26 ნოემბერს Facebook გვერდმა „GeoPress“-მა ექსპერტ გია გაბრიჭიძის ფეისბუქ-პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს ეხმაურება. ექსპერტის მტკიცებით, „ნაციონალურ მოძრაობას შეეძლო დაეჩქარებინა ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევა, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ა) არ ეცალათ ბ) სურდათ ხმაური და დაპირისპირება გ) ვერ ერკვევიან კანონებში“.

აღნიშნული მტკიცება, მცდარი და შეცდომაში შემყვანია, პირველ რიგში, სამართლებრივი კუთხით, რამდენადაც საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკური პარტიისთვის ამგვარ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის თარიღს განსაზღვრავს ცესკო -კოლეგიალურად და არა კონკრეტულად რომელიმე პარტია. კერძოდ, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. შესაბამისად, სამართლებრივად, „ნაციონალური მოძრაობას“ ვერ ექნებოდა პირველი სხდომის მოწვევის თარიღის დაჩქარების შესაძლებლობა.

ცნობილია, რომ ცესკომ და საოლქო საარჩევნო კომისიებმა არჩევნების მეორე ტურის შედეგები 13 ნოემბერს შეაჯამეს. კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში იწვევს. შესაბამისად, ახალი საკრებულოების პირველი სხდომა არაუგვიანეს 13 დეკემბრის უნდა ჩანიშნულიყო. ცესკომ პირველი სხდომის თარიღად 3 დეკემბერი განსაზღვრა.

„ფაქტ-მეტრი“ დაუკავშირდა ცესკოს იმის გასარკვევად, იყო, თუ - არა შესაძლებელი ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოების პირველ სხდომის უფრო ადრე ჩანიშვნა და არსებობდა, თუ - არა რაიმე ობიექტური გარემოება, რაც სხდომების უფრო ადრე ჩანიშვნას შეუშლიდა ხელს. ცესკოში გვიპასუხეს, რომ საკრებულოების პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთობლივად და კოლეგიურად იქნა მიღებული. ამასთან, არ არსებობდა რაიმე გარემოება, რაც სხდომების 3 დეკემბერზე უფრო ადრე ჩანიშვნას შეუშლიდა ხელს.

გასათვალისწინებელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და კიდევ 8 პოლიტიკურ პარტიას, „ქართული ოცნების“ ჩათვლით, ცესკოში თავისი თითო წარმომადგენელი ჰყავს. თუმცა, ვინაიდან კომისია ჯამში 17 წევრისგან შედგება [1], თეორიულად, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წინააღმდეგობის გაწევა, მაინც ვერ დააჩქარებდა სხდომის მოწვევის თარიღს. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებისა, იმავე პოსტში ავტორი წერს „საკრებულოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილებას ვადა მაშინ გასდის, როდესაც ახლად არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი სხდომა გაიხსნება, რაც ჯერ არ მომხდარა. ბიუჯეტის და საკრებულოს ახალი შემადგენლობის დაუმტკიცებლობა იწვევს უამრავი ინფრასტრუქტურული, თუ სოციალური პროექტის შეჩერებას“.

ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ, კანონმდებლობით, 2017 წლის მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა მართლაც აქვს ახალი საკრებულოს შეკრებამდე. შესაბამისად, წინა მოწვევის საკრებულოებს ბიუჯეტის დამტკიცების უფლებამოსილება ჰქონდათ. თუმცა, საყურადღებოა, რატომ არ ქცეულა პროექტების განხორციელების დამაბრკოლებლად აქამდე ის გარემოება, რომ, როგორც წესი, მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტები წლის ბოლოს მტკიცდებოდა.

როგორც ცნობილია, ბოლო წლების პრაქტიკის თანახმად, როგორც ზუგდიდის, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტები დეკემბრის მიწურულს მტკიცდებოდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია ამავე თემაზე). მიმდინარე წელს კი რიგ საკრებულოებში, რომლებშიც „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა - ბათუმის, ზუგდიდის, მარტვილის, რუსთავის - ბიუჯეტები დაჩქარებული წესით, 26 ნოემბერს დამტკიცდა, თანაც პროტესტისა და აქციის მონაწილეთა დაკავებების ფონზე.

მაგალითად, ბათუმის მუნიციპალიტეტში საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებმა რეგლამენტში ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების ვადები შეცვლის საჭიროება მას შემდეგ დაინახეს, რაც გაირკვა, რომ, არჩევნების შედეგების მიხედვით, მათ უმრავლესობა არ ეყოლებოდათ. ამიტომ 9 ნოემბერს ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილების 64-ე მუხლში ცვლილება შეიტანეს. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ უკვე დაწერა. რეგლამენტში შეტანილი ცვლილებით, ბიუჯეტის განხილვის ვადები თვის კონკრეტულ რიცხვებზე დამოკიდებული აღარ არის და 2017 წლის მოწვევის საკრებულოს საშუალება მიეცა, ბიუჯეტი მანამდე დაემტკიცებინა, სანამ ცესკო ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას ჩანიშნავდა.

ამასთან, კანონმდებლობის თანახმად, ბიუჯეტის პროექტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მერი უფლებამოსილია, თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თანხის გაცემა კი არ წყდება, არამედ შესაძლოა შეიცვალოს მისი გაცემის წესი გარკვეული მოცულობის ფარგლებში. შესაბამისად, განცხადებები, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში პროექტები შეჩერდებოდა ან, საფრთხე შეექმნებოდა, მანიპულაციაა.

წყაროს შესახებ

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) თანახმად, GeoPress ცრუ მედია გვერდია, რომელიც საკუთარი სახელწოდების, ვიზუალური მხარის და მოქმედების მიხედვით Facebook-ის მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რეალურ საინფორმაციო სააგენტოს წარმოადგენს. სინამდვილეში კი, მისი მიზანია სოციალურ მედიაში ალტერნატიული ინფორმაციული წყაროს შექმნა და ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაცია.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] ცესკო შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან. მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარის 2 მოადგილე და ცესკოს მდივანი. ცესკოს 7 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი