თორნიკე რიჟვაძე: „დასრულდა ქედაში სოციალური სახლის მშენებლობა და იქ შესაბამისი ოჯახები უსაფრთხო გარემოში ძალიან მალე გაგრძელებენ ცხოვრებას“.

ვერდიქტი: თორნიკე რიჟვაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის იანვარში დასრულდა. ოცბინიანი სახლი რთულ ეკოლოგიურ (ზვავსაშიშ და ქვათაცვენის აქტიურ) ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით აშენდა. როგორც ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტეს, მშენებლობის ვადის გახანგრძლივება პანდემიური ვითარებით იყო გამოწვეული, ხოლო დანარჩენი პერიოდი მოქალაქეების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას მოხმარდა.

მოქალაქეების განცხადებები სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ შექმნილმა საცხოვრებელი ფართებისა და ბინების გამანაწილებელმა კომისიამ შეისწავლა. მერიაში განაცხადი 50-ზე მეტ ოჯახს ჰქონდა შეტანილი. პროგრამაში ჩასართავად აუცილებელი იყო სოფელში მუდმივად ცხოვრება, გეოლოგიური დასკვნა და ალტერნატიული საცხოვრებლის არქონა. საბოლოოდ ოცი ოჯახი შეირჩა. დოკუმენტაციის შესაბამისობის გარდა, კომისიამ გაითვალისწინა იმ ოჯახების მდგომარეობა, რომელთა სახლებიც განსაკუთრებით მაღალი რისკის ზონაში იყო და ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა.

პროგრამის ბენეფიციარებად შერჩეულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები უახლოეს დღეებში გადაეცემათ.

ანალიზი

2022 წლის 28 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „დასრულდა ქედაში სოციალური სახლის მშენებლობა და იქ შესაბამისი ოჯახები უსაფრთხო გარემოში ძალიან მალე გაგრძელებენ ცხოვრებას“.

ქედის მუნიციპალიტეტმა, სოფელ პირველ მაისში სოციალური სახლის მშენებლობის შესყიდვის მიზნით, 1 530 378 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი (NAT190007090) 2019 წლის 8 აპრილს გამოაცხადა. 30 მაისს 1 263 080-ლარიანი ხელშეკრულება შპს „მომავლის ხედვასთან“ გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას სამუშაოები 540 კალენდარულ დღეში უნდა განეხორციელებინა, ანუ - 2020 წლის ნოემბერში სოციალური სახლი დასრულებული უნდა ყოფილიყო. მთლიანი ღირებულებიდან, 800 ათასი ლარი 2019 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 2020 წლის ბიუჯეტში.

მოგვიანებით სახელშეკრულებო პირობები რამდენჯერმე შეიცვალა, მათ შორის, სამუშაოების ვადაც გახანგრძლივდა. კერძოდ, 2020 წლის აპრილის ცვლილებით, პროექტი დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა დეკემბერში შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის კიდევ ერთი შეთანხმება შედგა და ვადა 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა. მიზეზად COVID-19-ით გამოწვეული პანდემია სახელდება. შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ სამუშაოების შემსრულებელთა ჯგუფი ვირუსით დაინფიცირდა, რის გამოც პროექტის განხორციელება შეფერხდა.

საბოლოოდ, მშენებლობა 2021 წლის იანვარში დასრულდა. შემსყიდველმა პროექტი ჩაიბარა და კომპანიას შესაბამისი თანხა გადაუხადა.

სოციალური სახლის მშენებლობის შემდეგ, საცხოვრებელი ფართებისა და ბინების გამანაწილებელი კომისია შეიქმნა, რომელიც მოქალაქეების განცხადებებს განიხილავდა. კომისიის შემადგენლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის ა/რ მთავრობის შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიოდნენ. ბენეფიციარებს შესაბამისი დოკუმენტაცია 2021 წლის 30 ივლისის ჩათვლით პერიოდში უნდა წარედგინათ. პროგრამის ბენეფიციარად დარეგისტრირებისთვის, აუცილებელი პირობა იყო სოფელ აგარაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი, გეოლოგიური დასკვნა და ალტერნატიული საცხოვრებლის არქონა. მერიაში განცხადება 50-ზე მეტმა ოჯახმა შეიტანა.

2021 წლის ივლისში კომისიამ დაადგინა, რომ მოქალაქეების მიერ წარდგენილი განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია სრულყოფილი არ იყო და ბენეფიციარებს დამატებითი ვადა მისცა. პროცესი რამდენიმე თვეს გაგრძელდა.

საბოლოოდ, 2022 წლის იანვარში, კომისიამ, განხილული დოკუმენტაციის შედეგად, ოცი ოჯახი შეარჩია. დოკუმენტაციის შესაბამისობის გარდა, კომისიამ გაითვალისწინა იმ ოჯახების მდგომარეობა, რომელთა სახლებიც განსაკუთრებით მაღალი რისკის ზონაში იყო და ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა. ისინი ახალ საცხოვრებელ ფართებს უახლოეს დღეებში მიიღებენ. ბენეფიციარების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ. სხვა ოჯახებს, რომელთა განცხადებებიც არ დაკმაყოფილდა, ქედის მუნიციპალიტეტის მერიისთვის წერილობითი (დასაბუთებული) პრეტენზიების წარსადგენად ათდღიანი ვადა ჰქონდათ.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის ბიუჯეტში, ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე ქვეპროგრამაა გაწერილი. ასევე გათვალისწინებულია თანხა დაახლოებით ორმოცდაათი ოჯახის დროებითი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფისთვის.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი