2022 წლის 8 იანვარს, ონლაინ მედია სააგენტო „თვალსაზრისზე“ ირაკლი ჯანყარაშვილის სტატია გამოქვეყნდა შემდეგი სათაურით- „აშშ-ს ადმინისტრაციას არ აქვს გადაწყვეტილი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უკრაინაში მისი შეჭრის შემთხვევაში“. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ჯანყარაშვილი CNN-ზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში არ აქვს გადაწყვეტილი, რადგან აშშ-ს რუსეთის საპასუხო რეაქციის ეშინია. ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხაზინის ანალიზის მიხედვით, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების მიერ გამოღებული ნეგატიური შედეგები შესაძლოა აშშ-ს „ბუმერანგის ეფექტით“ უკან დაუბრუნდეს. სტატიაშივეა ნახსენები, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია Nord Stream 2-ის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მხარს არ უჭერს, რადგან „ეს არ იქნება ეფექტური რუსეთის შემდგომი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ან უკრაინის დასაცავად“. რეალურად, CNN-ის სტატიაში ნამდვილად არის განხილული აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი და მათთან დაკავშირებული სირთულეები. თუმცა, მკაფიოდ არის დაფიქსირებული აშშ-ს პოზიციაც, რომ თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს, მას მკაცრი სანქციებით უპასუხებს. აშშ-ში მხოლოდ განიხილავენ საკითხს, თუ ყველაზე ეფექტური და გონივრული რომელი სანქციის გამოყენება იქნება. ამდენად, „თვალსაზრისზე“ გამოქვეყნებული სტატია მკითხველს ინფორმაციას მხოლოდ ნაწილობრივ აწვდის და შთაბეჭდილებას უქმნის, რომ ვაშინგტონი კრემლის წინააღმდეგ მოქმედებას არ აპირებს.

რეალურად, CNN-მა 8 იანვარს ნამდვილად გამოაქვეყნა სტატია შემდეგი სათაურით - „ბაიდენის ოფიციალური წარმომადგენლები რუსეთისთვის სანქციების დაწესების ვარიანტებს განიხილავენ ეკონომიკურ შედეგებზე გაფრთხილების შემდეგ, გაზრდილი კიბერსაფრთხეები აშშ-ისა და მოკავშირეებისთვის“ (Biden officials weighing Russia sanctions options after warnings about economic fallout, heightened cyber risk for US and allies). საკმაოდ მოცულობით სტატიაში განხილულია აშშ-ის მიერ რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შესაძლო ვარიანტები, მათთან დაკავშირებული სირთულეები და მათ მიმართ აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლების პოზიციები.

აღსანიშნავია, რომ „თვალსაზრისზე“ გამოქვეყნებული სტატიისგან განსხვავებით, CNN არ წერს, რომ აშშ-ს მოსკოვის საპასუხო რეაქციის ეშინია და უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, არ აპირებს მას სანქციები დაუწესოს. კონკრეტულად, CNN-ის სტატიის დასაწყისსა და სხვადასხვა მონაკვეთში ვკითხულობთ, რომ ამერიკაში არათუ რუსეთისათვის სანქციების დაწესება არ განიხილება, არამედ ვაშინგტონში აქტიურად ფიქრობენ, ყველაზე ეფექტურად როგორ სახის სანქციები შეიძლება იყოს გამოყენებული.

„თვალსაზრისზე“ გამოქვეყნებული სტატიის მსგავსად, CNN-ის სტატიის დასაწყისში ნამდვილად არის საუბარი აშშ-ის ადმინისტრაციის გარკვეული ნაწილის მოსაზრებაზე რუსეთისთვის დასაწესებელი სანქციების სიმძიმესა და ამერიკისთვის ამ სანქციების „ბუმერანგის ეფექტზე“. თუმცა, იქვეა აღნიშნული, რომ ადმინისტრაციის ნაწილი მოსალოდნელი საფრთხეების მიუხედავად, მაინც მძიმე სანქციების დაწესებას განიხილავს.

მათი მოსაზრებით, რუსეთისათვის მკაცრი სანქციების დაწესება ნამდვილად ღირს და თუ ეს სანქციები კარგად შეფასებული იქნება, მაშინ ამერიკისთვის გამოწვეული უკუეფექტიც, მარტივად მართვადი გახდება. სტატიაში მიმოხილულია რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმების ალბათობის საფრთხეც, ხოლო ბოლო ქვეთავში კიდევ ერთხელ არის ნათქვამი, რომ მიუხედავად ყველა პოტენციური საფრთხისა, აშშ-ის მაღალჩინოსნები არ აპირებენ უკან დახევას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება- „უკან არ ვიხევთ მკაცრი სანქციების დაწესების სურვილისგან, თუ რუსეთი შეიჭრება [უკრაინაში]. თუმცა ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, როგორ გავაკეთოთ ყველაფერი გონივრულად. როგორ დავაზარალოთ უფრო მეტად მხოლოდ სამიზნე ობიექტი და ნაკლებად მოკავშირეები“.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოქტომბრის ბოლოს, უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება შეინიშნა, კიევმა და ვაშინგტონმა გამოსცეს ცნობები, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავდა. აღნიშნულ ცნობებს, მალევე ამერიკელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის მთელი რიგი შეხვედრები და მოლაპარაკებები მოჰყვა, სადაც განხილვის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იყო.

უკრაინის საზღვრებთან დაძაბული მდგომარეობის გამო აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 7 დეკემბერს ონლაინ შეხვედრაც გაიმართა. თეთრი სახლის გავრცელებული განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ბაიდენმა მკაფიოდ დააფიქსირა მისი პოზიცია, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ. სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში შესაძლო ეკონომიკურ ზომებად განიხილება პუტინის უახლოესი გარემოცვისთვის, რუსეთის უმსხვილესი ბანკებისთვის და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისთვის სანქციების დაწესება.

უკრაინის საკითხის განსახილველად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც შეხვდნენ. შეხვედრამდე ბლინკენმა ეუთოს მინისტერიალზე ლავროვი უკრაინასთან დაკავშირებით ძვირი საზღაურის შესახებაც გააფრთხილა.

უშუალოდ ბაიდენ-პუტინის ონლაინ შეხვედრის შემდეგ ენტონი ბლინკენმა აშშ-ს პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააჟღერა - „მზად ვართ, გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, როგორი ნაბიჯების გადადგმისგან 2014 წელს თავი შევიკავეთ და რომელსაც რუსეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება. ჩვენ რუსეთთან სტაბილურ, პროგნოზირებად ურთიერთობას ვანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ თუკი რუსეთი გააგრძელებს წინდაუხედავ და აგრესიულ ქმედებებს, ჩვენ ვუპასუხებთ და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც“.

სულ ახლახან გააკეთა განცხადება, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმაც. მან ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ ახალი აგრესიის შემთხვევაში, აშშ-სა და მის მოკავშირეებს მზად აქვთ საპასუხო ზომები, რომლებიც მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე ეკონომიკურ სანქციებს. „არ ვაპირებ აღგიწეროთ 18 სხვადასხვა სცენარი. უბრალოდ, გეტყვით, რომ ჩვენი დიალოგი მოკავშირეებთან აგებულია რუსეთისათვის მწვავე ტკივილის მყისიერად მიყენების გარშემო, თუ რუსეთი გადადგამს რაიმე ნაბიჯს უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისკენ“, - განაცხადა ნულანდმა.

19 იანვარს, პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გადაწყვეტს, აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან რუსეთსა და რუსეთის ეკონომიკას მძიმე და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ“. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, ინტენსიურად მუშაობს მოცულობითი სანქციების შესახებ - „ფინანსური, ეკონომიკური, ექსპორტის კონტროლისა და სხვა მიმართულებით“.

ამდენად, „თვალსაზრისის“ სტატიაში - CNN-ის სტატიის შინაარსი, მხოლოდ ნახევრად არის გადმოტანილი, რადგან რეალურად მასში აშშ-ს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების სირთულეებთან ერთად, მკაფიოდ არის დაფიქსირებული პოზიცია, რომ თუ კრემლი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს, აშშ რუსეთისათვის შესაბამისი სანქციების დაწესებას აპირებს. „თვალსაზრისზე“ გადმოტანილი შემოკლებული ინფორმაცია კი მკითხველს შთაბეჭდილებას უქმნის, რომ ვაშინგტონი მოსკოვისთვის პასუხის გაცემას არ აპირებს, რადგან სანქციებთან დაკავშირებულ სირთულეებს უფრთხის.

რაც შეეხება სტატიაში გაჟღერებულ „ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის“ საკითხს, CNN-ს რუსეთისთვის დასაწესებელ სანქციებს შორის ერთ-ერთ ყველაზე რეალურად სწორედ მილსადენზე დაწესებულ სანქციებს მოიაზრებს. იქვეა აღნიშნული, რომ აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლები გერმანიას - იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება, „ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის“ შეჩერებისკენ აქტიურად მოუწოდებენ. სტატიაშივეა ნახსენები, რომ იმავე პოზიციას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც იზიარებს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მოქმედების ესკალაციის შემთხვევაში, შესაძლოა გაზსადენი არ ამოქმედდეს.

ცნობისთვის, „ჩრდილოეთი ნაკადი 2“ მილსადენის მეშვეობით, რომელიც ბალტიის ზღვის ქვეშ გადის, რუსულ გაზი, უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით, გერმანიას უნდა მიეწოდოს. მილსადენის მშენებლობას ვაშინგტონი აქტიურად აპროტესტებდა. უკმაყოფილებას გამოხატავდა ასევე უკრაინა და პოლონეთი. გაზსადენი, კრიტიკოსების განცხადებით, რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის და მოსკოვი ამას პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენებს. ამასთან, კიევი გაზის სატრანზიტო ფუნქციას კარგავს, რაც ქვეყანას შემოსავლის კუთხით, მნიშვნელოვნად აზარალებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ზე სანქციების დაწესება აქტიურად განიხილებოდა. ბოლოს სენატში 14 იანვარს, რესპუბლიკელი სენატორის ტედ კრუზის კანონპრექტი, რომელიც ამ გაზსადენის მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა, უარყვეს.

პროექტის მიხედვით, შეზღუდვები „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის ოპერატორი კომპანიისა და სხვა ფირმების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გაზსადენთან, უნდა დაწესებულიყო. სენატის მიერ პროექტის დამტკიცებას ხუთი კანონმდებლის ხმა დააკლდა. პროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს დემოკრატმა სენატორებმა, რომლებიც ემხრობიან პრეზიდენტ ბაიდენის პოზიციას, რომელმაც თავის დროზე მილსადენზე სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა, რადგან გერმანიასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურდა. თუმცა, კრუზის კანონპროექტის ჩავარდნის მიუხედავად, დემოკრატებმა სენატში შეიტანეს საკუთარი პროექტი, რომლის მიხედვითაც, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, სანქციები ვლადიმერ პუტინისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ დაწესდება.

აღსანიშნავია, რომ თავად გერმანული მხარე - იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის არ ამოქმედების გეგმას აქტიურად განიხილავს. სულ ახლახან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ რუსეთის მხრიდან „ენერგეტიკა გამოყენებული იქნება პოლიტიკურ იარაღად, ამას შესაბამისი საპასუხო რეაქციები მოჰყვება“. ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის როთის განცხადებით, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის მოსახდენად უნდა იქნას გამოყენებული.

წყაროს შესახებ:

„თვალსაზრისი“ ონლაინ მედია სააგენტოა, რომელიც მკვეთრად ანტიდასავლურ და პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. 2020 წლის განმავლობაში „თვალსაზრისი“ სხვა პრორუსულ გამოცემებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული აშშ-ის, NATO-სა და ევროკავშირის მადისკრედიტირებელ კამპანიებში, რომლის ფარგლებშიც დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის მასალას ავრცელებდა. ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი