2022 წლის 30 იანვარს Facebook-მომხმარებელმა „კობა ავთანდილის ძე კუპრაშვილმა“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ევროკავშირის ახალ მწვანე შეთანხმებასა და კორონავირუსის პანდემიის შესახებ საუბრობს. 12-წუთიან ვიდეოში მან არაერთი ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. საერთო ჯამში, ვიდეო კონსპირაციული ხასიათისაა და ამტკიცებს, რომ ევროკავშირმა პანდემიის შესახებ წინასწარ იცოდა და „ხელოვნური კრიზისის“ გადაჭრის გეგმაც, „მწვანე შეთანხმება“, მოამზადა. მსგავსი ტიპის კონსპირაციებზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა (ბმული 1, ბმული 2)

მტკიცება 1: „მოხდა კრიზისის გენერირება 2020 წელს ხოლო ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა [The European Green Deal] უკვე შემუშავებული იყო 2019 წლის მიწურულს და გამოცხადებულიც იყო“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კობა კუპრაშვილი ვიდეოში დიდ დროს უთმობს იმაზე საუბარს, რომ ევროკავშირმა წინასწარ იცოდა კორონავირუსის პანდემიის შესახებ. ამის „მტკიცებულებად“„ევროკავშირის მწვანე შეთანხმება“ (The European Green Deal) მოჰყავს, რომელიც 2019 წლის 11 დეკემბერს გამოქვეყნდა. ამავდროულად, კუპრაშვილი იშველიებს ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ახალი მწვანე გეგმა ევროკავშირს კოვიდპანდემიის კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტი ევროკომისიის მიერ 2019 წლის მიწურულს გამოქვეყნდა, ხოლო კორონავირუსის პირველი შემთხვევა ამ დროიდან მალევე დაფიქსირდა, ასკვნის, რომ ევროკავშირმა პანდემიის შესახებ წინასწარ იცოდა.

რეალურად, ევროკომისიის მიერ 2019 წლის 11 დეკემბერს გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში - The European Green Deal - არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები კოვიდპანდემიის შესახებ. ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ „მწვანე შეთანხმება“ ევროკავშირს პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმარება, 2019 წლის 10 დეკემბერს დაიწერა, თუმცა მოგვიანებით, 2022 წლის 1-ელ იანვარს, პანდემიის დაწყების შემდეგ განახლებულია.

2019 წლის 11 დეკემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის გამოსვლაში ახალი შეთანხმების („ევროპული მწვანე შეთანხმება“) შესახებ განაცხადა: „ჩვენი მიზანია მოვახდინოთ ეკონომიკის გარდაქმნა გარემოს დაცვის კომპონენტის გათვალისწინებით. ევროკავშირის მწვანე გეგმა მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ემისიების შემცირებას, მეორე მხრივ - სამუშაო ადგილების გაზრდასა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებას“. ბუნებრივია, ამ დროს მას თავის გამოსვლაში კოვიდპანდემია არ უხსენებია და მით უმეტეს, არც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის აღდგენაზე უსაუბრია, რადგან პანდემია დაწყებული არ იყო.

აღსანიშნავია, რომ ევროპის კლიმატური ცვლილებების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისში საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ევროკავშირი დამოკიდებულია იმპორტირებულ ენერგიაზე და რამდენიმე მსხვილ მომწოდებელზე, რის გამოც მნიშვნელოვანია ენერგიის მოხმარების წყაროების დივერსიფიცირება. ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში კი ევროკავშირის მწვანე შეთანხმების ძირითად პრიორიტეტებს შორისაა. დოკუმენტის თანახმად, მწვანე შეთანხმება ადამიანების კეთილდღეობის გაზრდას ემსახურება, ევროპის ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვა სარგებელს მოუტანს პლანეტას, ადამიანებსა და ეკონომიკას. 2030 წლისთვის კლიმატისა და ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებისთვის ევროკავშირის მხრიდან 260 მილიარდი ევროს ინვესტიციაა განსაზღვრული.

მტკიცება 2: „წარმოუდგენელი და შეუძლებელი შესაძლებელი გახადო, ამისთვის კრიზისია საჭირო - ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ბატონი ჯორჯ სოროსის სიტყვები“

ვერდიქტი: მანიპულირება

ციტატა, რომელსაც კობა კუპრაშვილი ცნობილ ამერიკელ ფინანსისტს, ჯორჯ სოროსს მიაწერს, სოროსის სიტყვების დამახინჯებული ვერსიაა. კუპრაშვილი სოროსის ციტატის გადაკეთებულ ვერსიას პანდემიასთან დაკავშირებული ყალბი ამბის გამამყარებელ არგუმენტად იყენებს და ამბობს: „ფაქტიურად რა მოხდა, მოხდა კრიზისის გენერირება 2020 წელს ხოლო ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა უკვე შემუშავებული იყო 2019 წლის მიწურულს და გამოცხადებულიც იყო“. სინამდვილეში, ჯორჯ სოროსი წერს: „იმისთვის, რომ გადავჭრათ კრიზისი, რომელშიც შეუძლებელი შესაძლებელი ხდება, აუცილებელია ვიფიქროთ წარმოუდგენელზე“ (“To resolve a crisis in which the impossible becomes possible it is necessary to think about the unthinkable”). სოროსი ამ სიტყვებს სრულიად სხვა კონტექსტში, ევროკრიზისზე საუბრისას იყენებს და ევროკავშირის ფინანსური კრიზისის თავიდან არიდებს რამდენიმე გზას განიხილავს.

მტკიცება 3: „2030 წლამდე უნდა შეამცირონ ნახშირორჟანგის გამოყოფა 55%-ით. თუკი სხვა არაფერი არ გააკეთე, 55%-ით ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება სუფთა მათემატიკურად, ყოველგვარი შეთქმულების თეორიის გარეშე, სუფთა მათემატიკურად და ფიზიკურად, შესაძლებელია მხოლოდ ამდენივე მოსახლეობის შემცირებით. თუკი, მაგალითად, 30 წლამდე ევროკავშირის მოსახლეობა შემცირდება რაღაცა გზებით 55%-ით, მაშინ მიაღწევენ ამ შედეგს“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

იმის მტკიცება, რომ ევროკავშირის მიერ სათბური გაზის ემისიის შემცირება მოსახლეობის რაოდენობის შემცირებით იგეგმება, არის კონსპირაცია. სინამდვილეში, ევროკავშირის მწვანე გეგმით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად დოკუმენტში გაწერილია სამოქმედო გეგმა, რომლის საფუძველზეც ცვლილებები - ეკონომიკის თითქმის ყველა დარგის ჩართულობით, ეტაპობრივად მოხდება.

სამოქმედო გეგმა, თავის მხრივ, გულისხმობს: ენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაციას; შენობების განახლებას ენერგიის მოხმარებისა და შესაბამისი გადასახადების შესამცირებლად; მრეწველობის მხარდაჭერას ინოვაციებისა და მწვანე ეკონომიკის სფეროში; კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო სუფთა, იაფი და ჯანსაღი ფორმების ფართოდ დანერგვას.

ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ამავე დოკუმენტში მოყვანილი მონაცემების თანახმად, 1990 წლიდან 2018 წლამდე ევროკავშირის მასშტაბით სათბური გაზის ემისია შემცირდა 23%-ით, 2030 წლამდე განსაზღვრული გეგმის მიხედვით კი, შემცირება უნდა მოხდეს 55%-ით 1990 წელთან შედარებით. მოცემულ სტატისტიკაზე დაყრდნობით ჩანს, რომ ევროკავშირმა 28 წელიწადში ნახშირორჟანგის გამოყოფა 23%-ით შეამცირა, ახლა კი მას მოუწევს 55%-იანი მაჩვენებლის მიღწევა 2030 წლისთვის 1990 წელთან შედარებით, 40 წელიწადზე გაანგარიშებით.

ამასთან ერთად, გლობალური რესურსების შესახებ გაეროს კვლევის (Global Resources Outlook 2019) თანამონაწილე და პრინსტონის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერი, ანიუ რამასვამი (Anu Ramaswami) ამბობს, რომ გარემოში გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა აუცილებლად პირდაპირ კორელაციაში არ არის მოსახლეობის რიცხოვნობასთან. ამას ადასტურებს Oxfam-ისა და Stockholm Environment Institute (SEI)-ის კვლევაც, რომლის თანახმად, გარემოში გამოყოფილი ნახშირორჟანგის 52% გამოწვეულია მსოფლიოს მოსახლეობის მდიდარი 10%-ით ( 630 მლნ. ადამიანი). ხოლო მსოფლიო მოსახლეობის ღარიბ 50%-ზე გამოყოფილი ნახშირორჟანგის მხოლოდ 7% მოდის.

გარდა ამისა, კობა კუპრაშვილი ერთმანეთთან „მწვანე შეთანხმებისა“ და მწვანე პასპორტების დასახელებებს აკავშირებს. მისი თქმით, კრიზისის გენერირება ევროკავშირის მიერ ხელოვნურად მოხდა ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების მიზნით. ამისთვის კი პანდემია და მწვანე პასპორტები იქნა გამოყენებული. „მწვანე პასპორტი დაურიგდა ხალხს და ეკონომიკური პოლიტიკა რომ შევამჩნიოთ, ნახშირორჟანგის შემცირება დაერქვა სახელად, მწვანე გარიგება“,- ამბობს კუპრაშვილი.

როგორც უკვე აღინიშნა, ევროკომისიის დოკუმენტში ევროკავშირის მწვანე გეგმის შესახებ კორონავირუსზე არაფერია ნათქვამი. დოკუმენტის გამოქვეყნების პერიოდში, 2019 წლის 11 დეკემბრისთვის ევროპის ტერიტორიაზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული, ბუნებრივია, პანდემიადაც არ იყო გამოცხადებული და მწვანე პასპორტებიც მხოლოდ 2021 წელს ამოქმედდა. რეალურად, ევროპულ „მწვანე შეთანხმებასა“ და მწვანე პასპორტებს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს და კუპრაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც პანდემიის შესახებ არსებული კონსპირაციების ნაწილია.

ცნობისთვის, გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება, გადაშენების პირას მყოფი სახეობები, დაბინძურებული ტყეები და ოკეანეები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს როგორც ევროპისთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის. ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, ევროკავშირმა „ევროპული მწვანე შეთანხმების“ სახით გზამკვლევი წარმოადგინა, სადაც სტრატეგია და კონკრეტული ნაბიჯებია გაწერილი იმისთვის, რომ ევროკავშირი უფრო თანამედროვე, რესურსების ეფექტურად გამოყენებაზე ორიენტირებულ და კონკურენტუნარიან ეკონომიკად გადაიქცეს.

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე


მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი