი მოკლეს.

გარდა ამისა, ალოგიკურია „ნაციზმთან ბრძოლა“ და ამავდროულად თავდასხმები უმანზე (ჰასიდური მოძრაობის სულიერი სახლი) და შენობაზე, სადაც ბრესლავის რაბინ ნაჩმანის საფლავია. რუსული ჭურვები საფლავთან ახლოს დაეცა.

მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ დაარტყა კიევის ტელეანძას და მიმდებარე ბაბი იარ მემორიალურ კომპლექსს, უკრაინის მთავარმა რაბინმა, მოშე რუვენ აზმანმა რუსების მისამართით ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის რუსებს გამოფხიზლებისკენ და ომისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს. მან აღნიშნა, რომ ახლა დუმილი რუსული არმიის დანაშაულებში თანამონაწილეობის ტოლფასია.

უკრაინის სახელმწიფოს დისკრედიტაციის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, ნეონაციზმის ბრალდებებთან ერთად, დონბასის მოსახლეობის გენოციდის შესახებ ბრალდებებია, რაც ასევე არაფრით არ დასტურდება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2014 წლიდან 2020 წლის დასაწყისში აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დროს სულ მცირე 13 200 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ მიუთითებს დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის გენოციდზე. გაეროს მონაცემებით, მათგან 3 350 მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, 5 650 - არალეგალური სეპარატისტული შეიარაღებული ფორმირებების წევრი და 4 100 დაღუპული უკრაინის არმიის წევრი.

მხოლოდ ის ფაქტი, რომ დონბასში რვაწლიან კონფლიქტს მსხვერპლი მოჰყვა, მშვიდობიანი ეთნიკური რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ მიზანმიმართული განადგურებისა და გენოციდის ნარატივის დამადასტურებელი ვერ იქნება. თუ დონბასში დაღუპულთა საყოველთაოდ აღიარებულ სტატისტიკას დავაკვირდებით, აბსოლუტურად ცხადი ხდება, რომ 2014 წლიდან 2021 წლამდე მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვი 2084 დან 18-მდეა შემცირებული.

„გენოციდის“ აბსურდულობის საკითხზე ფაქტების შემმოწმებელი საიტი Проверено მედიამ შემდეგ არგუმენტებს გამოყოფს:

1) დონბასში შეიარაღებული კონფლიქტი არ შეესაბამება 1948 წელს გაეროს კონვენციით დადგენილ გენოციდის მკაცრ სამართლებრივ განმარტებას;

2) საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომელშიც ასევე შედიან რუსი დამკვირვებლები, რაიმე მტკიცებულება - დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ განადგურების შესახებ, ვერ იპოვეს;

3) ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი შედარებით დაბალი იყო (საშუალოდ 59 ადამიანი წელიწადში - 2016-2021 წლებში, 954 და 2084 კაცი - 2015 და 2014 წლებში), რაც რუსული მასობრივი მკვლელობის შესახებ განცხადებებთან ან პროგნოზებთან შეუსაბამოა;

4) რუსეთის მთავრობა გენოციდის დასამტკიცებლად ცრუ ან გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

გავრცელებული ვერსია, რომ უკრაინას ფაშისტური მთავრობა მართავს და ნაცისტური და ფაშისტური შეხედულებებით ხელმძღვანელობს, სიმართლეს არ შეესაბამება, რასაც საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერაც ადასტურებს. კერძოდ, უშიშროების საბჭომ მოიწვია გაეროს გენერალური ასამბლეა, რომლის დროსაც, ცივილიზებულმა სამყარომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას სახელწოდებით „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“. რეზოლუცია მოითხოვს რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ტერიტორიიდან. ის გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“. გენერალური ასამბლეა გამოხატავს ღრმა მწუხარებას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, რომელიც არღვევს ქარტიის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს.

დოკუმენტს მხარი 141-მა სუვერენულმა სახელმწიფომ დაუჭირა, წინააღმდეგი 5 ქვეყანა (რუსეთი, ბელარუსია, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ერითრეა) იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის აბსურდულ მტკიცებას - უკრაინაში ნაცისტური რეჟიმის არსებობის შესახებ, მსოფლიოს მხოლოდ 5 ქვეყანა შეუერთდა. ყველა დანარჩენი კი რუსეთს აგრესორად, და არა უკრაინის ტერიტორიის ნაცისტებისგან განმათავისუფლებლად, აღიარებს.

უფრო მეტიც, 16 მარტის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის შეჩერება დაავალა. ეს გადაწყვეტილება უკრაინის მიერ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის საფუძველზე იქნა მიღებული. სარჩელი უკავშირდებოდა პუტინის განცხადებას, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ოფიციალური მიზეზი უკრაინის მხრიდან „პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ გენოციდის“ შეწყვეტა იყო. სასამართლომ, 13 ხმით 2-ის წინააღმდეგ, უკრაინაში რუსული სამხედრო ოპერაციების შეჩერებას მხარი დაუჭირა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია: „ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ უკრაინას უფლება აქვს, არ იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების ობიექტი - უკრაინის ტერიტორიაზე სავარაუდო გენოციდის პრევენციისა და დასჯის მიზნით“; „სასამართლო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ძალის გამოყენების გამო, რომელიც ეხება საერთაშორისო სამართლის ძალიან სერიოზულ საკითხებს“.

ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსირებით და უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის განხორციელებით, რუსეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთმა მუდმივმა წევრმა, დაარღვია მინიმუმ 12 საერთაშორისო და ორმხრივი ხელშეკრულება. მათ შორისაა - გაეროს წესდება, ბუდაპეშტის მემორანდუმი, ჰელსინკის დასკვნითი აქტი და პარიზის ქარტია, რომლებიც გარანტია სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის, საფრთხის ან ძალის გამოყენების უარის თქმისა და თავისუფლების, ასევე სახელმწიფოების უფლების - აირჩიონ ან შეცვალონ საკუთარი უსაფრთხოების ზომები.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი