აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დამტკიცებულია. რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, შემოსულობები, 2021 წლის საბოლოო გეგმასთან, 392 937 200 ლართან მიმართებით, 19 062 800 ლარით (დაახლოებით, 5%) იზრდება და 412 მლნ ლარს შეადგენს. რაც შეეხება გადასახდელებს, ის 454 მლნ ლარით დაიგეგმა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 414 221 900 ლარს, 39 778 100 ლარით (დაახლოებით, 10%-ით) აღემატება.

ბიუჯეტის გადასახდელების მატება, გარდა იმისა, რომ იზრდება სხვადასხვა პროგრამის/ქვეპროგრამის დაფინანსება, შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხის მოცულობის ზრდამაც გამოიწვია. 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბოლოო გეგმის თანახმად, აჭარის ა/რ სახელმწიფო უწყებებში შტატში დასაქმებული იყო 3 335 პირი, რომელთა შრომის ანაზღაურებისთვისაც 38 412 300 ლარი იყო გათვალისწინებული. 2022 წლის ბიუჯეტის გეგმით, მომუშავეთა რიცხოვნობა 47 ერთეულით მცირდება, ხოლო შრომის ანაზღაურების თანხა 4 796 800 ლარით იზრდება და 43 209 100 ლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ზრდა, დაახლოებით, 12,5%-ია.

ცხრილი 1. შრომის ანაზღაურების ზრდა აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

საინტერესოა, რომ მომუშავეთა რიცხოვნობა სწორედ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მცირდება. კერძოდ, 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო გეგმის თანახმა, აქ შტატში დასაქმებული იყო 2 416 ადამიანი, ხოლო 2022 წლის ბიუჯეტის გეგმის თანახმად, მათი რიცხვი 2 369-ს შეადგენს. აღნიშნული უწყების ასიგნებები ითვალისწინებს როგორც ექვსივე მუნიციპალიტეტის რესურსცენტრების, ისე არაერთი თანამედროვე, კლასიკური თუ ფოლკლორული მიმართულების ორგანიზაციის შრომის ანაზღაურების ხარჯებსაც.

ცხრილი 2. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემავალი ორგანიზაციების შრომის ანაზღაურების ხარჯები

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

როგორც ვხედავთ, შრომის ანაზღაურება განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ყველა ორგანიზაციაში იზრდება, ა(ა)იპ ბათუმის სასპორტო სკოლის გარდა. გასათვალისწინებელია, რომ შრომითი ანაზღაურების მუხლში შტატგარეშე ანუ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ხელფასები არ მოიაზრება.

ინფორმაციისთვის, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამას აფინანსებს. ამ მიზნით 2022 წელს უწყებამ 1 500 000 ლარი გაითვალისწინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 100 000 ლარით აღემატება. პრიორიტეტების დოკუმენტში განმარტებულია, რომ დაფინანსება განკუთვნილია ჯამში, 1 300 სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტისთვის, რომლებიც დაწესებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. თუმცა, როგორც საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, ეს თანხა საკმარისი არ არის. სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია, რომლის ხელმომწერებიც აჭარის მთავრობას მოუწოდებენ, სტუდენტთა დახმარების დაფინანსება გაზარდოს. პეტიციის თანახმად, კრიტერიუმები ისეა ჩამოყალიბებული, რომ უამრავი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მქონე სტუდენტი, პანდემიით კიდევ უფრო გამწვავებული მდგომარეობის გამო, განათლების მიღმა რჩება. მათი ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სწავლას, ჯამში, 2 793 სტუდენტი ვეღარ აგრძელებს. ამავე დაწესებულებებში, დავალიანების გამო, სტატუსი შეჩერებული აქვს 681 სტუდენტს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში, მთავრობის აპარატში, სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებში მომუშავეთა შრომის ანაზღაურების მოცულობა, 2022 წლის ბიუჯეტის გადასახდელებთან მიმართებით, 9.52%-ს შეადგენს. 2021 წლის მიხედვით კი ანალოგიური მაჩვენებელი 9.27% იყო.


მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი