Facebook-ანგარიშებმა „სულიერი სამყარო“ და Karlito Jitsuryoku ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც, პოსტების თანახმად, ნაჩვენებია, ვაქცინირებული ადამიანისგან აღებული სისხლი აღებიდან სამ წუთში სინჯარაში როგორ შედედდა. ვიდეოში მოსაუბრე ქალი შემდეგ სიტყვებს ამბობს: „ამ პაციენტის სისხლი სამი წუთის წინ აიღეს და ის უკვე შედედებულია სინჯარაში. ეს ნორმალური არ არის, ჩვეულებრივ ამას ნახევარი საათი სჭირდება“. მიუხედავად იმისა, რომ არც ვიდეოში და არც პოსტის ავტორების მიერ კოვიდვაქცინაციის შესახებ არაფერია ნათქვამი, კომენტარებიდანაც ცხადი ხდება, რომ აღნიშნული ფაქტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან არის დაკავშირებული. რეალურად, მტკიცება იმისა, რომ ვიდეოში ვაქცინირებული ადამიანის სისხლის შედედებაა ნაჩვენები, უსაფუძვლოა.

როგორც უკვე აღინიშნა, ვიდეოში არსად არ არის ნახსენები კოვიდვაქცინაცია. ამასთან, უცნობია, ვიდეოში ნაჩვენებ სინჯარაში ნამდვილად სისხლია მოთავსებული, თუ - სხვა ნივთიერება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სინჯარაში სისხლია, მაინც გაურკვეველია, თუ ვის ეკუთვნის ის, როდის და როგორ პირობებში მოხდა მისი აღება და რას შეიძლება გამოეწვია სწრაფი შედედების რეაქცია. ამდენად, პოსტებსა და ვიდეოში მოცემული ინფორმაცია არ არის საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ ვიდეოში ვაქცინირებული ადამიანის სისხლის სწრაფი შედედების პროცესი არის ნაჩვენები.

კოვიდვაქცინირებული ადამიანების სისხლის შედედების შესახებ მსგავსი ყალბი ვიდეოები აქამდეც გავრცელებულა, რომლებიც უკვე გადამოწმდა დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებელი ექსპერტების მიერ. რაც შეეხება კოვიდვაქცინებსა და სისხლის შედედების ფაქტებს, Johnson & Johnson-სა და AstraZeneca/ Vaxzevria-ს ვაქცინებთან თრომბოემბოლიის შემთხვევები წარსულში ნამდვილად იყო დაკავშირებული. თუმცა, როგორც Johnson & Johnson, ისე AstraZeneca-ს ვაქცინით თრომბის განვითარების რისკი მინიმალურია - AstraZeneca-ს შემთხვევაში - 0.0004%, ხოლო Johnson & Johnson-ის - მილიონში ერთზე ნაკლები. იმის გათვალისწინებით, რომ რისკი მინიმალურია და სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე შესაძლო რისკები, აღნიშნული ვაქცინებით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინასთან დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოვლენა აცრიდან დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში ფასდება, რადგან შემდეგ ვაქცინა უკვე ადამიანის ორგანიზმში აღარაა.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი