2 მარტს ანტიდასავლური და „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებული ტელევიზიის ჟურნალისტმა ილია ჩაჩიბაიამ გამოაქვეყნა ვიდეო აღწერით: „ამ წუთებში მომაწოდეს ეს სენსაციური ფაილი. საჯაროვდება ქართველი მოღალატეების შოკისმომგვრელი სია. სავარაუდოდ, ფაქტების ავტორია ანონიმუსი...“. ვიდეო სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურად გავრცელდა და მას დაახლოებით 6 ათასი ინტერაქცია აქვს.

ვიდეოში ქართულ ენაზე ნათქვამია, რომ რუსული სპეცსამსახურების მონაცემთა ბაზაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, კონფიდენციალური წყაროს ცნობით, იმ ქართველი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების სიამ გამოჟონა, რომლებიც ბოლო ოცი წლის მანძილზე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ და მათთვის სხვადასხვა დავალებას ასრულებდნენ. ჩამონათვალში ოპოზიციური პარტიის წევრები ან მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები და აქტივისტები არიან დასახელებული.

„ანონიმუსი“ ჰაკერი აქტივისტების დეცენტრალიზებულ საერთაშორისო ქსელს წარმოადგენს. ქსელმა ბოლო დროს თავი უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო შეჭრის პასუხად პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ კიბერთავდასხმების განხორციელებით გამოიჩინა.

სინამდვილეში, „ანონიმუსს“ ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ქართველ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე არ გაუვრცელებია. ვიდეოს კადრები, სავარაუდოდ, „ანონიმუსის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოდან არის აღებული, რომელშიც „ანონიმუსის“ პუტინისადმი მიმართვასა და გაფრთხილებას ავრცელებს და მას კიბერთავდასხმების მოწყობით, მათ შორის საიდუმლოებების გამჟღავნებით, ემუქრება. მოცემული ვიდეო „ანონიმუსის“ გვერდზე 26 თებერვალს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ვიდეო არ გამოუქვეყნებიათ. საქართველოში რუსი აგენტების სიის გამოქვეყნების შესახებ „ანონიმუსს“ არც მის Twitter-ის გვერდზე განუცხადებია.

შესაბამისად, ილია ჩაჩიბაიას გამოქვეყნებული ვიდეო გაყალბებულია და აღნიშნული ინფორმაცია „ანონიმუსისგან“ არ მომდინარეობს. ამასთან, ვიდეოში ნათქვამია, რომ ინფორმაცია კონფიდენციალური წყაროდან მოდიოდა, თუმცა „ანონიმუსი“ კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას არ ავრცელებს, არამედ მისივე განხორციელებული კიბერთავდასხმებით მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

აღსანიშნავია, რომ ამავე სტილში სხვა ვიდეოებიც ვრცელდება, რომელიც ასევე არ გაუვრცელებია "ანონიმუსს", მათ არავითარი წყარო არ ადასტურებს და ასევე ყალბ ამბავს წარმოადგენს.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი