ოთარ შამუგია: [რუსულ ბაზარზე შესვლა] ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ოთარ შამუგიას განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2013 წლიდან მოყოლებული, საქართველოში რძის წარმოება შემცირებულია, 2018 წლიდან მცირედი ზრდა ფიქსირდება, თუმცა 2013 წლის ნიშნულამდე ჯერ არ მისულა. გარდა ამისა, რძის და რძის პროდუქტების იმპორტი ყოველწლიურად იზრდება, ასევე მზარდია რძის ფხვნილის იმპორტი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რძის ნაწარმი, რაც იწარმოება, საქართველოსთვის საკმარისი არ არის და გარდა ამისა, ნედლი რძის სიმცირის და სიძვირის გამო, მწარმოებლებს რძის ფხვნილის გამოყენება უწევთ. უმნიშვნელოა ექსპორტზე გასული რძის ნაწარმის რაოდენობაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ქართულ რძის საწარმოებს ექსპორტზე გასვლის და ახალი ბაზრის ათვისების რესურსი ამ ეტაპზე არ გააჩნიათ. ამ ფონზე მინისტრის განცხადება, რომ ქართული რძის წარმოებისთვის რუსულ ბაზარზე გასვლა შესაძლებლობაა, სულ მცირე კომპეტენციის ნაკლებობაზე მიუთითებს, რომ არაფერი ვთქვათ ამ განცხადების პოლიტიკურ მდგენელზე - როცა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებს, რუსული ბაზრის შესაძლებლობად განხილვა, ყოველგვარ საღ აზრს მიღმაა.

თანაც, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ბაზრის „შესაძლებლობა“ ჩვენთვის განსაკუთრებით კარგად არის ცნობილი. ბოლო წლების გამოცდილება ცხადყოფს, რომ რუსეთი არასტაბილური სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან და, ზოგადად, სავაჭრო ურთიერთობას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამის მაგალითი იყო რუსეთის მიერ 2006 წელს ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაწესებული ემბარგო, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომ, შეჩერებული ავიამიმოსვლა და მუქარა ქართულ პროდუქტებზე ემბარგოს დაწესების შესახებ. ახლაც - უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქართული რძის 15 საწარმოს რუსულ ბაზარზე დაშვება, ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი:

რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიებზე და ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ქართული რძის საწარმოებს პროდუქტის ექსპორტზე გატანას სთავაზობს. 5 მარტს „ტასმა“ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური (როსსელხოზნადზორი) 15 ქართულ და ერთ აზერბაიჯანულ საწარმოს რუსეთში რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს. როსსელხოზნადზორის განმარტებით, გადაწყვეტილება 5 მარტის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს. მოლაპარაკებები როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელსა და საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის შედგა. საქართველოსა და აზერბაიჯანის მხრიდან მოლაპარაკებებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა მონაწილეობდნენ.

აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაშიც და ოფიციალურ წრეებშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართული რძის საწარმოების რუსულ ბაზარზე შეტანასთან დაკავშირებით განაცხადა: „ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ უფრო მეტი წარმოება დაგეგმონ, ბოლომდე აამუშაონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები“.

ცხრილი 1-ში მოცემულია, წლების მიხედვით, როგორია რძის წარმოების დინამიკა. ეს დინამიკა ცხადად აჩვენებს, რამდენად გვაქვს რძის ნაწარმის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2013 წლიდან მოყოლებული რძის წარმოებაში ერთიანი ტენდენცია არ გვაქვს, წარმოებაში 2013-2017 წლებში გამოკვეთილი კლება ფიქსირდება, 2018 წლიდან კი მცირედი მატების ტენდენციაა.

ცხრილი 1: რძის წარმოება 2012-2021 წლებში (მლნ ლიტრი)

წყარო: საქსტატი

*წინასწარი მონაცემები

ამასთანავე, საანგარიშო წლებში რძის და რძის ნაწარმის იმპორტი შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 2: რძის და რძის ნაწარმის იმპორტი 2015-2021 წლებში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რძის პროდუქტების იმპორტი ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

საქართველოში რძის ფხვნილის იმპორტიც ხორციელდება. იმპორტის ბოლო წლების სტატისტიკა შემდეგნაირია.

ცხრილი3: რძის ფხვნილის იმპორტი 2015-2020 წლებში (ტ, მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რძის ფხვნილის იმპორტი 2018 წლიდან რაოდენობრივად შემცირებულია, თუმცა თანხობრივად გაზრდილია.

რადგან განცხადება უშუალოდ ექსპორტს ეხება, აქვე განვიხილოთ , თუ როგორი იყო ბოლო წლებში რძის პროდუქტების ექსპორტის სტატისტიკა.

ცხრილი 4: რძის პროდუქტების ექსპორტი (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი (საგარეო ვაჭრობის პორტალი)

როგორც ექსპორტის სტატისტიკიდან ჩანს, ბოლო წლების განმავლობაში ექსპორტზე რძის პროდუქტები მცირე რაოდენობით გადის (შედარებით გამონაკლისი იყო 2020 წელი).

განხილული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ 2018 წლიდან რძის წარმოება მცირედით გაზრდილია, თუმცა 2013 წლის მაჩვენებელს ჩამოუვარდება. ასევე მზარდია რძის და რძის პროდუქტების იმპორტი, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოში წარმოებული რძის პროდუქტებით ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება და ერთგვარად იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ. ნედლი რძის დეფიციტზე რძის ფხვნილის მზარდი იმპორტიც მიუთითებს. მხოლოდ ადგილობრივი რძით რძის მწარმოებლების უზრუნველყოფა ვერ ხორციელდება და წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის შესავსებად რძის ფხვნილს იყენებენ, თანაც ისიც აღსანიშნავია, რომ ნედლ რძესთან შედარებით რძის ფხვნილი უფრო იაფი ჯდება და ამასთანავე ნედლი რძის რაოდენობა სეზონური ხასიათისაცაა (ზამთარში რაოდენობა კლებულობს). რაც შეეხება ექსპორტს, რძის პროდუქტების მცირე რაოდენობა გადის სომხეთში, აზერბაიჯანსა და აშშ-ში ( ძირითადად ყველი და კარაქი).

ეს არის ის მოცემულობა, რაც ადგილობრივ რძის წარმოებაში გვაქვს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი წარმოება ექსპორტის გაზრდაზე და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე უნდა იყოს ორიენტირებული. თუმცა რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე რძის წარმოებას ექსპორტზე გასვლის პოტენციალი ნაკლებად აქვს. ამ ფონზე მინისტრის განცხადება, რომ ქართული რძის წარმოებისთვის რუსულ ბაზარზე გასვლა შესაძლებლობაა, სულ მცირე კომპეტენციის ნაკლებობაზე მიუთითებს, რომ არაფერი ვთქვათ ამ განცხადების პოლიტიკურ მდგენელზე - როცა მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებს, რუსული ბაზრის შესაძლებლობად განხილვა, ყოველგვარი კრიტიკის ზღვარს სცდება.

თანაც იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი არასტაბილური სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამის მაგალითი იყო რუსეთის მიერ 2006 წელს ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაწესებული ემბარგო, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომ მუქარა ქართულ პროდუქტებზე ემბარგოს დაწესების შესახებ და ახლაც - უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქართული რძის 15 საწარმოს რუსულ ბაზარზე შეშვება, რაც ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

განხილული განცხადებიდან რამდენიმე დღეში მინისტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა და განაცხადა: „ დღეს ჩვენ გარკვეულწილად რძის ნაწარმის იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ წარმოებას არ აქვთ რესურსი, რომ სხვადასხვა ბაზარზე ექსპორტი განვახორციელოთ“. შესაბამისად, პირველი განცხადებიდან რამდენიმე დღეში მინისტრმა „აღმოაჩინა“, რომ საკმარის რძის ნაწარმს - არათუ ექსპორტზე გასატანად, არამედ თვითუზრუნველყოფისთვისაც კი ვერ ვაწარმოებთ, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსული ბაზრის შესაძლებლობად განხილვის აბსურდულობაზე, არც ამჯერად უსაუბრია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი