2022 წლის 23 იანვარს, Facebook-მომხმარებელმა Zviad Gogiashvili-მა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ჩინეთში კორონავირუსის ანალური ტესტების გამოყენების განახლების თაობაზე საუბრობს. მისი თქმით, ჩინეთმა ეს რეგულაცია ოლიმპიადის დაწყებამდე ორი კვირით ადრე დააწესა და ტესტირების გავლა ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებსაც მოუწევთ. აქვე გოგიაშვილი საქართველოზეც საუბრობს და ამბობს, რომ მაშინ როდესაც ქვეყანა ჯანმოდან შესაბამის დირექტივას მიიღებს, მაშინ ტესტირების მსგავსი მეთოდის გამოყენება საქართველოშიც დაიწყება. რეალურად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია, რადგან ჩინეთში აღნიშნული ტესტირების მეთოდი მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფის შესამოწმებლად იქნა გამოყენებული, ხოლო ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებსა თუ დამსწრეებს მხოლოდ PCR-ტესტირების ჩატარება მოუწევთ.

ჩინეთმა ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე ორი კვირით ადრე COVID-19-ზე ანალური ტესტირების მეთოდის გამოყენება ვირუსის ომიკრონის შემთხვევების გამოსავლენად, ნამდვილად განაახლა, თუმცა ტესტირების სამიზნე ჯგუფში მხოლოდ პეკინის გარკვეული მცხოვრებლები მოექცნენ. ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემის თანახმად, რაიონში, სადაც ომიკრონით ქალის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კორონავირუსზე ანალური ტესტების გამოყენებით ტესტირება სულ მცირე 27 ადამიანს უკვე ჩაუტარდა.

ჩინეთში კორონავირუსზე ტესტირების აღნიშნული მეთოდი, PCR-ტესტების პარალელურად, 2021 წლის იანვრიდან დაიწყო, მათ შორის ქვეყანაში შემსვლელი ვიზიტორებისთვის სავალდებულოც კი გახადა. აღსანიშნავია, რომ ამ რეგულაციამ აშშ-სა და იაპონიის მთავრობების შეშფოთება გამოიწვია და ჩინეთის მთავრობას თხოვნითაც მიმართეს, რომ მათი წარმომადგენლების ტესტირება იძულებით არ განეხორციელებინათ. ჩინეთმა ოფიციალური წარმომადგენლების იძულებით ტესტირება უარყო. მსგავსი პროცედურა ხელშემშლელი აღმოჩნდა სხვა ვიზიტორებისთვისაც.

ჩინეთის ჯანდაცვის წარმომადგენლების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ტესტირების მეთოდი არასასიამოვნოა (პროცედურის დროს 3-5 სანტიმეტრის სიგრძის ბამბის ჩხირი გამოიყენება), მსგავსი გზით აღებული ნაცხი უფრო ზუსტ პასუხს იძლევა, ვიდრე ცხვირისა და პირის ღრუდან აღებული ნიმუშების შემთხვევაში. თუმცა, ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსგავსი ტესტირების მეთოდს არ ემხრობოდა და როგორც პრესსპიკერმა ქრისტიან ლინმეიერმა REUTERS-თან განაცხადა, რესპირატორული დაავადებების დასადგენად ყოველთვის რესპირატორული ტრაქტიდან აღებული ნიმუშების გამოყენებაა უმჯობესი.

ჩინეთის კომუნისტურ პარტიას პანდემიის წინააღმდეგ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა აქვს გამოცხადებული, რაც მოიცავს ჩაკეტვებს, მოგზაურობის შეზღუდვას და მასობრივ ტესტირებას. კორონავირუსის მიმართ მსგავსი მკაცრი პოლიტიკის გამო ჩინეთს დასავლური სამყარო მწვავედ აკრიტიკებს კიდეც. მთავრობის პოლიტიკის გათვალისწინებით, რეგულაციები გამკაცრებულია ზამთრის ოლიმპიურ თამაშების მიმართაც, რომელიც 4 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება. გამკაცრებული პროტოკოლის თანახმად, ოლიმპიადის უცხოელი მონაწილეები აეროპორტიდან ქალაქამდე სპეციალური ტრანსპორტით, ერთმანეთისგან იზოლირებულ ნომრებში გადაჰყავთ. ამასთან, თამაშებთან დაკავშირებული თითოეული პირი, მათ შორის - მედიის წარმომადგენლებიც, ვალდებულები არიან ყოველდღიურად ტესტი ჩაიტარონ. სპორტსმენებს ოლიმპიადის ფარგლებში ოლიმპიური სოფლის დატოვება და ქალაქში გასვლაც აკრძალული აქვთ.

მიუხედავად ჩინეთში არსებული ფართო შეზღუდვებისა, რომელსაც სხვადასხვა დასავლური სახელმწიფო ღიად აკრიტიკებს კიდეც, ჩინეთში ანალური ტესტირების მეთოდით კორონავირუსზე მხოლოდ გარკვეული სამიზნე აუდიტორიის შემოწმება მოხდა და ქვეყანა ამ მეთოდს ყოველდღიურ პრაქტიკაში არ იყენებს. ამასთან, მსგავსი მეთოდი არც სხვა ქვეყნებში გამოიყენება და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უჭერს მხარს. ამდენად, იმის მტკიცება, რომ მსგავსი მეთოდით ტესტირებას მალე საქართველოშიც დაიწყებენ, საფუძველს მოკლებულია.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი