Facebook-ის მომხმარებელი მაია ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის ავტორის თქმით, ის ერთ-ერთ კლინიკაში (რომელსაც არ ასახელებს) იმყოფებოდა, სადაც ჰოსპიტალიზებულთა უმეტესობა აცრილი იყო. მისივე მტკიცებით, კორონავირუსით ბევრი აცრილია გარდაცვლილი და სტატისტიკას არ ამხელენ.

მტკიცება, რომ საქართველოში სტატისტიკას მალავენ, არის დაუსაბუთებელი და აბსურდული. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეფექტურობის შეფასების მიზნით, საქართველოში, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიმდინარეობს ვაქცინაციის შემდგომი მონიტორინგი, დეტალურად აღირიცხება ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის, ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროების და გარდაცვალების შემთხვევები. აქვე აღსანიშნავია, რომ ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების ზედამხედველობა ხორციელდება.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი პერიოდულად აქვეყნებს ვაქცინაციის შედეგების ანალიზს. ბოლო ანგარიში 2021 წლის 15 მარტიდან (ვაქცინაციის დაწყების დღიდან) 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან სრულად ვაქცინირებული იყო 814 771 პირი. მათ შორის SARS-CoV-2 ლაბორატორიულად დაუდასტურდა 11 403 პირს. ამავე პერიოდში ≥18 წლის პოპულაციაში რეგისტრირებულია SARS-CoV-2-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 279 987 შემთხვევა.

ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის ეფექტურობა: კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის ზოგადი ეფექტურობა 93.3%-ია. მათ შორის: ≥60 ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია 92.3%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისაგან, 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის ეფექტურობა 94.6%-ია.

ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებისაგან (ICU-ში მოხვედრისაგან) დაცვის ეფექტურობა: ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა საჭირო გახდა სრულად ვაქცინირებულ 72 პირის შემთხვევაში. ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებისაგან, სრული ვაქცინაციით განპირობებული დაცვა 97.8%-ია.

ლეტალური გამოსავლისგან დაცვის ეფექტურობა: 2021 წლის 15 მარტი - 30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან მოყოლებული, >18 წლის პოპულაციაში, რეგისტრირებულია SARS-CoV 2-ით დადასტურებული 5 469 გარდაცვალების შემთხვევა, გარდაცვლილთა 98.96% (5 412) არავაქცინირებული იყო, ხოლო 1.04% (57) - ვაქცინირებული.

ამრიგად, მტკიცება, თითქოს ვაქცინირებულ ადამიანებს მარტივად არ გადააქვთ ვირუსი, ჰოსპიტალიზებულთა უმეტესობა ვაქცინირებულია და კორონავირუსით ბევრი აცრილია დაღუპული, არის ყალბი ინფორმაცია. საქართველოში ვაქცინაციის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კორონავირუსით ინფიცირების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს, ინფიცირების შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 92.3%-ია, დაავადების მძიმე გართულებისგან დაცვის მაჩვენებელი კი 97.8%, გარდაცვალებისგან დაცვის მაჩვენებელი კი თითქმის 99%-ია.

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5416 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი