საბა ბუაძე: ისტორიულ მინიმუმზე არის საქართველოში ინვესტიციების შემოდინება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საბა ბუაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2020 წელს 572 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მცირე მაჩვენებელია. 2020 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-ს 3.6%-ს შეადგენდა, რაც აგრეთვე, 2001 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, პუი-მ 728.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს 22 მლნ აშშ დოლარით აღემატება. სამი კვარტლის მონაცემებით, პანდემიამდელ პერიოდში, უფრო ნაკლები ინვესტიცია 2010 წელს შემოვიდა. 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, პუი-ს მშპ-თან ფარდობამ 5.5% შეადგინა, რაც 2020 წელს თუ არ ჩავთვლით, 2002 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სამართლიანობისთვის, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ 2020 წელს, პანდემიური ვითარება საინვესტიციო სფეროსთვის კატასტროფული - არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის აღმოჩნდა. ერთი შეხედვით, უშუალოდ 2020-2021 წლებთან მიმართებით, საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ დაეკისროს, პოლიტიკოსის განცხადება კი სწორედ მთავრობის მიმართ კრიტიკის კონტექსტში გაკეთდა. თუმცა ინვესტიციების დინამიკა საქართველოში პანდემიამდელ პერიოდშიც პრობლემური იყო. ასევე, საბა ბუაძე განცხადების კონტექსტში ყურადღებას მსხვილი საინვესტიციო პროექტების გაჩერებაზე ამახვილებს, როგორიც მაგალითად ანაკლიის პორტი იყო.

2020-2021 წლების განმავლობაში, ინვესტიციების არსებული დონე, ძირითადად რეინვესტირებაზე მოდიოდა. რეინვესტირების მაჩვენებელი 2019 წელსაც მაღალი იყო და მთლიანი ინვესტიციების დაახლოებით 50%-ს შეადგენდა. რეინვესტირების მაღალი წილი პუი-ს სტრუქტურაში ახალი ინვესტიციების შემოსვლის დაბალ მაჩვენებელზე მიანიშნებს, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის უარყოფით მოვლენას წარმოადგენს და პოლიტიკოსის მიერ დასმულ აქცენტს ხაზს უსვამს.

მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, საბა ბუაძის განცხადება მეტწილად სიმართლეა, რადგან განცხადება ზუსტია, მაგრამ აბსოლუტური მაჩვენებლების დინამიკასა და პანდემიურ კონტექსტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას და განმარტებას საჭიროებს.

ანალიზი:

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა: (3 წთ-დან) „ისტორიულ მინიმუმზე არის საქართველოში ინვესტიციების შემოდინება“. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსმა განცხადება მსხვილი საინვესტიციო პროექტების შეჩერების კონტექსტში გააკეთა, როგორიც ანაკლიის პორტი იყო.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს ფლობს.

მიმდინარე მონაცემებით, საქართველოს სტატისტიკის სამსახურს გამოქვეყნებული აქვს 3 კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა. 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, პუი-მ 728.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს 22 მლნ აშშ დოლარით აღემატება. სამი კვარტლის მონაცემებით, პანდემიამდელ პერიოდში, უფრო ნაკლები ინვესტიცია 2010 წელს შემოვიდა. 2020 წელს, პუი-ს მაჩვენებელმა 572 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. 2020 წლის IV კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციების გამავალი ნაკადები შემომავალ ნაკადებს აჭარბებდა. კვარტალურ ჭრილში, უარყოფითი პუი 1995 წლის შემდეგ (არსებული სტატისტიკის ფარგლებში) პირველად დაფიქსირდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დეტალური სტატისტიკა 2000-2021 (3 კვარტლის) წლებში, წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.

აბსოლუტურთან ერთად, მნიშვნელოვანია ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობითი მაჩვენებლის განხილვაც. ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. თუმცა, აქვე უნდა დავძინოთ, რომ 2010 წლამდე და 2010 წლის შემდეგ მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება შეიძლება მხოლოდ საორიენტაციო სახის იყოს, ვინაიდან 2010 წლის შემდეგ, საქსტატის მიერ მშპ-ს მაჩვენებლის გამოთვლა ახალი მეთოდოლოგიით მოხდა, რამაც აღნიშნულ პერიოდში, მშპ-ს მაჩვენებლის ზრდა მოყვა (აღნიშნულთან დაკავშირებით, იხ სტატია). 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, პუი-ს მშპ-თან ფარდობამ 5.5% შეადგინა, რაც 2020 წელს თუ არ ჩავთვლით, 2002 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2020 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-ს 3.6%-ს შეადგენდა, რაც 2001 წლის შემდეგ, ყველაზე მცირე მაჩვენებელია.

ცხრილი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1997-2021(3 კვარტლის) წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სამართლიანობისთვის, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ 2020-2021 წლებში, პანდემიური ვითარება საინვესტიციო სფეროსთვის კატასტროფული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის აღმოჩნდა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ დაეკისროს. თუმცა ინვესტიციების დინამიკა საქართველოში პანდემიამდელ პერიოდშიც პრობლემური იყო.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ინვესტორების სააქციო კაპიტალი, განხორციელებული რეინვესტიციები და სავალო ვალდებულებები. 2020 წლის განმავლობაში, სააქციო კაპიტალის ნაკადები პრაქტიკულად ნულს მიუახლოვდა და 29 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი ინვესტიციების 5%), ხოლო რეინვესტირებამ 500 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (პუი-ს 87.5%) რაც ძირითადად, პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისით იყო გამოწვეული. 2021 წლის სამი კვარტლის სტატისტიკაში რეინვესტირების მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდა და სამი კვარტლის მონაცემებით, 613 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ინვესტიციების 84.2% იყო., ხოლო სააქციო კაპიტალის მოცულობამ იმავე პერიოდში 84 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (პუი-ს 11.5%) რეინვესტირების მაჩვენებელი მაღალი იყო 2019 წელსაც და მთლიანი ინვესტიციების 47.5%-ს შეადგენდა. რეინვესტირების მაღალი წილი პუი-ს სტრუქტურაში მიანიშნებს ახალი ინვესტიციების შემოსვლის დაბალ მაჩვენებელზე, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის უარყოფით მოვლენას წარმოადგენს და საბა ბუაძის მიერ მიერ დასმულ აქცენტს ხაზს უსვამს.

ცხრილი 2: პუი-ს სტრუქტურა 2013-2021(3 კვ) წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი