2022 წლის 24 იანვარს, Facebook-მომხმარებელმა Zviad Gogiashvili-მა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის სისხლის დონაციასთან დაკავშირებით, Tbilisi Times-ზე განთავსებულ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის მიმართვას აზიარებს. ლევან რატიანი მიმართვაში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სისხლის მარაგის დეფიციტია შექმნილი, რადგან კოვიდგადატანილებსა და ვაქცინირებულ პირებს მხოლოდ გარკვეული დროის შემდგომ შეუძლიათ სისხლის გაცემა, ამიტომ ყველას ვისაც შესაძლებლობა აქვს, ის დონორობისკენ მოუწოდებს. ზვიად გოგიაშვილი კი რატიანის მიმართვას საკუთარი მტკიცების დამადასტურებელ საბუთად იყენებს, რომ თითქოს ვაქცინირებული ადამიანის სისხლი დონაციისთვის საერთოდ არ გამოდგება, რის შესახებაც ის ინფორმაციას [ვაქცინაციის] დასაწყისიდანვე ფლობდა. რეალურად, გოგიაშვილი ექიმი რატიანის ძველი მიმართვით მანიპულირებს და არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ვაქცინირებული ადამიანების მიერ სისხლის გაცემა, დროის გარკვეული პერიოდის შემგომ, საქართველოს შემთხვევაში 14 დღეში, შესაძლებელია და სრულიად უსაფრთხოა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ზვიად გოგიაშვილის მიერ Tbilisi Times-დან გაზიარებული მიმართვა, რომელიც ვებ-გვერდზე 2022 წლის 24 იანვარს არის გამოქვეყნებული, სინამდვილეში 2021 წლის მაისით თარიღდება. ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ვაქცინირებული ადამიანის სისხლი დონაციისთვის არ გამოდგება, სიცრუეა, რადგან ვაქცინირებული ადამიანი სრულიად უსაფრთხო დონორია.

საქართველოს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“(NCDC) 2021 წლის 9 ოქტომბრის მონაცემებით, „თუ დონორი აკმაყოფილებს დონორობის კრიტერიუმს და ჩატარებული აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, დონორობა შეუძლია ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ!“. ამასთანავე, ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ სისხლის დონორობა შესაძლებელია COVID-19-ით გამოჯანმრთელების შემდგომაც, კონკრეტულად, დონაცია შეუძლიათ:

• პირებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19 და აქვთ დაავადების სიმპტომური ფორმა, დონორობა შეუძლიათ გამოჯანმრთელებიდან (სიმპტომების ალაგებიდან ბოლო 3 უსიმპტომო დღე) 14 დღის შემდეგ!

• პირებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19, მაგრამ არ აღენიშნებათ სიმპტომები, დონორობა შუძლიათ COVID-19-ზე დადებითი ტესტირების დღიდან 14 დღის შემდეგ.

• სისხლში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები არ წარმოადგენს დონორობის უკუჩვენებას!

რაც შეეხება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს ბოლო განახლების მიხედვით, „პირებს, რომლებმაც არარეპლიკაციური, ინაქტივირებული ან mRNA-ზე დაფუძნებული COVID-19-ის ვაქცინა მიიღეს, სისხლის დონაცია დაყოვნების გარეშე შეუძლიათ“. აქ ნაგულისხმებია Pfizer-ის, Moderna-ს, Johnson and Johnson-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები.

ამერიკული „წითელი ჯვრის“ თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ვაქცინირებული ადამიანი თავს კარგად გრძნობს და მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და აცრილია ინაქტივირებული თუ AstraZeneca-ს, Janssen/J&J-ის, Moderna-ს, Novavax-ის და Pfizer-ის მიერ წარმოებული mRNA-ზე დაფუძნებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით“, დონორი ასევე დროის დაყოვნების გარეშე შეუძლია გახდეს.

დიდ ბრიტანეთში, COVID-19-ის ვაქცინის მიღების შემდგომ სისხლის დონაციამდე 7 დღე მოცდა არის საჭირო, ხოლო თუ პაციენტს ვაქცინაციის შემდგომ რაიმე გვერდითი ეფექტი გამოუვლინდა, მაშინ მას სისხლის გაცემა, გვერდითი ეფექტებისგან სრულად გამოჯანმრთელებიდან 28 დღეში შეუძლია. ბრიტანეთის „ეროვნული ჯანდაცვის სისტემის“ (NHS) განმარტებით, მსგავსი ზომები მიღებულია, რადგან ვაქცინაციისგან და სისხლის გადასხმისგან გამოწვეული გვერდითი მოვლენებისა თუ დაავადებების ერთმანეთში არევა არ მოხდეს.

ამდენად, მტკიცება, რომ თითქოს ვაქცინირებული ადამიანების სისხლი დონაციისთვის გამოუსადეგარია, სიმართლეს არ შეესაბამება.

-----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5416 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი