რომან გოცირიძე: რეალური პენსია მცირდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე

რეზიუმე:

2022 წლისთვის, 70 წლამდე პირთა პენსია 8.3%-ით, ანუ 20 ლარით იზრდება და 260 ლარს შეადგენს. თუმცა ინფლაციის პროგნოზებიდან გამომდინარე, იმისთვის რომ 2022 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური პენსიის ზრდა დაფიქსირდეს, საბაზისო პენსია მინიმუმ 13%-ით - დაახლოებით 32 ლარით უნდა გაზრდილიყო. მეორე მხრივ, ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებლების პროგნოზებიც, ნომინალური პენსიის ზრდას დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტით აღემატება. შესაბამისად, რომან გოცირიძის განცხადება სიმართლეა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, სახელმწიფო პენსიების შესახებ კანონში ცვლილებების შემდეგ, პენსიების გაანგარიშების წესში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, ანუ ე.წ საბაზო პენსიის შემთხვევაში, პენსიის მატება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით ხდება, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. აღნიშნულმა წესმა, უნდა უზრუნველყოს, რომ პენსიების ზრდა ინფლაციამ არ „შეჭამოს“, ინფლაციის გამოთვლა ბიუჯეტის კანონპროექტის წარდგენის პერიოდში ხდება. 2021 წლის მონაცემებით, 12 თვის საშუალო ინფლაცია 7,9%-ს შეადგენდა. თუმცა, არსებული პროგნოზებით, ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზრდება. შესაბამისად, 2022 წლისთვის, ინფლაციის ინდექსირების წესი - რეალური პენსიის ზრდას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა მოსალოდნელია, რომ აღნიშნული კლება შემდგომ წლებში დაბალანსდება.

ანალიზი:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, 2021 წლის 18 დეკემბერს ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „დღეისათვის საბაზო პენსია არის 240 ლარი. 2022 წელს გაიზრდება 20 ლარით და გახდება 260 ლარი. წელს ინფლაცია იქნება 13 პროცენტი. პენსიამ რომ შეინარჩუნოს ამჟამინდელი მსყიდველობითუნარიანობა, უნდა გაზრდილიყო 33 ლარით. სინამდვილეში “რეალური პენსია” მცირდება“. წარმოდგენილი პოსტი, რამდენიმეთაგან ერთ-ერთია, სადაც რომან გოცირიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის, სხვადასხვა განცხადებებს გამოეხმაურა.

დროთა განმავლობაში, როგორც წესი, ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგივე თანხით, ნაკლები საქონლის და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი. საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდას, ინფლაცია ეწოდება. შემოსავლები ნომინალურ და რეალურ კატეგორიებად იყოფა. ნომინალური შემოსავალი ხელზე ასაღებ, კონკრეტულ ფულად ერთეულში გამოსახულ თანხას ასახავს, ხოლო რეალური შემოსავალი - რეალურ დოვლათს, რომელსაც ინდივიდი ან სუბიექტი ინფლაციით კორექტირების შემდეგ გამოიმუშავებს. მაგალითისთვის, თუ პირობითი მოქალაქე მხოლოდ პურს მოიხმარს, რომელიც 1 ლარი ღირს და პირის შემოსავალი 100 ლარია, მაშინ რეალურად, მას საკუთარი შემოსავლით 100 პურის შეძენა შეუძლია. თუ მოქალაქის ხელფასი 50 ლარით გაიზარდა, ხოლო პური 100%-ით - ერთი ლარით გაძვირდა, მაშინ მოქალაქის ნომინალური ხელფასი 50%-ით იზრდება, ხოლო რეალური ხელფასი 25%-ით მცირდება, რადგან მას 150 ლარით, მხოლოდ 75 პურის შეძენა შეუძლია. ბუნებრივია, სხვადასხვა შემთხვევებში, შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლის ზრდის პარალელურად, შეიძლება რეალური შემოსავალი გაიზარდოს, შემცირდეს ან არ შეიცვალოს.

ცხრილ 1-ში, ნომინალური და რეალური საბაზისო პენსიის დინამიკა 2012-2021 წლებში, საშუალო წლიური და წლიური ინფლაციის მიხედვით არის წარმოდგენილი. საშუალო წლიური ინფლაცია, წარმოადგენს 12 თვის გასაშუალოებულ ინფლაციას, რაც ასახავს საშუალო ფასებს წლის განმავლობაში, ხოლო წლიური ინფლაცია ასახავს კონკრეტული წლის დეკემბრის ინფლაციას წინა წლის დეკემბერთან შედარებით, წლიური ინფლაცია ასახავს თუ რამდენად გაიზარდა ფასები საანგარიშო, საბიუჯეტო წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ინფლაციის პროგნოზებით, 2020 წელთან შედარებით, რეალური პენსია მცირდება როგორც წლიური (5.8 ლარით), ასევე საშუალო წლიური ინფლაციის (დაახლოებით 1 ლარით) შემთხვევებში.

ცხრილი 1: ნომინალური და რეალური პენსია ლარში, 2012-2021 წლებში (2012=100)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები

რომან გოცირიძის გაცხადების შესაბამისად, იმისთვის რომ 2022 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეალური პენსიის ზრდა დაფიქსირდეს, საბაზისო პენსია მინიმუმ 13%-ით, დაახლოებით 32 ლარით უნდა გაზრდილიყო. საბაზისო ნომინალური პენსიის 20 ლარით, ანუ 8.3%-ით ზრდა, 13% ინფლაციის პირობებში, რეალური წლიური პენსიის 5%-ით შემცირებას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საშუალოწლიური ინფლაცია, 2021 წელს 9.2% იქნება. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემით დათვლილი რეალური პენსიაც შემცირდება.

2020 წელს, სახელმწიფო პენსიების შესახებ კანონში ცვლილებების შემდეგ, პენსიების გაანგარიშების წესში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, ანუ ე.წ საბაზისო პენსიის შემთხვევაში, პენსიის მატება ხდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით. აღნიშნულმა წესმა, უნდა უზრუნველყოს რომ პენსიების ზრდა ინფლაციას აღემატებოდეს. თუმცა, ინფლაციის გამოთვლა ხდება ბიუჯეტის კანონპროექტის წარდგენის პერიოდში, შესაბამისად, 2022 წლის იანვარში, უშუალოდ პენსიის ზრდის მომენტში, 2021 წლის ბოლოს დაფიქსირებული ინფლაცია გათვალისწინებული არ არის. საქართველოს 2022 წლის ბიუჯეტის კანონის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაცია 7,9%-ს შეადგენდა. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მაჩვენებლით პენსიის ზრდა (240*7,9%=18,96) ნაკლები იყო კანონით განსაზღვრულ მინიმალურ 20 ლარზე, ბიუჯეტში პენსიის 20 ლარით ზრდა იქნა გათვალისწინებული და მისი მოცულობა 2022 წლის იანვრიდან 260 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ანუ 8.3% ზრდა დაფიქსირდა. თუმცა, 2021 წლის ნოემბრის 12 თვის საშუალო ინფლაციამ 8.6% შეადგინა, რაც საბაზო პენსიის ზრდას აღემატება. შესაბამისად, 2022 წლის პირველი იანვრიდან, წინა წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რეალური პენსია შემცირდება.

რედაქტორის შენიშვნა: პოსტის გამოქვეყნების დროისთვის, 2021 წლის დეკემბრის წლიური ინფლაციის მონაცემები გამოქვეყნებული ჯერ კიდევ არ იყო. აქედან გამომდინარე, კალკულაციები განცხადების გამოქვეყნების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის შესაბამისია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი