სოციალურ ქსელში სხალთის ეპარქიის ეპისკოპოს სპირიდონის ქადაგებიდან ვიდეომონაკვეთი გავრცელდა. მოცემულ ვიდეომასალაში მეუფე სპირიდონი COVID-19-ის ვაქცინებზე დეზინფორმაციის შემცველ მესიჯებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, კორონავირუსის ვაქცინებზე საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს და ადამიანები ექსპერიმენტის მონაწილეები ვართ; რომ ბავშვების ვაქცინაციაზე კატეგორიულად უნდა ითქვას უარი, რადგან შეიძლება ვაქცინამ გამრავლების უნარი დაუკარგოს ბავშვს. სამეცნიერო საფუძველს მოკლებული მოცემული მტკიცებები საზოგადოებაში ანტივაქსერული განწყობების გაღრმავებას უწყობს ხელს.

მტკიცება: 2021 წლის 11 თებერვლის სინოდის სხდომის აქტი: ვაქცინები ახალია და არავინ იცის, შემდეგ რა მოხდება...რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში, როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია და მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა და ეფექტურობა. ამ კითხვებზე პასუხი არ არის გაცემული, არავინ იცის ვაქცინებს რა მოქმედებები აქვს პერსპექტივაში. უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას, როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში. რა შედეგებს იწვევს ვაქცინა ამაზე პასუხი არ არის გაცემული, რადგან ვაქცინა ახალია. ფაქტიურად ვართ ექსპერიმენტის მონაწილეები...ექსპერიმენტი ადამიანებზე არ შეიძლება. ამაზე ნიურნბერგის პროცესი ძალიან მძიმე სასჯელს ადებს

მეუფე სპირიდონი ქადაგებაში 2021 წლის 11 თებერვლის სინოდის სხდომის აქტიდან ამონარიდს კითხულობს, რომელიც კორონავირუსის ვაქცინებს ეხება. აღნიშნული პერიოდისთვის საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ჯერ დაწყებული არ იყო. თუმცა, მიმდინარეობდა საუბარი ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის, კერძოდ AstraZeneca-ს, შემოტანაზე. როგორც AstraZeneca-ს, ისე კორონავირუსის სხვა დანარჩენი ვაქცინების შესახებ ინფორმაცია (მათი დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ეფექტურობა) იმ პერიოდისთვის უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია - „COVID-19-ის ვაქცინების მოქმედების მექანიზმი და შემადგენლობა”.

ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ უცნობია, კორონავირუსის ვაქცინებს რა გვერდითი მოვლენები ახლავს თან, ასევე მცდარია. გლობალურად ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ კოვიდვაქცინები უსაფრთხოა. თუმცა, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. COVID-19-ის ვაქცინით აცრის შემდეგ, შესაძლოა, მსუბუქი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს, როგორიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. ყველაზე ძლიერი გვერდითი ეფექტი, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს, ანაფილაქსიური ალერგიული რეაქციების განვითარებაა. თუმცა მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინის კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. ასევე, დაფიქსირებულია თრომბოემბოლიის შემთხვევები, რომლებიც Johnson & Johnson -სა და AstraZeneca/ Vaxzevria-ს ვაქცინებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, როგორც Johnson & Johnson, ისე AstraZeneca-ს ვაქცინით თრომბის განვითარების რისკი მინიმალურია. იმის გათვალისწინებით, რომ რისკი მინიმალურია და სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე შესაძლო გვერდითი რისკები, კონკრეტული ვაქცინებით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ვაქცინასთან დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოვლენა აცრიდან დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში ფასდება, რადგან შემდეგ ვაქცინა უკვე ადამიანის ორგანიზმში აღარაა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის მინიჭებისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ გრძელდება მონიტორინგი, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.

გარდა ამისა, კორონავირუსის ვაქცინაციასა და ნიურნბერგის კოდექსს შორის კავშირი შეუსაბამოა. ნიურნბერგის კოდექსი 10 პუნქტისგან შედგება და სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარებისას მასში მონაწილე პირებისადმი მოპყრობის წესებს განსაზღვრავს. ნიურნბერგის კოდექსი 1947 წელს დაიწერა, იმ ექიმთა სასამართლო პროცესის დროს, რომლებმაც საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმრებზე 7000-ზე მეტი სამედიცინო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ისინი ექსპერიმენტების გზით, ნაცისტი ჯარისკაცების ბრძოლის ველზე გადარჩენის უნარის გაუმჯობესებას, სამედიცინო პროცედურებისა და მედიკამენტების დატესტვას ცდილობდნენ. ამასთანავე, ექსპერიმენტები ნაცისტური იდეოლოგიური ხედვების - მათ შორის, რასობრივი უპირატესობის მხარდასაჭერად ტარდებოდა. აღნიშნული ექსპერიმენტები მასში მონაწილე პირების თანხმობის გარეშე განხორციელდა.

შესაბამისად, ნიურნბერგის კოდექსი ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებას ეხება და არა ვაქცინაციას. ბოსტონის უნივერსიტეტის „ჯანმრთელობის სამართლის, ეთიკისა და ადამიანთა უფლებების ცენტრის“ დირექტორის, ჯორჯ ანნასის განცხადებით, ვაქცინის დისკრედიტაციის მიზნით, აღნიშნული კოდექსის არასწორი ინტერპრეტირება არ შეიძლება. ნიურნბერგის კოდექსი დატესტილ და ავტორიზებულ ვაქცინებს საერთოდ არ ეხება. დაწვრილებით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება: უარი უნდა ითქვას ბავშვების აცრაზე...ბავშვს რას ერჩი, შეიძლება ისეთი რამეა იმ წამალში, რომ გამრავლების უნარი დაუკარგოს იმ ბავშვს

თავდაპირველად ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ითვალისწინებდა საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე 18 წლის და უფროსი ასაკის პირების აცრას. მოგვიანებით NCDC-მ განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით სარგებლობა ასევე შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეს და მუდმივი ბინადრობის მქონე 16-დან 18-წლამდე ასაკის ადამიანებს; ორსულებს ნებისმიერ ვადაზე; 12-დან 15-წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს. 2021 წლის 9 ნოემბერს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში 12-დან 15 წლამდე მოზარდების აცრა „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით იქნება შესაძლებელი. ასევე, იმუნიზაციის საბჭოს წევრების განცხადებით, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის და უფროსი ასაკის ნებისმიერი პირისთვის დასაშვები ხდება.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, ამერიკაში როგორც 12-17, ისე 5-11 წლის ასაკის ბავშვების აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით რეკომენდებულია.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბავშვების ვაქცინაცია პანდემიასთან ბროლაში მნიშვნელოვანია.

„ბავშვებში მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა. თუ 2020 წელს 10%-ს შეადგენდა ინფიცირებულთა რაოდენობის, ახლა ორჯერ მეტია და სექტემბრის მონაცემით 20,4 პროცენტია. საქართველოში ბავშვების ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯერჯერობით საქართველოში ეს პროცესი ძალიან აქტიური არ არის, თუმცა ყოველდღიურად არის მზარდი მაჩვენებელი, თუ იაშვილში პირველი დღეების განმავლობაში 1-2 ბავშვი მოგვმართავდა ვაქცინაციისთვის, ბოლო დღეებში 8-10 ბავშვი იტარებს ვაქცინაციას“, – განაცხადა ჩხაიძემ.

რაც შეეხება უნაყოფობის თემას, დღემდე არსებული კვლევების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინას, ქალის ან კაცის ორგანიზმის ნაყოფიერების უნარზე, რაიმე სახით ნეგატიური გავლენის მოხდენა არ შეუძლია. არც ერთი ვაქცინის გვერდით ეფექტს პოტენციური უშვილობის საფრთხე არ წარმოადგენს.

„ბრიტანეთის ნაყოფიერების საზოგადოების“ (The British Fertility Society) და „რეპროდუქციისა და კლინიკური მეცნიერების ასოციაციის“ (Association of Reproductive and Clinical Scientists) ცნობით, აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება და არც თეორიული მიზეზი არსებობს იმისა, რომ რომელიმე კოვიდვაქცინას ქალის ან მამაკაცის ნაყოფიერებაზე რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია. იმავეს ამტკიცებენ ამერიკის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (CDC) და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც (NCDC), რომ კორონავირუსის ვაქცინებს შვილოსნობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ იხილეთ „ფაქტ- მეტრის“ სტატიაში.


მტკიცება
: რამდენიმე დღის წინ გამოვიდა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი და განაცხადა: ჩვენთან 270 კოვიდიანი წევსო, აქედან 75 კაცი წევს რეანიმაციაში და რეანიმაციაში ვინც წევს ყველა აცრილიაო, არც ერთი არ არის აუცრელიო... რა გამოდის ეხლა...

15 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკის“ სიუჟეტი გავიდა, რომელიც ევროკავშირის მიერ ქართული კოვიდსერტიფიკატების აღიარებას და COVID-19-სგან გარდაცვლილთა საგანგაშო სტატისტიკას ეხებოდა. სიუჟეტის დასაწყისში აღნიშნულია, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის გართულებებისგან 1012 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანა ისევ ვირუსული ინფექციის გავრცელების პიკზეა. მედიკოსების განმარტებით, გამოსავალი ერთია - ვაქცინაცია. „იმედის“ სიუჟეტის თანახმად, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნოდარ ჩიმაკაძის თქმით, ბოლო დღეებში გაზრდილი სიკვდილიანობის ძირითადი წილი აუცრელ პაციენტებზე მოდის. ნოდარ ჩიმაკაძის განცხადებით: „ბოლო პერიოდში სტაციონარში მომართვიანობა გაზრდილია, ჩვენს კლინიკაში დღეის მდგომარეობით 270 პაციენტია, 75 მათ შორის არის რეანიმაციულ განყოფილებაში, რამდენიმე მათგანი არის კრიტიკული“. ამის შემდეგ ნოდარ ჩიმაკაძე ამბობს: „პრაქტიკულად რეანიმაციულ განყოფილებაში არც ერთი აუცრელი პაციენტი არ გვიწევს“. სიუჟეტის მთლიანი შინაარსის გათვალისწინებით, ადვილი შესამჩნევია, რომ ჩიმაკაძე საუბრისას მექანიკურ შეცდომას უშვებს.

ინფორმაციის დასაზუსტებლად „ფაქტ-მეტრი“ რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. ნატალია ხურციძემ „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნოდარ ჩიმაკაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაში მექანიკური ხარვეზი იყო დაშვებული. სინამდვილეში, ნაცვლად ამისა, მას უნდა ეთქვა, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიდან არც ერთი არაა აცრილი. ნატალია ხურციძის ცნობით, აცრილი პაციენტების 99.9% რეანიმაციაში არ ხვდება. რეანიმაციაში ძირითადად აუცრელი პაციენტები არიან. ძალიან მცირე პროცენტული მაჩვენებელია აცრილი პაციენტებისა რეანიმაციაში და ამ შემთხვევაშიც მათ აქვთ მძიმე თანმხლები დაავადებები.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი