უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი, გარდა პოლიტიკური გავლენისა, საქართველოს ეკონომიკაზეც აუცილებლად აისახება და განსაკუთრებით კი მის საგარეო ვაჭრობაზე, კერძოდ - აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტზე მოახდენს ზეგავლენას. როგორც ვიცით, რუსეთი და უკრაინა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. ჩვენ ქვემოთ შევეცდებით, გაგაცნოთ ძირითადი აგროსასურსათო პროდუქტი, რომელიც შემოდის უკრაინიდან და რუსეთიდან ან ექსპორტზე გაგვაქვს.

ექსპორტი

2021 წელს, საქართველოდან 1 142 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 21%-ით აღემატება. ძირითადად ექსპორტირებულია: ღვინო (21%), სპირტიანი სასმელები (14%), მინერალური და მტკნარი წყლები (12%), კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) (10%) და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (5%).

აგროსასურსათო პროდუქციის მთლიანი ექსპორტის 34% (386 მლნ აშშ დოლარი) რუსეთზე, ხოლო უკრაინაზე 9% (108 მლნ აშშ დოლარი) მოდის.

საანგარიშო წელს ექსპორტი რუსეთში 98.8 მლნ აშშ დოლარით (34%-ით) გაიზარდა და 386 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდის განმაპირობებელი პროდუქტების სია მრავალფეროვანია, მათ შორის ყველაზე მეტად გაზრდილია მინერალური და მტკნარი წყლების, კარტოფილის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების და ღვინის ექსპორტი. მათი ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 17.0 მლნ (39%), 13.7 მლნ (21-ჯერ), 11.6 მლნ (81%) და 11.2 მლნ (9%) აშშ დოლარით გაიზარდა.

უკრაინაში ექსპორტის 16%-იანი (15.3 მლნ აშშ დოლარით) ზრდა დაფიქსირდა და 108 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეულია სპირტიანი სასმელების და მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ზრდით. მათი ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 6.1 მლნ (16%) და 5.5 (26%) მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი.

ღვინო

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აგროსასურსათო პროდუქციის მთლიან ექსპორტში ქართული ღვინის წილი 21%-ია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს საქართველოდან 107 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რომლიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 250 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2021 წელს, როგორც სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რუსეთის ბაზარზე 62 115 759 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა (131 მლნ აშშ დოლარი), რაც მთლიანი ექსპორტის 58%-ს შეადგენს.

იგივე მონაცემმა უკრაინის შემთხვევაში 12 921 321 ბოთლი შეადგინა (25 მლნ აშშ დოლარი), რაც მთლიანი ღვინის ექსპორტის 10%-ია (დაწვრილებით ღვინის ექსპორტის შესახებ იხილეთ სტატია).

სპირტიანი სასმელები და მინერალური და მტკნარი წყლები

2021 წელს საქართველოდან სულ 156 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სპირტიანი სასმელი გავიდა. აქედან რუსეთზე მთლიანი ექსპორტის 26.9%, უკრაინაზე კი - 27.6% მოდის.

2021 წელს საქართველომ ექსპორტზე სულ 142 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყლები გაიტანა. რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 42.9%, უკრაინის კი - 18.5%-ია.

ხილ-ბოსტნეული

2021 წელს სულ 28 136 000 აშშ დოლარის ღირებულების 63 100 ტონა ბოსტნეულის ექსპორტი განხორციელდა.

ამავე წელს 212 538 000 აშშ დოლარის 161 103 ტონა ხილი იქნა გატანილი.

ცხრილი 1: ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი რუსეთსა და უკრაინაში

წყარო: საქსტატი

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ხილის და ბოსტნეულის სულ მცირე 50%-ზე მეტი (უმრავლეს შემთხვევაში -70-95%) რუსეთის ბაზარზე გადის.

იმპორტი

რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტს, 2021 წელს 1349 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი.

ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: რუსეთი (26%), უკრაინა (16%), თურქეთი (11%), ბრაზილია (5%), გერმანია (3%) და სხვა.

2021 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ხორბალი (7%), ფრინველის ხორცი (5%), შაქარი (4%), შოკოლადი (4%), მზესუმზირას ზეთი (4%) იქნა შემოტანილი.

ხორბალი

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, ხორბლის იმპორტს მთლიანი იმპორტის 7% უჭირავს.

2021 წელს საქართველოში რუსეთიდან სულ 87 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 319 000 ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც სულ იმპორტირებული ხორბლის 94%-ს შეადგენდა. 2020 წელს 108 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხორბლის იმპორტი განხორციელდა (490, 944 ტონა), რომელიც თითქმის მთლიანად - 99.4% (488,279 ტონა) რუსეთიდან იქნა შემოტანილი.

2020 წელს რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი ერთი ტონა ხორბლის საშუალო ფასი 220 აშშ დოლარი იყო, 2021 წელს კი - 260 აშშ დოლარი.

როგორც ცნობილია, პანდემიის პერიოდში რუსეთმა მარცვლეულ კულტურებზე კვოტირების და საბაჟო გადასახადის მექანიზმი აამოქმედა. პირველ ეტაპზე, 2020 წლის ბოლოს, მარცვლეულზე კვოტირება გამოაცხადა და დაადგინა, რომ თებერვლიდან ივნისის ჩათვლით, ქვეყნიდან 17.7 მილიონ ტონაზე მეტ ხორბალს არ გაიტანდა. გარდა ამისა, რუსეთმა, 2021 წლის 15 თებერვლიდან ექსპორტირებულ ხორბალზე საბაჟო გადასახადი დააწესა, რომელიც 1 ტონაზე 25 დოლარს შეადგენდა. უკვე პირველი მარტიდან საბაჟო გადასახადი ერთ ტონა ხორბალზე - 50 დოლარამდე გაიზარდა. წლის ბოლოს კი 98 დოლარი გახდა.

ხორბლის ფასის ზრდამ მისი იმპორტის შემცირება გამოიწვია. სანაცვლოდ, პარალელურად რუსეთიდან ხორბლის ფქვილის იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა. 2021 წელს საქართველოდან 11.5 მლნ აშშ დოლარის ხორბლის ფქვილი შემოვიდა, რაც მთლიანი ფქვილის იმპორტის 96%-ს შეადგენს.

ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში შემოტანილი ხორბლის თითქმის 90% რუსულია (დაწვრილებით იხილეთ სტატია). ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების აუცილებლობა განსაკუთრებით კორონავირუსით შექმნილი პანდემიის ფონზე გამოიკვეთა. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხორბლის დივერსიფიცირებული იმპორტი გვქონდეს, რათა ხორბლის მოწოდების დეფიციტის რისკი თავიდან ავიცილოთ და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული არასტაბილურ სავაჭრო პარტნიორზე - რუსეთზე, რომელიც როგორც არაერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობებს ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, შესაძლოა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ხორბლის დეფიციტი წარმოიქმნას, რაც მომავალში, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის.

ხორბლის გარდა საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ფრინველის ხორცი, შაქარი და ზეთი შემოდის.

2021 წელს საქართველოში სულ 64 მლნ აშშ დოლარის ფრინველის ხორცის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 0.34% (221 000 აშშ დოლარის ღირებულების) რუსეთიდან, 9.4% კი უკრაინიდან ( 5 969 000 აშშ დოლარი) შემოდის. ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა ბრაზილიაა (14 მლნ აშშ დოლარი), რომელზეც მთლიანი ექსპორტის 22% მოდის.

გასულ წელს საქართველოში სულ 60 მლნ აშშ დოლარის შაქარი იქნა შემოტანილი, საიდანაც რუსეთის და უკრაინის წილი უმნიშვნელოა, შესაბამისად - 0.06% და 0.12%-ია. ამ შემთხვევაშიც ბრაზილია ლიდერობს და მისი წილი მთლიანი იმპორტის 46.7% მოდის.

რაც შეეხება ზეთს, 2021 წელს საქართველოში სულ 48 მლნ აშშ დოლარის მზესუმზირას ზეთის იმპორტი განხორციელდა. რუსეთიდან იმპორტირებულია ზეთის 87.5%, ხოლო უკრაინიდან 5% იქნა შემოტანილი.

როგორც განხილული მასალით დასტურდება, რუსეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია.

ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს და ახლაც გავიმეორებთ, რომ რუსეთი არასტაბილური სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამის მაგალითი იყო რუსეთის მიერ 2006 წელს ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაწესებული ემბარგო, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომ მუქარა ქართულ პროდუქტებზე ემბარგოს დაწესების შესახებ და თუნდაც დღევანდელი მოლოდინი, რომ „არასწორი ქმედებისთვის“ რუსეთი „დაგვსჯის“. აქედან გამომდინარე, სასურველი და უკვე აუცილებელიც კია, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ისეთ არასტაბილურ ბაზარზე, როგორიც რუსული ბაზარია და ამ მიმართულებით მუშაობა სახელმწიფოს, ბიზნესის ნომერ პირველი ამოცანად უნდა იქცეს.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი