2022 წლის 4 იანვარს პოლიტოლოგმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა ონლაინ გამოცემაში - Isari.ge, გამოაქვეყნა სტატია, სათაურით - „დაძაბული იანვარი“. სტატია აშშ-სა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულობას ეხება, რომელიც რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებზეა აგებული. აღნიშნული პროპაგანდის ერთ-ერთი ნაწილი დასავლეთის ცენზორად, ხოლო რუსული სამთავრობო ტელევიზიის, Russia Today-ის (RT), მიუკერძოებელ და თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე მყოფ მაუწყებლობად გამოცხადებაა.

RT 2005 წელს რუსეთში მთავრობის მიერ დაარსებული და დაფინანსებული ტელევიზიაა. RT საკაბელო და სატელიტური არხებით რუსეთსა და მის გარეთ მაუწყებლობს. ტელევიზია ასვე იყენებს ონლაინ პლატფორმასაც, რომელსაც სხვადასხვა ენაზე ავრცელებს. RT-ის კრიტიკოსები დეზინფორმაციისა და პრორუსული პროპაგანდის წყაროდ მიიჩნევენ. 2016 წლისთვის ტელევიზიის შემოსავლის მთავარი წყარო რეკლამები და რუსეთის მთავრობისგან მიღებული 307 მილიონი აშშ დოლარი იყო.

Media Bias/Fact Check-ის თანახმად, რომელიც, თავის მხრივ, ონლაინ-მედია პლატფორმას წარმოადგენს და მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება, RT საეჭვო წყაროა (questionable source).

Media Bias/Fact Check-ი საეჭვოდ მიიჩნევს წყაროებს, რომლებიც მოცემული კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთს აკმაყოფილებს: უკიდურესი მიკერძოება, პროპაგანდის/შეთქმულების თეორიების მუდმივი გავრცელება, სანდო ინფორმაციის არასაკმარისად ან საერთოდ მიუთითებლობა, გაუმჭვირვალობა და/ან ყალბი ამბების გავრცელება. პლატფორმამ RT საეჭვო წყაროდ პრორუსული პროპაგანდისა და შეთქმულების თეორიების გავრცელების, ავტორთა გამჭვირვალობის დაფარვისა და მრავალი დეზინფორმაციული სტატიის გამოქვეყნების გამო მიიჩნია.

დეტალური ანგარიშის თანახმად:

საეჭვო წყაროდ მიჩნევის მიზეზები: რუსული პროპაგანდა, შეთქმულების თეორიები, გამჭვირვალობის ნაკლებობა, ყალბი ამბები

მიკერძოებულობის რეიტინგი: მემარჯვენე-ცენტრისტული

ფაქტობრივად სწორად გაშუქება: ძალიან დაბალი

ქვეყანა: რუსეთი (149/180 პრესის თავისუფლება)

მედიის ტიპი: ტელევიზია

მაყურებელი/პოპულარულობა: მაღალი

MBFC სანდოობის რეიტინგი: დაბალი სანდოობა

RT-ის ახალი ამბები, ჩვეულებრივ, რუსეთის მთავრობის ნარატივების ხაზს მიჰყვება. როდესაც საქმე აშშ-სა და საერთაშორისო სიახლეებს შეეხება, ტელევიზია მათ მემარჯვენე-ცენტრისტულად აშუქებს. ისინი რუსეთის სასარგებლოდ უკიდურესად მიკერძოებულები არიან და ზოგჯერ სამთავრობო შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ. ამერიკული ჟურნალის, Columbia Journalism Review, მიხედვით, რომელიც მაღალი სანდოობის მქონე წყაროდ მიიჩნევა, RT-ს „კრემლის პროპაგანდისტულ მედიას“ უწოდებს.

ამრიგად, ჭიპაშვილის მტკიცება, რომ RT მსოფლიო ამბებს მიუკერძოებლად აშუქებს და მისი ფუნქცია აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მოსახლეობისთვის სიმართლის მიწოდებაა, ტყუილია. RT ერთ-ერთი ყველაზე ღიად გამოხატული რუსეთის სამთავრობო ტელევიზიაა, რომელიც დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში არაერთხელაა მხილებული.

სტატიაში ავტორი ასევე აცხადებს, რომ RT-ს დასავლეთი თავისუფალი სიტყვის გამო ებრძვის და გერმანიამ თავის ეთერში მას მაუწყებლობა საერთოდ აუკრძალა. 2021 წლის დეკემბერში YouTube-მა RT-ის ორი გერმანულენოვანი YouTube-არხი დაბლოკა. ამის მიზეზი არა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ COVID-19-ის პანდემიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება გახდა. მანამდე, 2020 წლის ზაფხულში ლატვიამ და ლიეტუვამ RT-ის მაუწყებლობა აკრძალა. არხის მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზად არხის დიმიტრი კისილიოვის მმართველობის ქვეშ ყოფნა დასახელდა. კისილიოვს უკრაინაში რუსული აგრესიის პროპაგანდისთვის ევროკავშირის სანქციები აქვს დაწესებული.

Russia Today-ის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე „ფაქტ-მეტრიც“ წერდა. ჯერ კიდევ 2019 წლიდან რუსეთი 5G-სთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას აქტიურად ავრცელებდა. აღნიშნული ყალბი ამბის გავრცელების წყარო კი რუსული პროპაგანდისტული მედიები, მათ შორის, Russia Today, იყო. RT-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიები, რომლებიც ფაქტების გადამოწმების პლატფორმის, Polygraph-ის, მიერ ყალბადაა შეფასებული, შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულებზე: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6.

-------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი