სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, „საფრანგეთის სასამართლომ კოვიდის ვაქცინით გარდაცვალება თვითმკვლელობად ცნო და ამის გამო, მილიონებად დაზღვეული სიცოცხლისთვის, კომპანიამ განსვენებულის ოჯახს არაფერი გადაუხადა“.

იხ. Facebook პოსტი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში წყაროდ რუსულენოვან ვებგვერდზე (КорреспонденT.нет) გამოქვეყნებული სტატიის სქრინია მოყვანილი. ვებგვერდზე 2022 წლის 14 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: ,,მოსამართლემ მხარი დაუჭირა სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც კოვიდვაქცინისგან გარდაცვლილი მილიონერის შვილებს სიცოცხლის დაზღვევის თანხის ანაზღაურებაზე უარი უთხრა.

აღნიშნული დეზინფორმაცია სხვადასხვა რუსულენოვან წყაროებზე სწრაფადვე გავრცელდა: (იხილეთ ბმული 1; ბმული 2; ბმული 3).

სინამდვილეში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფრანგეთის სასამართლომ კოვიდვაქცინით გარდაცვალება თვითმკვლელობად შეაფასა, არ დასტურდება, მათ შორის - არც ფრანგულენოვან წყაროებში.

დეზინფორმაცია, რომ სადაზღვევო კომპანიამ ერთ-ერთი მილიონერის ოჯახს, მისი სიცოცხლის დაზღვევის მიუხედავად, ფულადი კომპენსაცია არ გადაუხადა, ფრანგულ მედიაშიც გავრცელდა. გამოცემა Libération-ის CheckNews-ის სექციამ, რომელიც ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის წევრია, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა.

CheckNews-ის თანახმად, აღნიშნული დეზინფორმაციის ერთ-ერთი გამავრცელებელი ფილიპ ვებერია, რომელიც ასტროლოგია და კოვიდვაქცინების საწინააღმდეგოდ ვიდეობლოგებს აქვეყნებს. ტვიტერზე გამოქვეყნებულ მის ვიდეოში ჩანს, რომ ვებერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს კითხულობს და ის თავად არ არის დეზინფორმაციის პირველწყარო. CheckNews-მა ორიგინალ წყაროს ვერ მიაკვლია, თუმცა, მათი თქმით, ტექსტი რომელსაც ვებერი კითხულობს, სოციალურ ქსელებში 2022 წლის დასაწყისიდან გამოჩნდა.

გავრცელებულ დეზინფორმაციაში სადაზღვევო კომპანიის სახელი და გარდაცვლილის ვინაობა დასახელებული არაა. ამდენად, CheckNews-ი გავრცელებული დეზინფორმაციის გადასამოწმებლად საფრანგეთში სადაზღვევო კომპანიების მაკონტროლებელ სააგენტოს (ACPR) დაუკავშირდა. მათი თქმით, დაზღვეულის გარდაცვალების გარემოებებს, ანაზღაურების გადახდაზე გავლენა არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ვაქცინაციის შემდეგ სადაზღვევო კომპანიები ბენეფიციარებისთვის კუთვნილი კომპენსაციის გადახდაზე უარს ამბობენ, სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. სიცოცხლის დამზღვევ კომპანიათა ამერიკული საბჭო (ACLI) მსგავს დეზინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი ძალიან მკაფიოა. მასში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ მუშაობს სადაზღვევო პოლისი და სადაზღვევო კომპანიებმა რა მიზეზით შეიძლება განაცხადონ უარი კომპენსაციის გადახდაზე. COVID-19-ის ვაქცინა ამ მიზეზთა შორის არ სახელდება. ამდენად, არც ამერიკული და არც ევროპული სადაზღვევო კომპანიები ვაქცინირებულ ადამიანებს დაზღვევის თანხის ანაზღაურებაზე უარს არ ეუბნებიან.

გარდა ამისა, პოსტში მოცემული მტკიცება, რომ ვაქცინები ექსპერიმენტულია, მცდარია. COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, COVID-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი (დამატებით იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

-------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი