5 იანვარს Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ფოტოზე გაყალბებული ციტატაა დატანილი: „თვალს ვერ ვაცელ ახალ ამბებს და სიხარულით ვუმზერ იმას, რაც ყაზახეთში ხდება. ამაყი ვარ, რომ ჩემს ძარღვებში ნაწილობრივ, ყაზახური სისხლი ჩქეფს“.

6 იანვარს ცრუ მედია გვერდმა „ეროვნული ამბები - National News” - მიხეილ სააკაშვილის და გიული ალასანიას ფოტო შემდეგი ციტატით გამოაქვეყნა: „რაც ყაზახეთში ხდება, ჩემი დამსახურებაცაა! დედაჩემი ხომ ნახევრად ყაზახია“. პოსტს თან ერთვის აღწერა, რომელიც ფოტოსთან ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს შემდეგნაირად ეხმაურება: „პირადი მაგალითით ვანახე სხვა ერებს - როგორ უნდა დიქტატორის წინააღმდეგ ბრძოლა. ყველამ კარგად იცის, რა დამოკიდებულება მაქვს ამ ქვეყნის მიმართ, დედაჩემიც ნახევრად ყაზახია და შესაბამისად, რა ფორმითაც შემეძლო, ყველანაირად ვიყავი ჩართული ამ მოვლენებში...“

5 იანვარს მიხეილ სააკაშვილი თავისი ოფიციალური Facebook-ანგარიშის საშუალებით ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. სააკაშვილმა პოსტში აღნიშნა, რომ მიესალმება ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას. პოსტის თანახმად, სააკაშვილთან კიევში, შარშან, სექტემბერში ყაზახ ოპოზიციონერთა დიდი ჯგუფი იყო ჩასული, მათთან საუბარში კი გამოჩნდა სამოქალაქო საზოგადოების მზაობა ცვლილებებისთვის.

მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებულ პოსტში ზემოთ მოცემული ციტატები არ ფიგურირებს. მსგავსი შინაარსის შემცველი განცხადება არც სხვა წყაროში გვხვდება. შესაბამისად, Facebook-ზე გავრცელებული ციტატები გამოგონილია და სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი შეცდომაში შეჰყავს.

წყაროს შესახებ

„ეროვნული ამბები - National News“ წარმოადგენს შეფარულ მედია გვერდს, რომელიც სახელწოდებისა და ვიზუალის გამოყენებით ცდილობს, რეალური საინფორმაციო სააგენტოს შთაბეჭდილება შექმნას. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) თანახმად, აღნიშნული Facebook-გვერდის მიზანი სოციალურ მედიაში ალტერნატიული ინფორმაციული წყაროს შექმნაა. გვერდი ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციითაა დაკავებული.

------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი