სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, „ფიფას რეგისტრირებულ მოთამაშეებში გულის გაჩერების შედეგად გარდაცვალების შემთხვევების 500%-იანი ზრდა“ ფიქსირდება, რაც ვაქცინას უკავშირდება. აღნიშნულ მტკიცება ქართულ Facebook-სივრცეში იტალიურენოვან ვიდეომასალაზე დაყრდნობით კეთდება, რომელშიც FIFA-ს ფეხბურთელებს შორის გულის შეტევების ფატალურ შემთხვევებსა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესაძლო კავშირზეა საუბარი.

იხ. Facebook-პოსტი

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ენაზე გავრცელდა და ის სხვადასხვა მედიისა თუ ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა საკითხის დეტალები ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციასთან, FIFA-სთან გადაამოწმა – FIFA-მ ფეხბურთელებს შორის მოედანზე გულის შეტევების რიცხვის ზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა. ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, ორგანიზაცია სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით, წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან მუდმივ კონტაქტზეა, თუმცა მსგავსი ინფორმაცია, რომ ფეხბურთელებს შორის გულის შეტევების რიცხვმა იმატა, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ბრალია, FIFA-ს არ გააჩნია.

2021 წელს, FIFA-ს რეგისტრირებულ მოთამაშეებში გულის შეტევით გარდაცვალების შემთხვევების 500%-იანი ზრდის შესახებ არსებული დაუსაბუთებელი მტკიცების წყაროდ ებრაული ვებგვერდი, Real-Time News-ი სახელდება. აღნიშნულმა ვებგვერდმა საკითხისადმი მიძღვნილ მასალაში, ვიკიპედიაზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოთვალა, რომ 2001-2020 წლებში FIFA-ს ფეხბურთელებს შორი გულის შეტევით გარდაცვალების, საშუალოდ, 4.2 შემთხვევა მოდიოდა. მოგვიანებით, ეს რიცხვი Real-Time News-მა დამოუკიდებლად მოპოვებულ 2021 წლის მონაცემებს, პირველ თერთმეტ თვეში, ფეხბურთელებს შორის გულის შეტევის 21 ფატალურ შემთხვევას შეადარა. შედეგად კი, ვებგვერდმა დაასკვნა, რომ 2021 წელს ფეხბურთელებში გულის შეტევის შემდეგ გარდაცვალების რიცხვი, წინა წლების საშუალო წლიურ მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება.

საინფორმაციო სააგენტო AFP-სთან საუბრისას, სხვადასხვა ინტერნეტ პუბლიკაციაზე დაყრდნობით, მსგავსი დასკვნის გამოტანა არააკადემიურად არაერთმა ექსპერტმა მიიჩნია. უეცარი კარდიული სიკვდილის კვლევის მიზნით შექმნილი FIFA-ს სპეციალური კომიტეტის განცხადებით, ზოგადად, პანდემიის შემდგომ პერიოდში, ფეხბურთელებს შორის სიკვდილიანობა პანდემიამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, არ გაზრდილა. რაც შეეხება 2021 წელს საფეხბურთო მატჩების დროს მომხდარ უეცარი კარდიული სიკვდილის შემთხვევებს – 2020 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით, მონაცემების დაზუსტებაზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდებოდა, თუმცა FIFA-ს აღნიშნული კომიტეტი, წინა წლებთან შედარებით, რაიმე განსაკუთრებულ დინამიკას ვერ ამჩნევდა. ამასთან, პარიზის კარდიოვასკულარული კვლევის ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც პარიზსა და მის შემოგარენში სპორტული ღონისძიებების (არა მხოლოდ ფეხბურთის) დროს გულის გაჩერების შემთხვევებს მოიცავს, 2021 წელს, წინა წლებთან შედარებით, გულის შეტევების შემთხვევების ზრდა არ ფიქსირდება.

ამდენად, მტკიცებას, რომ ვაქცინაციის გამო, ფიფას რეგისტრირებულ მოთამაშეებში გულის გაჩერების შედეგად გარდაცვალების შემთხვევების 500%-იანი ზრდა ფიქსირდება, საფუძველი არ გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ყალბი ამბები ინტერნეტში ვირუსულად მას შემდეგ გავრცელდა, რაც EURO 2021-ის მიმდინარეობისას, დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი შეუძლოდ გახდა. დეზინფორმატორების მიხედვით, გულზე პრობლემა ერიქსენს იმის გამო შეექმნა, რომ ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იყო აცრილი. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, კრისტიან ერიქსენი არც კოვიდით იყო ინფიცირებული და არც ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული.

--------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი