რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა რუსეთს უპრეცედენტო და მკაცრი სანქციები დააკისრეს. ჯერჯერობით, შეუძლებელია ითქვას, დაკისრებულ სანქციებს რა პრაქტიკული ასახვა ექნება და შესაბამისად, რა მასშტაბის, ხანგრძლივობისა და ხასიათის ეკონომიკურ/ფინანსური შედეგები დადგება - როგორც რუსეთისთვის და უკრაინისთვის, ასევე მათი პარტნიორი ქვეყნებისთვის და ზოგადად, გლობალური ეკონომიკისთვის. ბუნებრივია, მიმდინარე ომის პირობებში, უკრაინა მრავალმხრივი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. საინტერესოა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კონფლიქტს საქართველოს ეკონომიკისთვის. სტატიაში მოკლედ არის განხილული უკრაინისა და რუსეთის წილი საქართველოსთვის მნიშვნელოვან საგარეო ეკონომიკურ სექტორებში.

რუსეთის და უკრაინის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში შედარებით მცირეა, თუმცა, ფულადი გზავნილების და საგარეო ვაჭრობის შეფერხება, შესაძლოა საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს. ბოლო წლებში, რუსეთი როგორც საგარეო ვაჭრობის, ისე გადმორიცხვების და ტურიზმის მხრივ ერთ-ერთ უმსხვილეს პარტნიორად ჩამოყალიბდა, რაც ეკონომიკური უსაფრთხოების მხრივ, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ფულადი გზავნილები, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. ბოლო 10 წელიწადში, საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხვების ჯამი თითქმის ერთი წლის მთლიან შიდა პროდუქტს უტოლდება. პანდემიურ პერიოდში, უკრაინიდან ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა და დაახლოებით 90 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი გზავნილების 3.9%-ს შეადგენდა. აღნიშნული თვალსაზრისით, უკრაინაზე დამოკიდებულება არაარსებითია. რუსეთიდან ფულადი გზავნილები 411 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მთლიანი გზავნილების 17% იყო. როგორც ცხრილ 1-ში ჩანს, რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი მთლიან გზავნილებში დროთა განმავლობაში მცირდებოდა, თუმცა, დამოკიდებულება კვლავაც მნიშვნელოვანია და ფულადი გზავნილების მოცულობით, რუსეთი უმსხვილეს ქვეყნად რჩება, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის გამოწვევად რჩება.

ცხრილი 1: ფულადი გზავნილების დინამიკა რუსეთიდან და უკრაინიდან, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2012-2021 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ, გამონაკლისი პერიოდების გამოკლებით, რუსეთის და უკრაინის კონტრიბუცია შედარებით მცირე იყო. მეორე მხრივ, ინვესტიციების მთლიანი მოცულობა, პანდემიურ პერიოდში მკვეთრად შემცირდა. თუმცა, პანდემიურ პერიოდში, რუსული ინვესტიციების წვლილი მთლიან ინვესტიციებში, ინვესტიციების კლების ფონზე, მცირედით გაიზარდა.

ცხრილი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უკრაინიდან და რუსეთიდან, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წელს, რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 10%-ს იყო. იმავე პერიოდში, იმპორტმა უკრაინიდან 452 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 4.5%-ია. ფარდობითი თვალსაზრისით, პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

ცხრილი 3: იმპორტი რუსეთიდან და უკრაინიდან, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება ექსპორტს, 2021 წელს, რუსეთში ექსპორტირებულმა საქონლის ღირებულებამ 610 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 14.4%-ს შეადგენდა. იმავე პერიოდში, ექსპორტმა უკრაინაში 307 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 7.2% იყო. შესაბამისად, კრიზისიდან გამომდინარე, ექსპორტის დაახლოებით 20% და იმპორტის დაახლოებით 14% რისკის ქვეშ ექცევა.

ცხრილი 4: ექსპორტი რუსეთში და უკრაინაში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია რომ ექსპორტის თვალსაზრისით, უფრო მნიშვნელოვანია ექსპორტის დინამიკის განხილვა რეექსპორტის გარეშე, რადგან ადგილობრივი წარმოების ექსპორტი, ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ადგილობრივი წარმოების ექსპორტის თვალსაზრისით, მთლიანი ექსპორტისგან განსხვავებით, რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში უფრო მაღალია, ხოლო უკრაინის წილი უფრო დაბალია. 2021 წელს, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე რუსეთში 555 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წილობრივად 17.7% იყო, ხოლო უკრაინაში 5.8%-ს, რაც წილობრივად 5.8% იყო.

ცხრილი 5: ადგილობრივი წარმოების ექსპორტი, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით, საყურადღებოა ცალკეული პროდუქტების ვაჭრობის დინამიკა, რომელსაც ზოგად ვაჭრობასთან შედარებით, უფრო მაღალი წილი და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ღვინის შემთხვევაში. 2021 წელს, რუსეთის ბაზარზე 62 115 759 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა (131 მლნ აშშ დოლარი), რაც მთლიანი ექსპორტის 58%-ს შეადგენს. 2021 წელს საქართველოდან სულ 156 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სპირტიანი სასმელი გავიდა. აქედან რუსეთზე მთლიანი ექსპორტის 26.9%, უკრაინაზე კი - 27.6% მოდის. 2021 წელს საქართველომ ექსპორტზე სულ 142 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყლები გაიტანა. რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 42.9%, უკრაინის კი - 18.5%-ია. ასევე, საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ხილის და ბოსტნეულის სულ მცირე 50%-ზე მეტი (უმრავლეს შემთხვევაში -70-95%) რუსეთის ბაზარზე გადის. განსაკუთრებით შემაშფოთებელი ვითარებაა ხორბლის იმპორტის შემთხვევაში. ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში შემოტანილი ხორბლის თითქმის 90% რუსულია (დაწვრილებით იხილეთ სტატია). ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების აუცილებლობა განსაკუთრებით კორონავირუსით შექმნილი პანდემიის ფონზე გამოიკვეთა. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხორბლის დივერსიფიცირებული იმპორტი გვქონდეს, რათა ხორბლის მოწოდების დეფიციტის რისკი თავიდან ავიცილოთ და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული არასტაბილურ სავაჭრო პარტნიორზე - რუსეთზე, რომელიც როგორც არაერთხელ დადასტურდა, საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. სანქციების ფონზე, შესაძლოა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ხორბლის დეფიციტი წარმოიქმნას, რაც მომავალში, მნიშვნელოვან პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი