დღეს პირდაპირ ეთერში საუბრისას საქართველოს პრემიერმა - ირაკლი ღარიბაშვილმა, არაერთი დეზინფორმაციული და შეცდომაში შემყვანი - მანიპულაციური, განცხადება გააკეთა. ამ განცხადებების ნაწილი, გარდა იმისა რომ შეცდომაში შემყვანია, საქართველოს სახელმწიფოს იმიჯისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში დამაზიანებელია და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა მოკლედ - ძირითადი დებულებების გამოყოფით, მკითხველს - პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ, რეალური ინფორმაცია მიაწოდოს.

მტკიცება 1: „დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი. ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. და ვხედავთ, რომ ამის შემჩერებელი დღეს არავინ არ არის. და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება“

უკრაინაში ახლა მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კონფლიქტი. უკრაინას თავს ესხმის მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო. ამ ვითარებაში, უკრაინა ახერხებს დაიცვას დედაქალაქი და სხვა დიდი ქალაქები, შეაკავოს აგრესორის წინსვლა. ამ პროცესში უკრაინის დასავლელი მოკავშირეების უდიდესი ნაწილი აქტიურად არის ჩართული.

ამ დროის განმავლობაში რუსეთს ევროკავშირმა დაუკეტა საჰაერო სივრცე, გარიცხა SWIFT-იდან, გაუყინა რეზერვები რუსეთის ცენტრალურ ბანკს, სანქციები დაუწესა თითქმის მთელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტას და უკრაინის ხელისუფლებას თავდაცვით იარაღს აქტიურად აწვდის.

ეკონომიკური სანქციების ეფექტი დღეს დილიდან - მას შემდეგ რაც ბირჟაზე ვაჭრობა გაიხსნა, თვალშისაცემი გახდა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი რუსული რუბლის დოლართან მიმართებით გაუფასურებაა - რუსული ეროვნული ვალუტა მიისწრაფვის ანტირეკორდისკენ და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდ მაჩვენებელს აფიქსირებს. ამასთან, რუსული კომპანიების სააქციო ფასი საგრძნობად ეცემა. იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური სანქციები გრძელვადიან პერიოდში სულ უფრო მეტ დარტყმას მიაყენებს რუსულ ეკონომიკას, პრემიერის განცხადება, რომ სანქციები არაეფექტურია, სიმართლეს არ შეესაბამება.

მტკიცება 2: „[ოპოზიციას სურს] განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ხელისუფლებას“

პრემიერის მხრიდან მოცემული განცხადება, გარდა იმისა, რომ განცხადების შინაარსი მცდარია, ის აზიანებს კიდეც საქართველოს ინტერესებს. პრემიერის განცხადება გაგრძელებაა იმ რუსული პროპაგანდისტული ნარატივისა, რომ თითქოს საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში რაიმე ბრალი მიუძღვის და ომის თავიდან აცილება არაჯეროვანი მცდელობების გამო, ვერ მოახერხა. გარდა იმისა, რომ ამგვარი განცხადება შინაარსობრივად მცდარია, ამასთან, მოცემულ კონტექსტში, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს და მსოფლიოსთვის ნათელი გახდა რუსეთის - როგორც აგრესორის სახე, საკუთარ ამომრჩეველში ამ საკითხზე კაპიტალიზების მცდელობა და ოპონენტის გაშავების მცდელობა, უპასუხისმგებლობაცაა.

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა ეს კიდევ უფრო ნათელი გახადა. პრეზიდენტ ზელენსკის შემრიგებლური საარჩევნო კამპანიის, მოლაპარაკებებისადმი მზაობის და სხვა ნაბიჯების მიუხედავად, რუსეთმა ომი მაინც დაიწყო. მეტიც, ომის დაწყებამდე თითქმის ერთი წლით ადრე, დიმიტრი პესკოვი საუბრობდა რუსული წვრთნების შესახებ, რომელიც უბრალოდ საზღვართან მიმდინარეობს და მეზობელ სახელმწიფოს საფრთხეს არ უქმნის.

უკვე დეკემბერში, მას შემდეგ რაც უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით (დაახლოებით 150 000) რუსი სამხედროს მობილიზება მოხდა და დასავლეთმა საფრთხეზე აქტიურად დაიწყო საუბარი, რუსეთი ჯიუტად იმეორებდა, რომ ეს არის წვრთნები და რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს.

მიუხედავად ამისა, 24 თებერვალს რუსეთმა, როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ წარმოება - სინამდვილეში კი - ფართო/სრულ მასშტაბიანი ომი. ამრიგად ნათელია, რომ ომის თავიდან აცილება, როდესაც რუსეთს ომის ინტერესი აქვს, შეუძლებელია და, არათუ უსამართლო, არამედ მცდარია ბრალდება საქართველოს მიმართ, რომ ჩვენ 2008 წელს ვერ შევძელით ომის თავიდან აცილება. ქვეყნის პრემიერის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთება კი თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, სწორედ პრემიერის მიერ ნახსენები, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად და უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ გაკეთებულ მცდარ და შეცდომაში შემყვან განცხადებას წარმოადგენს.

მტკიცება 3: „ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა - პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა უკრაინელი ძმების და დების მიმართ“

სინამდვილეში, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება ცალსახას ხდის, რომ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო არენაზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან აღიქმება არასაკმარის მცდელობად. ამასთან, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ დაიგვიანა საქართველოს სოლიდარობის განცხადებამ, ხოლო პრემიერის მიერ შემდგომში გაკეთებული განცხადება, რომ ომი უკრაინაშია და მას „თავისი საქმე აქვს“, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ საქართველოს ხელისუფლების გულგრილობაზე მეტყველებს.

მტკიცება 4: „კარგად გვახსოვს, თუ როგორ დაკარგა ქვეყანამ ახალი ტერიტორიები, როგორ ჩააბარა სააკაშვილმა კოდორი, რომელსაც მანამდე პროვოკაციულად დაარქვა ზემო აფხაზეთი, ახალგორი, 100-ზე მეტი სოფელი და 1000-ობით ჩვენი მოქალაქე აქცია დევნილობაში“

სინამდვილეში, საქართველოს 1000-ობით მოქალაქე დევნილად რუსულმა აგრესიამ აქცია და ამაში საქართველოს დადანაშაულება, არამარტო აზიანებს საქართველოს ინტერესებს, არამედ - მცდარიცაა. დევნილების, ეთნიკური წმენდის და სხვა დანაშაულების შესახებ საუბარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც, სადაც გარკვევით წერია რუსეთის ეფექტური კონტროლის შესახებ და რუსეთის ბრალეულობის შესახებ იმ დანაშაულებში, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგვისტოს ომის ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად ხდებოდა.

ამასთან, საქართველოს 2008 წელს უწევდა თავდაცვითი ომის წარმოება, რომლის შემდეგაც დიახ - საქართველომ დაკარგა დამატებით ტერიტორიები, გარდა იმ ტერიტორიებისა, რომლებიც ომამდეც - 2008 წლის აგვისტომდეც, რუსულ მხარეს ჰქონდა დე-ფაქტო ოკუპირებული. ტერიტორიების დაკარგვაში საქართველოს დადანაშაულება გაუგებარია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის გადმოსახედიდანაც, როდესაც რუსეთს ოკუპანტად მოიხსენიებს დასავლეთი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში ადანაშაულებს. ამავდროულად N1633 რეზოლუციაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ ომამდე სიტუაციის დეესკალაციის მცდელობა შეუძლებელი სწორედ რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უარმა გახადა.

საქართველო 2008 წლის შემდეგაც, ბოლო ათი წელია, მცოცავი ოკუპაციის შედეგად ყოველდღიურად კარგავს დამატებით ტერიტორიებს, რაც არ შეიძლება საქართველოს ბრალეულობად შეფასდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეს ხელისუფლებაც დამნაშავეა ტერიტორიების დაკარგვაში, მცოცავი ოკუპაციის ვერ შეჩერების გამო. მსგავსი მიდგომა აბსურდულია და ეროვნული ინტერესების დაზიანების ხარჯზე, პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად.

მტკიცება 5: „რუსეთის ჯარმა 2007 წელს დატოვა ჩვენი ტერიტორია - ბოლო შენაერთმა და სულ რამდენიმე თვეში, ამ უგუნურმა, გაუთვლელმა და ემოციურმა პოლიტიკამ და პროვოკაციების ვერ აცილებამ მიგვაღებინა ომი და უბედურება და ნგრევა ქვეყნის“

საქართველოს ტერიტორია რუსულ ჯარს 2007 წელს არ დაუტოვებია. მიუხედავად 1999 წელს მიღწეული შეთანხმებისა, გუდაუთის ბაზა რუსეთს გაყვანილი არ ჰყავდა და რჩებოდა აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. სამშვიდობო ძალები, რომლებიც ძირითადად რუსებით იყო დაკომპლექტებული და დე-ფაქტო რუსულ ჯარს წარმოადგენდა, ასევე რჩებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ომის დაწყებამდე საქართველოს საზღვრებთან ხდებოდა რუსული სამხედრო ძალების (მათ შორის - სარკინიგზო სამხედრო ძალების) მობილიზება და მათი შემოდინება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პრემიერის განცხადება ტყუილია, მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციას და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.

მტკიცება 6: „ომის შემდეგ, მინდა ყველას შევახსენო რომ, კაპიტულანტურად მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ რეზოლუციას ხელი, და ვინ დაადანაშაულეს? ქართველი სამხედროები სამხედრო მოქმედებების დაწყებაში. წარმოუდგენელი ღალატი“

საუბარია ევროსაბჭოს N1633 რეზოლუციაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მუდმივად, კონტექსტის დამახინჯებითა და დოკუმენტის არასწორი ინტერპრეტირებით ხშირად იყენებს ოპონენტებზე თავდასხმის მიზნით. სინამდვილეში, რეზოლუციაში არსად წერია, რომ საქართველომ დაიწყო ომი. მეტიც, რეზოლუციაში არსად წერია რომ საქართველო აღიარებს ომის დაწყებას. პირიქით, რეზოლუციაში გარკვევით წერია, რომ საქართველო (ისევე როგორც რუსეთი) არ აღიარებს ომის დაწყებას.

პუნქტი რომელსაც არასწორად ინტერპრეტირებს ირაკლი ღარიბაშვილი, საუბრობს ომის აქტიურ ფაზაზე. თუმცა იმავე პუნქტში და მის წინამდებარედ, ცალსახადაა აღნიშნული, რომ ომამდე სიტუაციის დეესკალაციის მცდელობა შეუძლებელი სწორედ რუსეთის უარმა გახადა. ამგვარი განცხადება, ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.

მტკიცება 7: სხვადასხვა მანიპულაცია ეკონომიკის შესახებ

„ფაქტ-მეტრი“ არ აპირებს მოცემულ განცხადებაში რიცხვები გადაამოწმოს. რიცხვები, მეტნაკლებად, სწორია, თუმცა არასწორია კონტექსტი, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი ამ განცხადებას აკეთებს. საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმის მიზეზად არ გამოდგება ის ფაქტი, რომ საქართველო გარკვეულწილად ეკონომიკურად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე, მათ შორის - ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებსა თუ რუსეთის ბაზარზე. ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადებაში მანიპულაციურად ისაუბრა ამ საკითხზე და ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე, ბოლო 10 წლის განმავლობაში, განუხრელად იზრდებოდა, მიუხედავად სხვადასხვა ექსპერტის მოწოდებისა, რომ ეს საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამრიგად, მოცემულ სიტუაციაში საქართველოს ეკონომიკურ ვითარებაზე საუბარი მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ემსახურება და მანიპულაციურად, განზრახ ამახინჯებს კონტექსტს.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი