მიხეილ ჩხენკელი : ყოველწლიურად იზრდება მასწავლებელთა ანაზღაურება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ ჩხენკელის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2016 წლის შემდეგ მასწავლებელთა საბაზო ხელფასი, რაც 405 ლარს შეადგენს, არ გაზრდილა. აღნიშნულ პერიოდში იზრდება მასწავლებელთა არა ხელფასი, არამედ სტატუსთან მიბმული დანამატი. წლების განმავლობაში პრაქტიკოსი ანუ უსტატუსო მასწავლებლები, პედაგოგთა უმრავლესობას შეადგენდნენ (2018 წლისთვის მასწავლებელთა 70%-ზე მეტს) და მათ ხელფასი 2016 წლის შემდეგ არ გაზრდიათ. თუმცა ამ კატეგორიის მასწავლებლებს კომპეტენციის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სტატუსის გაზრდის შესაძლებლობას სამინისტრო ყოველწლიურად აძლევდა და ის რომ წლების განმავლობაში მათ კომპეტენციის დადასტურება ვერ მოახერხეს და შესაბამისად ხელფასის ზრდა არ შეხებიათ, მათივე „დამსახურებაა“. 2021 წლისთვის პრაქტიკოსი მასწავლებლების რაოდენობა 7%-მდ შემცირდა და სწორედ ამდენი პედაგოგია სკოლაში დარჩენილი, რომელთაც ხელფასები არ გაზრდიათ.

თუმცა ჩვენ მიერ გამოთვლილი მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით 187%-ით არის გაზრდილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სტუმრობისას განათლების და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებელთა შესახებ საუბრისას მათ შრომის ანაზღაურებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „სამინისტროს ინიციატივით, ყოველწლიურად იზრდება მასწავლებელთა ანაზღაურება“.

მასწავლებელთა ხელფასების ზრდის პირველი ეტაპი 2015 წლის სექტემბრიდან განხორციელდა, მეორე ეტაპი - 2016 წლის აპრილიდან, ხოლო მესამე ეტაპი - 2017 წლის 1 იანვრიდან. 2012 წელს მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 245 ლარი იყო (დანართი 2), 2013 წელს - 305 ლარს, 2015 წელს მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 17%-ით გაიზარდა და 357 ლარი გახდა, 2016 წლის აპრილიდან კი მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 405 ლარამდე გაიზარდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობითაც, მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 405 ლარს შეადგენს. შესაბამისად, 2012 წლიდან საბაზო ხელფასი 65%-ით არის გაზრდილი. თუმცა 2016 წლის შემდეგ მასწავლებელთა საბაზო ხელფასი არ გაზრდილა.

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის ბრძანებით, საჯარო სკოლების პედაგოგთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები დადგინდა. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, მასწავლებელთა ხელფასი მათი პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისი იქნება.

მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის სქემა და მასწავლებლის სტატუსი საქართველოს მთავრობის დადგენილებით - „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“, არის განსაზღვრული.

მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების გამომთვლელი სქემა შემდეგ ძირითად კომპონენტებს მოიცავს: მასწავლებელთა სტატუსი, დატვირთვა სამუშაო საათების მიხედვით, სამუშაო სტაჟი, მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია, სამუშაო სპეციფიკა.

თითოეულ ამ კომპონენტს შესაბამისი კოეფიციენტი აქვს მინიჭებული. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო საბაზო ხელფასზე ამ კოეფიციენტებით გამოთვლილი თანხის დამატებით დგება.

2017 წლის 1 იანვრიდან მთავრობამ გაზარდა არა ყველა პედაგოგის ხელფასი, არამედ მხოლოდ უფროსი და წამყვანი პედაგოგის და მენტორის, რომელთაც სრული დატვირთვა აქვთ. უფრო სწორად, გაიზარდა არა ხელფასი, არამედ სტატუსთან მიბმული დანამატი.

კონკრეტულად, უფროსი პედაგოგის დანამატი 140 ლარით გაიზარდა და 320 ლარი გახდა, წამყვანი პედაგოგის დანამატი 230 ლარით გაიზარდა და 500 ლარი შეადგინა, ხოლო მენტორი მასწავლებლის დანამატი ნაცვლად 400 ლარისა, 700 ლარით განისაზღვრა.

2018 წლის 1 თებერვლიდან სტატუსზე მიბმული დანამატი მხოლოდ წამყვან და მენტორ პედაგოგებს გაეზარდათ, რომელთაც სრული დატვირთვა აქვთ. წამყვანი პედაგოგის შემთხვევაში დანამატი 500 ლარის ნაცვლად 700 ლარი გახდა, მენტორი პედაგოგის დანამატმა კი 700 ლარის ნაცვლად 1 000 ლარი შეადგინა.

2019 წლის სექტემბრიდან უფროსი, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება (დანამატი) 150 ლარით გაეზარდათ. 2020 წელსაც აღნიშნული კატეგორიის მასწავლებლებისთვის სტატუსთან მიბმული დანამატი ისევ 150 ლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 1 797 605 000 ლარია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებისთვის 894 000 000 ლარია გათვალისწინებული. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის პირველი იანვრიდან სტატუსთან მიბმული დანამატი 100 ლარით გაიზარდა და შესაბამისად, უფროსი მასწავლებლისთვის დანამატის სრული ოდენობა 570 ლარით განისაზღვრა, წამყვანი მასწავლებლისთვის - 950 ლარით, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის - 1250 ლარით.

2022 წლის ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დამდეგი წლის 1 იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის 100 ლარით ზრდაა დაგეგმილი.

2020-2021 სასწავლო წლისთვის მასწავლებელთა სახელფასო ფონდმა 628 მლნ ლარი შეადგინა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვთვალეთ 2020-2021 სასწავლო წელს მასწავლებელთა საშუალო ხელფასი, რამაც 1008 ლარი შეადგინა. 2012 წელს საჯარო სკოლებში 60 509 მასწავლებელი იყო დასაქმებული, მათი სახელფასო ანაზღაურებისთვის ბიუჯეტში 255 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. იმავე პრინციპით, 2012 წელს მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 351 ლარი გამოდის. აქედან გამომდინარე, 2012 წლიდან დღემდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 657 ლარით - 187%-ით არის გაზრდილი. ეს რაც შეეხება საშუალო ნომინალურ ხელფასს, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური საშუალო ხელფასი 2020-2021 სასწავლო წლისთვის 706 ლარს შეადგენს. შესაბამისად, 2012 წელთან შედარებით, გაორმაგებულია.

როგორც აღვნიშნეთ, საბაზო ხელფასი, რომელიც 405 ლარს შეადგენს, 2016 წლის შემდეგ არ გაზრდილა. ყოველწლიურად იზრდება სტატუსთან მიბმული დანამატი. უსტატუსო მასწავლებლები ანუ პრაქტიკოსი, წლების განმავლობაში პედაგოგთა უმრავლესობას შეადგენდნენ, 2018 წლის ბოლოსთვის, საქართველოს საჯარო სკოლებში მომუშავე 57 944 მასწავლებლიდან, 40 924 - 70.6%, პრაქტიკოსი იყო. შესაბამისად, მათ ხელფასები არ გაზრდიათ. 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლაში 3 660 პრაქტიკოსი მასწავლებელია დარჩენილი, რაც მასწავლებელთა მთლიანი რაოდენობის 7%-ია. ამ რაოდენობის მასწავლებლებს ხელფასების ზრდა არ ეხებათ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ მასწავლებლებს კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ყოველწლიურად ეძლევათ და ხელფასის ზრდა მასწავლებელთა იმ კატეგორიას არ ეხება, რომელნიც წლების განმავლობაში გამოცდებს წარუმატებლად აბარებენ.

აქედან გამომდინარე, მიხეილ ჩხენკელის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი