რომან გოცირიძე: მანიპულირებაა, რომ პირველები ვართ ევროპაში ეკონომიკური ზრდით, ირლანდიის შემდეგ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ს დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: მთავრობის წარმომადგენლები, ხშირად საუბრობენ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, რითაც საქართველოს ლიდერად წარმოაჩენენ. თუმცა, 2021 წლის ზრდის მაღალი მაჩვენებელი, დიდწილად საბაზო ეფექტით არის განპირობებული, რასაც ქართულ პოლიტიკურ თუ საექსპერტო წრეებში, ზამბარის ეფექტად მოიხსენიებენ. 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკის აღდგენის კუთხით, საქართველოს შედეგები შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ წარსულშიც წერდა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, პანდემიურ 2020 წელს ირლანდიის ეკონომიკა 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. 2021 წელს ირლანდიის ეკონომიკამ ზრდა განაგრძო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რეალურად, ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაიწყო. მიმდინარე წლის ნოემბრის პროგნოზით, ირლანდიის ეკონომიკა 14.6%-ით გაიზრდება, ხოლო საქართველოს ეკონომიკა კი - 10.5%-ით. შედეგად, პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, ირლანდიის ეკონომიკა უხეშად 22%-ით იზრდება, ხოლო საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით. ეკონომიკის აღდგენის კუთხით კი 2019 წელთან შედარებით ევროპაში საქართველოს ირლანდია, სერბეთი, ესტონეთი, ლუქსემბურგი და ლიეტუვა უსწრებს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, 2021 წლის 18 დეკემბერს ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „მანიპულირებაა, რომ პირველები ვართ ევროპაში ეკონომიკური ზრდით, ირლანდიის შემდეგ. ირლანდიის ეკონომიკა მიმდინარე წელს გაიზარდა 14,5 პროცენტით. ეს ზრდა საბაზო ეფექტის, ანუ შარშანდელი დაცემის გამო არ ხდება, არამედ რეალური ზრდაა. შარშან, მიუხედავად პანდემიისა, ირლანდიის ეკონომიკა გაიზარდა 5,9 პროცენტით (საქართველოს ეკონომიკა შემცირდა 6,8 პროცენტით)“. წარმოდგენილი პოსტი, რამდენიმეთაგან ერთ-ერთია, სადაც რომან გოცირიძე, საქართველოს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სხვადასხვა განცხადებებს გამოეხმაურა.

„ფაქტ-მეტრმა“აღნიშნული განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა.

მთავრობის უმაღლესი რანგის მოხელეები, მათ შორის - პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, 2021 წლის განმავლობაში, უპრეცედენტო, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე ხშირად საუბრობდნენ, „რითაც საქართველო როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში ლიდერად გვევლინება“. თუმცა 2021 წლის ზრდის მაღალი მაჩვენებელი, დიდწილად საბაზო ეფექტით არის განპირობებული, რასაც ქართულ პოლიტიკურ თუ საექსპერტო წრეებში ზამბარის ეფექტად მოიხსენიებენ. 2020 წელს, მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების შედეგად, საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მნიშვნელოვანია, შინაარსობრივადაც მაღალ ზრდას წარმოადგენდეს და არ იყოს 2021 წლის მსგავსად ტექნიკური/მათემატიკური მიზეზებით გამოწვეული.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2021 წლის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზით ევროპაში ირლანდიის შემდგომ პირველია, ხოლო ამავე პროგნოზით, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკური აღდგენის კუთხით, საქართველოს უსწრებს ირლანდია, სერბეთი, ესტონეთი, ლუქსემბურგი და ლიეტუვა.

გრაფიკი 1: საქართველოს და ირლანდიის ეკონომიკური ზრდა, 2017-2021

წყარო: მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, პანდემიურ 2020 წელს ირლანდიის ეკონომიკა 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო თავის მხრივ საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. 2021 წელს ირლანდიის ეკონომიკამ ზრდა განაგრძო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რეალურად ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაიწყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, ირლანდიის ეკონომიკა 14.6%-ით გაიზრდება, ხოლო საქართველოს ეკონომიკა - 10.5%-ით. შედეგად, პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, ირლანდიის ეკონომიკა უხეშად 22%-ით იზრდება, ხოლო საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით.

რედაქტორის შენიშვნა: პოსტის გამოქვეყნების დროისთვის, 2021 წლის დეკემბრის წლიური ინფლაციის მონაცემები გამოქვეყნებული ჯერ კიდევ არ იყო. აქედან გამომდინარე, კალკულაციები განცხადების გამოქვეყნების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის შესაბამისია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი