საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში, მხოლოდ 2021 წლის I-III კვარტალში, ოჯახში ძალადობის 6 616 მსხვერპლი გვყავს, საიდანაც 652 მსხვერპლი აჭარის რეგიონშია. 2020 წლის განმავლობაში მათი რიცხვი 9 144 იყო. აქედან აჭარის რეგიონში - 852. სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, უმეტესად, ქალია, მათ შორის, 18 წელზე ნაკლები ასაკის. ყველაზე ხშირად ძალადობის ობიექტი 25-44 ასაკის ქალები ხდებიან.

ძალადობის ეროვნული ქსელის აჭარის რეგიონული წარმომადგენელი, ფონდ „იალქანის“ დირექტორი თეონა აბაშიძე ამბობს, რომ სტატისტიკა რეალობას სრულყოფილად არ ასახავს, რადგან ჯერ კიდევ ბევრი ქალია, რომლებიც ძალადობის ფაქტის შესახებ სამართალდამცავ უწყებას არ მიმართავს. ისინი დახმარებას ორგანიზაციას სთხოვენ. რატომ ამბობენ უარს სამართალდამცავების ჩართვაზე, რა გამოწვევების წინაშე დგანან მსხვერპლი ქალები, რამდენად სწორადაა დაგეგმილი სახელმწიფოს მიერ მსხვერპლი ქალების დასახმარებლად განკუთვნილი პროგრამები და რესურსები, ფაქტ-მეტრის ამ კითხვებს თეონა აბაშიძე პასუხობს.

-როგორ შეაფასებთ რეგიონში ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის მხრივ არსებულ სიტუაციას, როგორც ვიცი, ჯერ კიდევ ბევრი ქალი მოგმართავთ დახმარებისთვის.

-მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა, როგორც განყოფილებებში, ისე ჩვენთან. წინა წლებთან შედარებით, ორგანიზაციაში, დაახლოებით, 40%-ით გაზრდილია მომართვიანობა ოჯახურ ძალადობაზე. წელს გვქონდა დაახლოებით 210 მომართვა. აქ გასათვალისწინებელია, რომ ჩვენამდე შემთხვევების მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს და ესეც ძალიან შემაშფოთებელი რაოდენობაა. ამას ერთვის მოზარდი გოგონებიც, რომლებიც უკვე არიან ოჯახის სხვა წევრებისგან ძალადობის მსხვერპლი. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში, უმეტესობას აქვს მძიმე ეკონომიკური ფონი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის მიზეზი მხოლოდ ეკონომიკური სიდუხჭირეა. ამ მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. რაც უნდა იყოს, პანდემიის პირობებში, ისინი კიდევ უფრო მკვეთრად გამოიხატა. აჭარის მაღალმთიან სოფლებში ჯერაც გვაქვს არაერთი შემთხვევა, როცა ქალი, გოგონა ოჯახში მძიმე ტვირთად ითვლება. ისინი არ არიან შემომტანები, თუმცა შემომტანები რომ გახდნენ, ამაზე ოჯახმა არ იზრუნა, არც განათლება მისცა და არც - პროფესიის შესწავლის უფლება. ოჯახში რომ მძიმე სამუშაოს ასრულებენ, ეს „არ ეთვლებათ“.

-თქვენი ორგანიზაცია როგორ ეხმარება მსხვერპლ ქალებს, რას სთავაზობთ მათ?

-წელს ერთჯერადი სერვისი გავუწიეთ 300-მდე ქალს. სამოცდათხუთმეტ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული. ძალიან ხშირად ვეხმარებით ქალებს, რომლებსაც არ სურთ საკუთარი თავის იდენტიფიცირება. მათ რაღაც მომენტში შეძლეს სიტუაციას გარიდებოდნენ, წამოვიდნენ ოჯახიდან და უნდათ, რომ გაძლიერდნენ. ასეთ ქალებსა და გოგონებს ვეხმარებით პროფესიის მიღებაში, გადამზადებაში, სამსახურის მოძიებაში, ბავშვების სკოლასა თუ საბავშვო ბაღში ჩარიცხვაში, რაც, მოგეხსენებათ, ასევე დიდი პრობლემაა, რადგან ხელმისაწვდომ მანძილზე სკოლები და ბაღები ყოველთვის გადავსებულია. ჩვენ ბენეფიციარ ქალებს კი არ აქვთ საშუალება, რომ შორ მანძილზე ტრანსპორტით იმგზავრონ, ამას დამატებითი ხარჯები სჭირდება. ამასთანავე, დროის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. მათ არ აქვთ ფუფუნება, რომ ძიძის მომსახურებით ისარგებლონ. თუ სწავლობენ ან სამსახურს იშოვიან, დამსაქმებელი ამდენ დროს არ მისცემს, რომ შვილებს დაუთმოს. ამიტომ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ასევე ვეხმარებით იურიდიული სერვისების მიღებაში, როგორიცაა განქორწინება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. ამას ჩვენს სტატისტიკაში ავსახავთ, რადგან ეს ქალები სწორედ ოჯახური ძალადობის გამო წამოვიდნენ ოჯახებიდან და მოგვმართეს ჩვენ.

ყველა ტიპის ოჯახურ ძალადობას შეხვდებით აქ. მაგალითად, ბოლო ქეისი გვქონდა, როცა ახალგაზრდა ქალზე ქმრის ოჯახის რამდენიმე წევრი: დედამთილი, მული და მაზლის ცოლიც კი, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ამ ქალის ქმარი სამუშაოდ სხვა ქვეყანაში იყო წასული და ცოლმა ჩათვალა, რომ მას თმენის ვალდებულება აქვს. ამიტომ ითმენდა ყველაფერს. დაბრუნებულმა ქმარმა მიიჩნია, რომ დამნაშავე მისი ცოლია. ეს ქალი სახლიდან გამოაგდეს, თუმცა პოლიციაში არ განაცხადა. სასტიკი უარი თქვა. ახლა მუშაობს, საკუთარი თავის რეალიზება შეძლო და ძალიან პერსპექტიული ადამიანია. მას უკვე ჰქონდა პროფესია და ეს დაგვეხმარა, რომ მისი ცხოვრება შედარებით სწრაფად შეცვლილიყო უკეთესობისკენ.

თუმცა, როცა მოძალადისგან წასვლის საკითხი დგება, ასეთ დროს, ყველაზე მეტად რაც მსხვერპლს აშინებს, არის ის, რომ არ აქვს საბაზისო განათლებაც კი, მშობლები, უმეტესად, უარს ამბობენ, რომ მიიღონ და მხარდაჭერა აღმოუჩინონ. ქმრის ოჯახი ქალს ეუბნება, რომ ვერაფერს მიიღებს, არაფერი ეკუთვნის და სრულიად სასოწარკვეთილები რჩებიან ახალი რეალობის პირისპირ. ჩვენ გვიწევს თითოეულ მსხვერპლზე უზარმაზარი რესურსის დახარჯვა, ვრთავთ ფსიქოლოგს, იურისტს, რაშიც ძალიან გვეხმარება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ვეძებთ და მერე ვემუდარებით კერძო კომპანიებს, რომ გადაამზადონ მსხვერპლი ქალები, ვეხმარებით სამსახურის მოძიებაში და ჩვენს დღის ცენტრში მათ შვილებს, თუ სასკოლო ასაკისაა, სხვადასხვა სერვისს ვთავაზობთ. თუ ჩვილია, ვეხმარებით საკვებით, ტანსაცმლით, ჰიგიენური საფენებით და ა. შ., ამ თანხის მობილიზებას ვახდენთ იმ ადამიანებისა და კომპანიების დახმარებით, რომლებიც უკვე წლებია, მხარდაჭერას იჩენენ.

ახლა გვყავს დედა, რომელმაც 15 წლის ასაკში უკვე შვილი გააჩინა და ისიც დედასავით, არასრულწლოვანი გაათხოვეს. როგორ ხდება ეს კანონის გვერდის ავლით, როცა საქართველოში მსგავსი ქმედება დანაშაულია? ეს არასრულწლოვნები ხომ ბავშვებს სამშობიაროში აჩენენ და არა - სახლში? ფაქტია, რომ მშობლები, მეზობლები, ნათესავები შესაბამის უწყებებს არ ატყობინებენ, მაგრამ ექიმიც რომ არ იძახებს პოლიციას და არ ამჟღავნებს, ესაა უბედურება. ძირითადად, ამ დროს ბავშვს მამის გვარზე არ არეგისტრირებენ და კანონს გვერდს უვლიან. ყველა ვიღაცის ნათესავი და ახლობელია... ამ დამოკიდებულების გამოა, რომ მოქალაქეების უმეტესი ნაწილი დუმილს ამჯობინებს და ეს გარემოებაც ძალადობის ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორია.

-ნაადრევი ქორწინების შემთხვევები ხშირია?

-აჭარაში ხშირია, ოღონდ ყველა შემთხვევის აღრიცხვა არ ხდება. ძალიან ბევრი ფაქტია, როცა ნაადრევი ქორწინების შემდეგ, ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდება. ახალგაზრდა ქალს სკოლის ატესტატიც კი არ აქვს ხოლმე და ქმრის ოჯახი მას ხშირად მხოლოდ სახლის საქმეებისთვის გამოსადეგ სუბიექტად აღიქვამს. იმაზე, რომ განათლების მიღების შესაძლებლობა და საშუალება მისცეს, ლაპარაკიც ზედმეტია. ოჯახში ყველაზე დაბალი რგოლი ასეთი ქალია და ყველა წევრის ყველა აგრესია, ვისი ან რისი მიზეზითაც უნდა იყოს ის, ამ ქალს ატყდება. წარმოიდგინეთ, ქალების ნაწილი ვერც კი აცნობიერებს, რომ ძალადობის მსხვერპლია. ვინც აცნობიერებს, ის დაუსრულებლად ითმენს და მხოლოდ მცირე ნაწილი, როცა სიტუაცია გაუსაძლისი ხდება, როცა ბავშვზეც გადადის, მოდის მოძალადისგან. მერე იწყება ურთულესი პერიოდი, რომ ამ ქალებმა ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელება შეძლონ. ჩვენ ხშირად ჩავდივართ მაღალმთიან აჭარაში, სოფლებში ვხვდებით იქაურ ქალებს. ისინი მოდიან შეხვედრებზე, მაგრამ საჯაროდ არასდროს არ აღიარებენ, რომ მათ მიმართ რაიმე სახის ძალადობა ხორციელდება. შეხვედრის შემდეგ არაერთი ქალი მოსულა ჩემთან და ჩუმად უთქვამს, რომ მასზე მეუღლე ან მამა, ან ოჯახის რომელიმე წევრი ძალადობს, მაგრამ ეშინია, თუ ამაზე ისაუბრებს, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ამ წლების განმავლობაში მივხვდი ერთ რამეს - გარდა იმისა, რომ ოჯახიდან ძალადობის ფაქტის გამოტანა საზოგადოების ჯერაც დიდ ნაწილს მიუღებლად მიაჩნია და მისთვის დამნაშავე ყოველთვის ქალია, მსხვერპლს საკუთარი გაუნათლებლობის გამჟღავნებისაც რცხვენია. თუ მოძალადისგან წავა, უნდა იმუშაოს. სადღაც ხომ მოუწევს იმის აღიარება, რომ განათლება არ აქვს? ეს ძალიან მძიმე მომენტია მისთვის და იმდენად უჭირს ამის აღიარება, რომ ისევ ოჯახში დარჩენა და თავგამოდებით შრომა ურჩევნია, იქნებ ქმრის გული ამით მოიგოს და ახალი ცხოვრების დაწყება არ დასჭირდეს. ასე ცხოვრობენ ძალადობრივ გარემოში ჯერ დედები, მერე შვილები და ასე უსასრულოდ, თუ სადღაც ვიღაცამ ეს ჯაჭვი არ გაწყვიტა და ახალი ათვლა არ დაიწყო.

-მხარდაჭერა და რესურსები, რომლებიც მსხვერპლმა ქალმა შეიძლება მიიღოს, არის იმის საპირწონე, რომ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს ყურადღება არ მიაქციოს და დახმარების თხოვნა გაბედოს?

-ეგ დიდი პრობლემაა. ძირითადად, ქალები ჩვენთან მოდიან აფექტურ მდგომარეობაში, როცა მას ან მის შვილს სიცოცხლის მოსპობის საფრთხე აშკარად უდგას და საქმე გამოსწრებაზეა. ეს მოკლევადიანი აფექტური მდგომარეობაა. მერე თანდათან წყნარდება და იწყებს ფიქრს, რომ ქმრის ოჯახში ჰქონდა საწოლი, საკვები, ბავშვს ტანსაცმელი ჰქონდა, სითბო და ამაში ფულის გადახდა მაინც არ უწევდა. თუ არ დაბრუნდება, ეს ყველაფერი მისთვის მისაწვდომი აღარ იქნება და თვითონ მოუწევს ზრუნვა, რისი უნარიც არ აქვს, ან ჰგონია, რომ არ აქვს და ვერ შეძლებს. უმეტესად ხომ იმ ქალების თვითშეფასების მაჩვენებელი, რომლებიც ძალადობრივ გარემოში დიდხანს ცხოვრობენ, ძალიან დაბალია. ისინი რომ სიტუაციის შეფასებას იწყებენ, კარგია. ცუდი ისაა, რომ ძალიან ბევრი მათგანი მოძალადესთან დაბრუნების გადაწყვეტილებას იღებს.

-სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი რესურსები, რომ მსხვერპლს მხარდაჭერა აღმოუჩინოს, დაიცვას და განვითარების საშუალება მისცეს?

-ამ ეტაპზე ძალიან ცოტა რესურსი აქვს. იმ მსხვერპლი ქალებისთვის, რომლებიც პოლიციაში არ აცხადებენ და დამოუკიდებლად, მშობლების, ნათესავის ან სხვა ვინმეს დახმარებით ცდილობენ სირთულეების დაძლევას, სახელმწიფოს საერთოდ არანაირი რესურსი არ აქვს. კანონის თანახმად, თუ მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერი არ არსებობს, ე. ი., მსხვერპლი ქალისთვის არ არსებობს თავშესაფარი. ვგულისხმობ ტრეფიკინგის თავშესაფარს, სადაც ადგილები და რესურსები ისედაც ლიმიტირებულია. მსხვერპლი იქ სამიდან ექვს თვემდე რჩება. სერვისებიც მცირეა. იქ არაერთი პრობლემაა, რომლებიც აუცილებლად უნდა დაინახოს იმან, ვინც ამონიტორინგებს. მაგალითად, მსხვერპლს და მის შვილს უნდა ჰქონდეთ ტანსაცმელი, საკვები, ჰიგიენური საშუალებები...

-ეს ხომ გათვალისწინებულია ბიუჯეტში?

-საკვები არის, მაგრამ ხშირად ამბობენ, რომ არ ჰყოფნის ბავშვს. მოკლედ, სახელმწიფომ მეტი რესურსი უნდა გაითვალისწინოს. მაგალითად, ბათუმის თავშესაფრის რესურსებს განახლება სჭირდება. იქ ერთდროულად შვიდი-რვა ქალის მიღება შეიძლება, ბავშვებთან ერთად. თუ ქალს სამი და ოთხი შვილი ჰყავს, ოთახების რაოდენობა საკმარისი არ არის. თუმცა არის შესაძლებლობა, რომ სხვა ქალაქში გადაიყვანონ, მაგრამ ამ დროს ქალმა, შესაძლოა, უარი თქვას. თუ ბავშვი დადის სკოლაში, მისთვის გარემოს გამოცვლა დამატებითი სტრესია. ისედაც რთული გარემოს გამო, დასტრესილები არიან და ახალ სკოლაში ადაპტირება უჭირთ. თავშესაფრიდან გამოსული ქალები, ფაქტობრივად, ჰაერში რჩებიან. ერთადერთი შემთხვევა გვქონდა, როცა თავშესაფრიდან გამოსულ შვილს მშობელმა მოჰკიდა ხელი და გვერდით დაუდგა. იმ ქალს დამატებითი მხარდაჭერა არც კი დასჭირდა, რადგან მშობლების ოჯახმა თვითონ აიღო ეს თავის თავზე. ყველა სხვა შემთხვევაში აუცილებელი იყო დაუყოვნებლივ ბინის ქირის, ტანსაცმლის, საკვები პროდუქტების, სასკოლო ნივთების და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებების მობილიზება. ამას დაამატეთ ქალისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების სწავლება, პროფესიული გადამზადება, რაც უზარმაზარ რესურსს მოითხოვს. სახელმწიფოს ეს დღემდე არ აქვს გათვალისწინებული. ახლა ბათუმის მერიამ 2022 წლის ბიუჯეტში შეიტანა ბათუმში რეგისტრირებული ძალადობის მსხვერპლი ორმოცდაათი ქალის ბინის ქირის უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა. ამისთვის ჩვენმა ორგანიზაციამ ბევრი იშრომა, მერიას წერილით მივმართეთ და ვთხოვეთ, რომ ეს ხარჯი გაეთვალისწინებინა. საბედნიეროდ, გაითვალისწინეს და ამ პრობლემას ეშველება. ხაზს ვუსვამ, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს სტატუსი მინიჭებული.

-და ბათუმში ხომ არაერთი მსხვერპლი ცხოვრობს, რომელიც აქ რეგისტრირებული არაა. ასეთ შემთხვევაში როგორ ახერხებთ დახმარებას?

-ეს უფრო რთული საკითხია. გვიწევს კომპანიების შეწუხება, თხოვნა, თანხების მობილიზება... სამწუხაროდ, თითქმის ყველას, ვინც გვეხმარება, სურვილი აქვს, რომ მისი მხრიდან გაღებული დახმარების შესახებ გავასაჯაროოთ, სოციალურ ქსელებში ფოტოები ავტვირთოთ. მესმის, ეს მათთვის მნიშვნელოვანია და ისედაც, შესაძლოა, სხვებისთვის მამოტივირებელი იყოს, მაგრამ ჩვენ ისეთ ქეისებზე ვმუშაობთ, რომლებიც, უმეტესად, დახურულია. მსხვერპლის იდენტიფიცირება, მით უფრო, როცა საკითხი არასრულწლოვანს ეხება, დაუშვებელია. ამიტომ ცალკე რესურსს იმაში ვხარჯავთ, რომ დავარწმუნოთ ადამიანები, რატომ ვერ გავასაჯაროებთ მათ მიერ გაღებულ დახმარებას, შეგვიძლია, მხოლოდ სიტყვიერად გადავუხადოთ მადლობა და ვის დაეხმარა, ან - რატომ, ამას ვერ გავამჟღავნებთ.

-ამ ეტაპზე გყავთ მსხვერპლი ქალები, რომლებსაც ბინის ქირას უხდით?

-ქობულეთში გვყავს ორი ბენეფიციარი, ბათუმში - სამი. ასევე გვყავს ორი ძალადობაგამოვლილი გოგონა, რომლებიც ნინოწმინდის პანსიონიდან არიან, მათთვისაც ბინა გვაქვს ნაქირავები და ვეხმარებით. მათ შორის, უნარ-ჩვევების შეძენაში, პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებაში. რესურსის მოძიება დიდი პრობლემაა. რა თქმა უნდა, უპირველესად ეს სახელმწიფოს ზრუნვისა და პასუხისმგებლობის საგანი უნდა იყოს, მაგრამ საზოგადოებასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ეს უნდა გააცნობიეროს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამის გაცნობიერებაში თითოეულ მოქალაქეს, რომელზეც ხელი მიგვიწვდება.

-სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პროფესიული გადამზადება ხდება. იყენებთ ამ რესურსს?

-ჩვენი მიზანია, სწრაფი გადამზადება და დასაქმება მოხდეს და მერე, პარალელურად, ხელი შევუწყოთ, რომ გაიზარდონ პროფესიული თვალსაზრისით. წარმოიდგინეთ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელიც წამოვიდა მოძალადისგან, უნდა დაიწყოს ახალი ცხოვრება ნულიდან. განა მას აქვს დრო, რომ ხანგრძლივი გადამზადებისთვის დახარჯოს? მას სჭირდება სამსახური და შემოსავალი, რომ გადაიხადოს ბინის ქირა, გამოკვებოს შვილი ან შვილები, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები. სახელმწიფოს აქვს ერთწლიანი ან უფრო ხანგრძლივი პროგრამები და ამ ქალებისთვის ეს ხელსაყრელი არაა. ჩვენ დასაქმების სააგენტოს რესურსსაც ვიყენებთ. უარს არსადროს არ ეუბნებიან, ოღონდ, როგორც მივხვდი, გამოსაცდელი ვადის შემდეგ ეს ქალები სამსახურში არ აჰყავთ. ეტყვიან, რომ სამუშაოს ვერ ასრულებენ და გამოუშვებენ. ჩვენ ისედაც ვიცით, რომ ამ ადამიანებს ეს უნარები არ აქვთ, მომზადება სჭირდებათ, მაგრამ სახელმწიფო ხელშეწყობა არ არის, რომ მათ უფრო ხანგრძლივად ისწავლონ და შვილები მშიერი არ დარჩეთ.

-რას შესთავაზებდით სახელმწიფოს, რომ მისი რესურსი ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერებაზე იყოს მიმართული?

-სახელმწიფო აფინასებს რაღაც პროექტებს, მცირე მეწარმეობის მიმართულებით. მას შეუძლია, ასეთ პროგრამებში ჩადოს მსხვერპლი ქალების განვითარებისა და გაძლიერების კომპონენტი, რომ ადგილზე გადამზადდნენ და დასაქმდნენ. მერწმუნეთ, ეს სახელმწიფოს მომავალში ბევრი სოციალური დახმარების ხარჯისგან გაათავისუფლებს. ახლა მსხვერპლის ერთადერთი მიზანია, რომ მიიღოს სოციალურად დაუცველის სტატუსი. სამწუხაროდ, ის დახმარებები, რომელსაც სოციალურად დაუცველები იღებენ, მათ ოჯახებს ვერ აძლიერებს და უკვე შემდგომი თაობაც სახელმწიფო შემწეობაზე დამოკიდებული ხდება, მემკვიდრეობით გადადის სიღარიბე და განათლებაზე წვდომის არარსებობა. შემწეობის იმედად მყოფი ადამიანები სამუშაოს არც ეძებენ, რადგან ანაზღაურება დაბალია, მათი უნარები კი მაღალანაზღაურებად სამსახურს ვერ სწვდება. ამიტომ არ უნდათ სტატუსის დაკარგვა. სწორედ ეს სტატუსი აძლევს მათ საშუალებას, რომ სახელმწიფოსგან სხვა სიკეთეებიც მიიღონ, რასაც ვერ მიიღებენ, თუ სტატუსი აღარ ექნებათ. ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი, არც - მისი შვილებისთვის. ამიტომ უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, რომ სხვა ტიპის პროგრამები დააფინანსოს, რომლებშიც მსხვერპლ ქალებს ჩართავს და მათ ბიუჯეტზე ჩამოკიდებულს არ გახდის. პარალელურად, მათთან უნდა იმუშაოს ფსიქოლოგმა, ხოლო ამ დროის განმავლობაში, სახელმწიფომ ბინის ქირითა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისებით უნდა უზრუნველყოს. ასეთ შემთხვევაში, ქვეყანა ორ-სამ წელიწადში მიიღებს ჯანსაღ და დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც გადასახადების გადამხდელები იქნებიან. იმის თქმა მინდა, რომ სახელმწიფომ, ძალადობის მსხვერპლი ქალების გასაძლიერებლად, საკუთარ პროგრამებს უნდა გადახედოს და რესურსი სწორად მიმართოს.

შესაცვლელია საზოგადოების დამოკიდებულებაც. ჯანსაღი საზოგადოება რომ მივიღოთ, ორმოცი წელი მაინც გვინდა და ამას საფუძველ დღესვე უნდა ჩაეყაროს, საბავშვო ბაღებიდან, მათი ასაკისთვის გასაგები ენით, უნდა დავიწყოთ საჭირო უნარ-ჩვევების სწავლება. ხასიათის თვისებად უნდა ჩამოუყალიბდეთ, რომ ძალადობა დაუშვებელია, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლებები და პასუხისმგებლობები... მხოლოდ ქალებს თუ ეცოდინებათ საკუთარი უფლებები, ეს ძალადობის პრევენციისთვის საკმარისი არაა, კაცებმაც უნდა იცოდნენ. თუ ამას ბავშვობიდან ვასწავლით, მერე სასჯელის გამო კი არ შეიკავებენ თავს ძალადობისგან, არამედ ეს იქნება მათი ბუნებრივი მდგომარეობა.

-პოლიციაში თუ შეიცვალა ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ დამოკიდებულება?

-დაზარალებულს ისედაც უჭირს ძალიან ინტიმურ დეტალებზე საუბარი და სტრესი ძლიერდება. რამდენჯერ უთქვამს მსხვერპლს, რომ მცოდნოდა, ასეთი შეურაცხმყოფელი გარემო იქნებოდა, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდიო. გამოკითხვისთვის უნდა იყოს ცალკე ოთახი, მსხვერპლს თავზე არ უნდა დაადგეს ოთახში შემთხვევით შესული ვიღაც თანამშრომელი. როცა ის ყვება თავის ამბავს და უცებ ვიღაც შემოსულს გაეღიმა, ამას მტკივნეულად აღიქვამს. მსხვერპლ ქალს განყოფილებაში თანამშრომლების უდიდესი ნაწილი ისე უყურებს, როგორც დამნაშავეს, ეჭვის თვალით. არ სჯერათ, რომ თუ უდანაშაულოა, რატომ გახდა ძალადობის მსხვერპლი კაცის მხრიდან. ამას გრძნობს მსხვერპლი. უარესიც, ზოგჯერ ზურგსუკან კომენტარებსაც გაიგონებს ხოლმე. რამდენიმე ფაქტორის ერთიანობა ქმნის მისთვის არაკეთილგანწყობილ გარემოს. არანაირი გადამზადება არ უშველის ამ თანამშრომლებს, თუ დამოკიდებულებას არ შეიცვლიან. ისინი მსხვერპლის უფლებებს უნდა იცავდნენ უპირობოდ და არანაირი მიზეზის ძებნა არაა საჭირო, როცა ადამიანი სახელმწიფო სტრუქტურას იმიტომ მიმართავს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს და ის მიაჩნია გადარჩენის ერთადერთ გზად.

-რამდენი ქალი გყავთ უკვე, რომლებსაც ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელებაში დაეხმარეთ?

-წელს გვყავს უკვე ორმოცი ქალი, რომლებიც გადავამზადეთ. აქედან თორმეტთან გვაქვს საუკეთესო შედეგი. ისინი მუშაობენ, პროფესიულ ზრდას განაგრძობენ და რამდენიმემ დამოუკიდებლად თავისი საქმეც წამოიწყო. დანარჩენებთან ვაგრძელებთ მუშაობას, რადგან ისინი ძალადობას ბავშვობაშიც განიცდიდნენ და მეტი დრო სჭირდებათ, რომ საკუთარ თავში ბევრი რამ შეცვალონ, არასრულფასოვნების კომპლექსი დაძლიონ. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ასეთი ქალებისთვის უფასო ფსიქოთერაპიული კურსები გაითვალისწინოს. რეგიონში ამის შესაძლებლობა არ არის. ჩვენ კი რესურსი არ გვყოფნის, რომ თითოეულ მსხვერპლს სპეციალისტი ხანგრძლივი დროით დავუქირაოთ.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი