2022 წლის 14 თებერვალს ჰომეოპათმა თინათინ თოფურიამ Facebook-ზე ვაქცინების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა. გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ აშშ-ის ოფიციალური ვებგვერდის, VAERS-ის, მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ორსულობის შეწყვეტისა და ნაყოფის დაღუპვის 3 573 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აცრამდე პერიოდის მონაცემებს 1 867%-ით აღემატება. თოფურიას ინფორმაციის წყაროდ ვაქცინების შესახებ შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი პლატფორმა - Vaccine Impact - მოჰყავს.

სინამდვილეში, მტკიცება, რომ ვაქცინას ორსულობის შეწყვეტასა და ნაყოფის დაღუპვასთან კავშირი აქვს, ყალბია. CDC-ის ვებგვერდზე VAERS-ის ბაზაში შემთხვევების განთავსება არ ნიშნავს, რომ ყველა ეს შემთხვევა Covid-ვაქცინით არის გამოწვეული. აღნიშნულ ბაზას CDC-ისა და FDA-ის სპეციალისტები პაციენტთა კლინიკური ინფორმაციის მიმოხილვისთვის და შემდგომი კვლევების ჩასატარებლად იყენებენ.

VAERS (Vaccine Adverse Event Reporting System) ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემაა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ იმართება. VAERS-ის ბაზაში მონაცემების შეყვანა და დაფიქსირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგალითად, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელს, პაციენტებს ან მათი ოჯახის წევრებს. VAERS-ს, როგორც ადრეული გაფრთხილების სისტემას, შეუძლია, ბაზაში მნიშვნელოვანი მონაცემები დააფიქსიროს, თუმცა ეს მონაცემები დამატებით კვლევასა და დამუშავებას საჭიროებს. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, მხოლოდ VAERS-ის ანგარიშზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის დადგენა, რაიმე გვერდითი მოვლენა უშუალოდ ვაქცინის გამოწვეულია, თუ - არა. აქედან გამომდინარე, VAERS-ის ბაზაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, ორსულობის შეწყვეტასა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, მართებული არ არის. ასევე, ნებისმიერ შემთხვევაში, VAERS-ის მონაცემებზე დაყრდნობით დაზუსტებით თქმა, რომ ვაქცინაციის შემდგომ ორსულობის შეწყვეტა და ნაყოფის გარდაცვალება სწორედ ამ ვაქცინის გამოწვეულია, არასწორია.

რაც შეეხება ორსულ ქალებში ვაქცინის უსაფრთხოებას, CDC და დედათა ჯანმრთელობისა და პედიატრიის სპეციალისტები ორსულ ქალებს ვაქცინის მიღების რეკომენდაციას უწევენ. CDC-ის თანახმად, სამეცნიერო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ COVID-19 ვაქცინაციის სარგებელი ორსულობის დროს ნებისმიერ ცნობილ ან პოტენციურ რისკს აღემატება. CDC-ის მტკიცებულებად კვლევები მოჰყავს, რომლებიც აჩვენებს, რომ ვაქცინა ორსულებში ეფექტურია და დედებისთვის ან მათი ჩვილებისთვის ზიანის მიყენების რისკი არ არსებობს.

„მეან-გინეკოლოგიის ამერიკული კოლეჯი” (ACOG) რეკომენდაციას უწევს ორსულთა ვაქცინაციას და აცხადებს, რომ CDC-ის აცრილ ორსულთა რეგისტრაციის ბაზაში ახალშობილთა სიკვდილი დაფიქსირებული არ არის. ეს დასკვნა ეფუძნება კვლევას, რომელიც გამოქვეყნდა New England Journal of Medicine-ში, რომელშიც მონაწილეობა 4000-მა ორსულმა მიიღო.

ამრიგად, მტკიცება, რომ ვაქცინას ორსულობის შეწყვეტასა და ნაყოფის დაღუპვასთან კავშირი აქვს, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი