23-24 იანვარს ონლაინ მედია სააგენტოებისა და სოციალური ქსელის საშუალებით კორონავირუსის ე.წ. სამკურნალო წამალზე ინფორმცია ვირუსულად გავრცელდა. მასალებში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ქართველმა ექიმმა ალექსანდრე თავართქილაძემ შექმნა წამალი - „სულაჟერი“, რომელმაც საოცარი შედეგი აჩვენა. მასალებში მოცემულია წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ზაზა ლურსმანაშვილის Facebook-პოსტი (იხ. პოსტი).

მასალა გაავრცელეს ონლაინ მედია სააგენტოებმა: spnews.io, tia.ge, digest.pia.ge, sarkenews.ge, gurianews.com, guriismoambe.com, sport24.ge, spit.spnews.io, exclusivenews.ge

რეალურად, ონლაინ მედია სააგენტოებმა ზაზა ლურსმანაშვილის Facebook-პოსტი არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქეს. ზემოთ მოცემული სტატიების ძირითად ნაწილში ლურსმანაშვილის პოსტი სრული სახითაა წარმოდგენილი, თუმცა სტატიების სათაური და შესავალი ნაწილი, სადაც საუბარია „სულაჟერზე“, როგორც ქართველი ექიმის მიერ გამოგონილ კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალზე, ყალბ ინფორმაციას შეიცავს. „სულაჟერი“ არ არის კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი. შ.პ.ს „სულაჟერის“ ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, „სულაჟერი“ წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ კვებით დანამატს და მისი გამოყენება რეკომენდებულია:

⦁ ანტიპროლიფერაციული და პროაპოპტოზური საშუალების სახით

⦁ ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან კომპლექსური გამოყენებისათვის მათი ტოქსიკური

გვერდითი მოვლენების შესამცირებლად

⦁ ინფექციური დაავადებების დროს სტანდარტული თერაპიის პარალელურად და შემდგომ

რეკონვალესცენციის პერიოდში

⦁ ღვიძლის ფუნქციების გასაუმჯობესებლად მისი დაზიანების შემთხვევაში (ვირუსული,

მედიკამენტოზური, ალკოჰოლური)

⦁ სისხლის არტერიული წნევის რეგულაციისათვის

⦁ ნახშირწყლოვანი ცვლისა და სისხლის ლიპიდური სპექტრის გასაუმჯობესებლად

⦁ ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად

⦁ იმუნორეზისტენტობის ასამაღლებლად ფილტვების ქრონიკულად მიმდინარე სპეციფიკური

ინფექციების (მაგ; ტუბერკულოზური ინფექცია, ქრონიკული ბაქტერიული და ვირუსული

ინფექციები) დროს.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „სულაჟერი“ შეიცავს Polygonum Cuspidatum-ის ფესვების მშრალ ექსტრაქტს 300 მგ, რომელიც თავის მხრივ შედგება ტრანსრესვერატროლის, ფიტოალექსინებისა და სხვა ფენოლური ანტიოქსიდანტების კონცენტრატებისგან.

„ფაქტ-მეტრი“ ინფორმაციის დასაზუსტებლად ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს განმარტებით, „სულაჟერი“ არ არის საკვლევი მედიკამენტი. ის არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ანუ სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინებისა და მიკროელემენტების გამოყენება პაციენტებში შესაძლებელია მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით.“

COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინის ერთ-ერთმა ავტორმა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმმა აკაკი აბუთიძემ „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განაცხადა: „სულაჟერი“ არ არის მედიკამენტი, ეს არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა პათოლოგიის დროს და ახლა კოვიდის დროსაც. მისი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება არ არის დამტკიცებული. საჭიროა კლინიკური კვლევის ჩატარება. ამიტომაც რეკომენდაციის გაცემა, როგორც კოვიდის სამკურნალო საშუალება, არ შეიძლება.“

ამრიგად, ონლაინ მედია სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია კორონავირუსის სამკურნალო ე.წ. წამლის გამოგონების შესახებ მანიპულაციურია და სიმართლეს არ შეესაბამება.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი