სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 12 წლის ბიჭი შეუძლოდ გახდა. მასალის აღწერაში მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული არაა - უცნობია, თუ სად და როდისაა ვიდეო გადაღებული, ან საერთოდ, აღნიშნულ შემთხვევას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან კავშირი ჰქონდა, თუ - არა.

იხ. Facebook-პოსტი

აღსანიშნავია, რომ მოცემული ვიდეო მანიპულაციურად არაერთ ქვეყანაში გავრცელდა. ინდონეზიური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის - Kompas-ის მიერ, საკითხის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვიდეო მალაიზიაში, მალაქაშია გადაღებული და ის ნამდვილად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 12 წლის ბიჭის გულის წასვლას ასახავს. თუმცა, მალაქას სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტის განმარტებით, მომხდარის მიზეზი არა უშუალოდ ვაქცინის გვერდითი ეფექტები, არამედ აცრის წინ ბიჭის ნერვიულობა, უძილობა და უჭმელობა გახდა.

გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 12 წლის ბიჭი ამცრელ პუნქტში ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. ვაქცინაციის პროცესის დროს, ის ნერვიულობდა, თუმცა აცრის შემდგომ სამონიტორინგო პერიოდში მას გვერდითი ეფექტები არ აღენიშნებოდა. მოგვიანებით, ავტოსადგომის მიმართულებით გადაადგილებისას, ის უცებ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ოჯახის წევრებმა 12 წლის ბიჭი მაშინვე უკან, სამედიცინო პუნქტში მიიყვანეს, სადაც პაციენტი მორიგე ექიმმა გასინჯა. ბიჭის ორგანიზმის მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლები - არტერიული წნევა, პულსი და სისხლში ჟანგბადის შემცველობა, ნორმის ფარგლებში აღმოჩნდა. სამედიცინო გუნდის მიერ პაციენტის 30-წუთიანი დაკვირვების შემდეგ 12 წლის ბიჭს სახლში წასვლის ნებაც დართეს.

ინდონეზიური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის, Kompas-ის ცნობით, ბიჭის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, მოგვიანებით ოჯახს კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ. ოჯახის თქმით, ის კვლავაც ისეთივე ჯანმრთელი და აქტიური იყო, როგორც ინციდენტამდე. ასევე გაირკვა, რომ აცრის წინა ღამით 12 წლის ბიჭმა გვიან დაიძინა, ხოლო დილით, ძალიან ცოტა საკვები მიიღო. მალაქას სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით: „თინეიჯერს ჯანმრთელობის პრობლემები არ გააჩნია, არასდროს მომხდარა მისი ჰოსპიტალიზება და ის არც ალერგიული ყოფილა...ინციდენტი ნერვიულობის, უძილობისა და ვაქცინაციის წინ არასაკმარისი დოზით საუზმის მიღების გამო მოხდა“.

ამდენად, Facebook-პოსტი, რომელშიც აღნიშნული გარემოებები მოთხრობილი არაა, ქმნის მცდარ წარმოდგენას, რომ 12 წლის ბიჭს აცრის შემდგომი გვერდითი ეფექტი განუვითარდა და მომხდარის გამომწვევი მიზეზი ვაქცინაა, რაც, როგორც აღმოჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი