27 დეკემბერს „ალტ-ინფოს“ ეთერში გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“ „ალტ-ინფოს“ დირექტორმა, შოთა მარტინენკომ, განაცხადა (1:16:34): „...ეგ [დასავლეთის აზრის არგათვალისწინება] გამოწვეულია იმ აქტივობით, რომელიც აშკარად გაჩნდა კონსერვატიულ ფლანგზე და რომელიც, აი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო 5 ივლისი, აი, პირდაპირ. ისე რომ არ გამოვიდეს, რომ სულ ამ 5 ივლისს აკერებთ და რაღაც ეგრე რომ არ თქვას ვიღაცამ, პირდაპირ თარიღით დააფიქსირეთ - უბრალოდ გაიხსენეთ, რა ხდებოდა მანამდე - შარლ მიშელის დოკუმენტები და ამათი ეს ჩამწკრივება სამარცხვინო და ეკრანით რომ გვერთვებოდა ინტერნეტით მიშელი და იმის წინ რომ ასე ხელს აწერდნენ, ისე მაინც მოაწერონ... არამარტო მორჩილება, არამედ აი ასეთი დემონსტრაციული მორჩილება - იმის დემონსტრაცია, რომ ჩვენ თქვენი მორჩილები ვართ. აი, რევერანსების რეჟიმში რომ აკეთებდნენ ამ ყველაფერს, ახლა ეგ იყო 5 ივლისამდე და მკაფიო წყალგამყოფი ხაზი აქვს 5 ივლისის შემდეგ. ეგ რატომ მოხდა, ახლა: თვითორგანიზების, ანუ ორგანიზების, გაცნობიერების ხარისხი გაიზარდა ხალხში იმის მიმართ, რომ რეალურად ჩვენს სუვერენიტეტს დასავლეთი ეხება. პრობლემა დასავლეთია - ეგრე დადგა საკითხი. ჩვენი სუვერენიტეტის მტერია... დასავლეთი. დასავლეთი კი არ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, დასავლეთთან ჩვენი აი ამ რაღაცა გაურკვეველი გეგმების გამოა, რომ ჩვენ უსაფრთხოების კოლოსალური პრობლემები შეგვექმნა. დასავლეთთან რომ აი ასეთი მონური დამოკიდებულება გვაქვს, მანდედან გამომდინარეობს, რომ ჩვენ აღარ შეგვიძლია ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას გაზრდის. ეს განწყობები შეიცვალა...“.

საქართველოს აშშ-სა და დასავლეთის „ვასალად“ და „კოლონიად“ წარმოჩენა ანტიდასავლური პროპაგანდის ცნობილი ნარატივია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველო დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს წარმოადგენს. ლევან ალექსიძის რედაქტორობით გამოცემული „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი - ცნობარის“ თანახმად, სახელმწიფო სუვერენიტეტი შეიძლება განიმარტოს, როგორც „სახელმწიფოს დამოუკიდებლობა“, „სახელმწიფო ხელისუფლების ნიშან-თვისება, რომელიც გამოხატავს ამ ხელისუფლების უზენაესობას ქვეყნის საშინაო საქმეებში და რომელიმე სხვა სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობას საერთაშორისო ასპარეზზე... სახელმწიფო ასევე ხელშეუხებელია სხვა სახელმწიფოებისაგან, მაგრამ ხელისუფლებას შეუძლია, თვითონ, სხვა სახელმწიფოებთან შეთანხმებით (ხელშეკრულებით, საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაწილეობით), ნებაყოფლობით შეზღუდოს თავისი სუვერენული უფლებები საშინაო თუ საგარეო საქმეების ამა თუ იმ სფეროში, რაც არ იწვევს მისი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, სტატუსის გაუქმებას (იხ. ევროკავშირი, ევროპის საბჭო) რადგან ეს ხდება სათანადო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების მონაწილეთა თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთსარგებლიანობის საწყისებზე“.

შესაბამისად, სხვადასხვა საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობა სუვერენიტეტის შელახვად ვერ ჩაითვლება. რაც შეეხება, „ალტ-ინფოს“ მიერ დასახელებულ „შარლ მიშელის დოკუმენტს“, ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას წარმოადგენს. დოკუმენტში საარჩევნო სისტემის, სასამართლო ხელისუფლების და პარლამენტში ძალთა გადანაწილების რეფორმები (დოკუმენტით, აგრეთვე პოლიტიზებული მართლმსაჯულების შემთხვევებად აღქმული საქმეებისა და მომდევნო არჩევნების საკითხები იყო შეთანხმებული) იყო გაწერილი, რისი მიზანიც ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებაა. შესაბამისად, ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამდგომლობით, მიღწეული შეთანხმება, რომელიც მიზნად ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებას ემსახურებოდა, სუვერენიტეტის შემზღუდავად ვერ ჩაითვლება.

საქართველოს სუვერენიტეტი ირღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის გამო, სადაც, ბუნებრივია, ცენტრალური მთავრობა მისი იურისდიქციის გავრცელების შესაძლებლობას მოკლებულია. შესაბამისად, საქართველოს სუვერენიტეტის პრობლემას და საქართველოსადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოს რუსეთი წარმოადგენს. საქართველოს სუვერენიტეტისთვის პრობლემად და მტრად დასავლეთის გამოცხადება ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია.

აღსანიშნავია, რომ დასავლური სახელმწიფოები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აქტიურად უჭერენ მხარს (უმაღლეს დონეზე საჯარო განცხადებებით), მაშინ, როდესაც რუსეთი მას ლახავს. მაგალითად, 2021 წელს ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველო-რუსეთის საქმეზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. NATO-ს 2021 წლის ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის მხარდაჭერას ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს. აშშ-ს ასევე არაერთხელ გამოუხატავს მისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და მათი პატივისცემისკენ რუსეთისთვისაც მოუწოდებია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აშშ-მა მიიღო კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებენ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ. მოცემული კანონმდებლობის ფარგლებში, აშშ-მა შეზღუდვები დაუწესა სირიის, ნაურუს, ვენესუელასა და ნიკარაგუის ხელისუფლებებს.

მტკიცება, რომ დასავლეთი საქართველოს უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს და პირიქით, მის გაზრდას ხელს უშლის, ასევე ტყუილია. მართალია, დღეისათვის საქართველოს უსაფრთხოება სრულად უზრუნველყოფილი არ არის, თუმცა დასავლეთი საქართველოს მის განმტკიცებაში ეხმარება.

საქართველოს მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა რუსული ოკუპაციაა, რაც, ლოგიკურია, რუსეთის მიერ შექმნილი უსაფრთხოების პრობლემაა და არა - დასავლეთის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) თანახმად, „საქართველოს სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს კვლავ რუსული ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია და ადგილზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები წარმოადგენს“. რაც შეეხება „ალტ-ინფოს“ მტკიცებას, რომ „საქართველოს უსაფრთხოების კოლოსალური პრობლემები“ „დასავლეთთან გაურკვეველი გეგმების“ გამო შეექმნა, ასევე ტყუილია.

საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე დაიწყო, რაც 1991-1992 წლებში ცხინვალის რეგიონსა და 1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტებში გამოიხატა. დასახელებული კონფლიქტები საქართველოს მიერ დასავლური კურსის არჩევამდე მოხდა და მათ საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები შეუქმნა. ორივე მათგანი რუსეთის გამოწვეულია და მოსკოვი მათში პირდაპირ თუ ირიბად ჩართული იყო. აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ საქართველო უსაფრთხოების პრობლემები დასავლური კურსის გამო შეექმნა, ყალბი ამბავია. საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები რუსეთის მიერ საქართველოს მისი გავლენის სფეროში დატოვების შედეგია.

გარდა ამისა, სუს-ის მიხედვით, „შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის ექსპანსიონისტური პოლიტიკა აფერხებს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ხელყოფს როგორც საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების, ასევე ევროპის უსაფრთხოებას“. სუს-ი სხვა საფრთხეებსაც ასახელებს, მაგალითად რეგიონში განვითარებულ პროცესებს (როგორიცაა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი), კორონავირუსის პანდემიიდან გამოწვეულ საფრთხეებს, „ჰიბრიდულ ომის“ საფრთხეებს, კიბერუსაფრთხოებას (ბოლო პერიოდში საქართველოზე რამდენიმე კიბერთავდასხმა რუსეთის ფედერაციამ განახორციელა), ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეები და სხვა. აღსანიშნავია, რომ დასახელებული საფრთხეებიდან არც ერთი დასავლეთიდან არ მომდინარეობს, ხოლო რუსული ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია, შავ ზღვაში რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკა, კიბერთავდასხმები და ჰიბრიდული ომი სწორედ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებია. „ალტ-ინფოს“ მტკიცების საწინააღმდეგოდ, სინამდვილეში დასავლეთი საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაში მრავალი გზით ეხმარება, მაგალითად კიბერუსაფრთხოების მხრივ, შეიარაღების მიწოდების კუთხით (მაგალითად, „ჯაველინების“), საქართველოს თავდაცვის განმტკიცებაში აქტიურად ეხმარება აშშ და NATO, ასევე ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ა.შ.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი