პრორუსულმა და ანტიდასავლურმა ჯგუფმა, ალტ-ინფომ, 24 დეკემბრისთვის საპროტესტო აქცია დააანონსა, რომელიც მიზნად 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებით დაპატიმრებული პირების განთავისუფლების ისახავს. აქციის დაანონსების შემდეგ, Facebook-ზე ალტ-ინფოს მხარდამჭერების მიერ კოორდინირებულად ვრცელდება ანტიდასავლური გზავნილების შემცველი ვიდეოები. ყველა ვიდეო ძირითადად ერთი სცენარით ვითარდება, მონაწილე პირები მოუწოდებენ მხარდამჭერებს, დაგეგმილ აქციას შემოუერთდნენ, შემდეგ მიზანმიმართულად, ყალბი ბრალდებებით, ესხმიან თავს აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს და საქართველოს სახალხო დამცველს და ბოლოს, აშშ-სა და ევროკავშირის დროშებს წვავენ (იხილეთ: ვიდეო 1 ვიდეო 2 ვიდეო 3 ვიდეო 4 ვიდეო 5 ვიდეო 6 ვიდეო 7 ვიდეო 8 ვიდეო 9 ვიდეო 10 ვიდეო 11 ვიდეო 12 ვიდეო 13).

ვიდეოში მონაწილე პირები ძირითადად აპელირებენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების, ასევე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოთხოვნითა და ბრძანებით „უკანონოდ დააპატიმრა უდანაშაულო ადამიანები“ და ციხეში გამოკეტა ისინი, რათა „სამაგალითოდ დასაჯონ ქართული ფასეულობებისა და ეროვნული ტრადიციების დამცველი ბიჭები“.

რეალურად, რასაც ალტ-ინფოს მხარდამჭერები „უდანაშაულო ბიჭების დაკავებას“ უწოდებენ, 55 ადამიანის ცემასა და 2 ოფისის დარბევას გულისხმობს.

5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს (სცემეს 50-ზე მეტი ადამიანი) ფიზიკურად გაუსწორდნენ, რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა, დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და „სირცხვილიას“ ოფისები.

შსს-ს ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 31 პირი იქნა დაკავებული.

• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 27 პირი;

• ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დააკავეს 3 პირი, რომლებიც მოგვიანებით, 2021 წლის 22 დეკემბერს, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა;

• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირების მიმართ სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა, 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს ჟურნალისტებისადმი ფიზიკური ძალადობა, კერძო საკუთრებაში - ოფისებში შეჭრა და ა.შ. დადგენილი და დასაბუთებული ფაქტებია; აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ 31-ვე დაკავებული პირი პატიმრობაში დატოვა (მოგვიანებით 3 მათგანი გირაოთი გაათავისუფლეს).

5 ივლისს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები - ფიზიკური ძალადობა, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, კერძო საკუთრებაში შეჭრა და დარბევა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებებია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ჩადენილი ძალადობის მუქარით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი - ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ასევე 160-ე მუხლის 3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად). შესაბამისად, მტკიცება რომ ძალადობრივი ქმედებების გამო დაკავებული პირები საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, ან საქართველოს სახალხო დამცველის „უკანონო“ პირად პატიმრებს წარმოადგენენ, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რომელსაც არავითარი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად მედიაში არსებული ძალადობრივი მოწოდებებისა თუ ქმედებების ამსახველი ვიდეომასალისა, ამ დრომდე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. ამ თემაზე „ფაქტ-მეტრი“ ადრეც წერდა. იხილეთ სტატია.

ქავერის ფოტო: რადიო თავისუფლება


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი