სოზარ სუბარი: ეკონომიკური კრიზისი არის მთელ მსოფლიოში, მაგრამ ამ კრიზისიდან გამოსვლის გზაზე საქართველო აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული 10%-იანი ეკონომიკური ზრდით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სოზარ სუბარის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე:

2021 წლის ეკონომიკური ზრდის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 11.3 პროცენტია, თუმცა, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, ნაწილობრივ საბაზო ეფექტით არის გამოწვეული. 2020 წელს, რეალური ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, რამაც 2021 წელს, შეზღუდვების შემსუბუქების და შენელებული ერთობლივი მოთხოვნის აღდგენის ფონზე, ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება გამოიწვია. მიმდინარე წელს დაფიქსირებულ მსგავს ეფექტს, ქართულ პოლიტიკურ თუ საექსპერტო წრეებში, ზამბარის ეფექტად მოიხსენიებენ. ასევე, ეკონომიკის ზრდის ტემპების დაჩქარება ნაწილობრივ შეზღუდვების არათანმიმდევრულ მოხსნას უკავშირდება, რის შედეგადაც 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე მოექცა.

რადგან პოლიტიკოსი ეკონომიკის აღდგენაზე საუბრობს, ბუნებრივია, აღნიშნული ანალიზი 2020 წლის ბაზის გათვალისწინებას მოითხოვს. თუ სსსფ-ს პროგნოზი (7.7% ზრდა) გამართლდა, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის აღდგენის მხრივ, საქართველო 76-ე ადგილს დაიკავებს 0.3% აღდგენით, ხოლო საქართველოს მთავრობის პროგნოზის გამართლების შემთხვევაში (10%), საქართველო მე-40 ადგილზე აღმოჩნდება 2.5%-იანი აღდგენით, რაც სოზარ სუბარის განცხადებასთან, თითქოს საქართველო კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ყველაზე წარმატებულია, წინააღმდეგობაში მოდის. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პოლიტიკოსის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი:

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა, ეკონომიკური ზრდის დინამიკასთან დაკავშირებით განაცხადა: „ეკონომიკური კრიზისი არის მთელ მსოფლიოში, მაგრამ ამ კრიზისიდან გამოსვლის გზაზე სქართველო აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული 10%-იანი ეკონომიკური ზრდით“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.9% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 11.3%-ია.

ბოლო პერიოდში, მთავრობის წარმომადგენლები ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელზე ხშირად აპელირებენ. თუმცა ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, ნაწილობრივ საბაზო ეფექტით არის გამოწვეული, რადგან 2020 წლის მარტი-ივნისის განმავლობაში, ძალაში იყო პანდემიასთან დაკავშირებული უპრეცედენტოდ მკაცრი შემზღუდავი ზომები, რამაც, პრაქტიკულად ეკონომიკის დარგების დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. სწორედ აღნიშნულ პერიოდებთან მიმართებით ფიქსირდება განსაკუთრებით მაღალი ზრდა, რაც შესაბამისად, საშუალო მაჩვენებელსაც გაზრდილად წარმოაჩენს. 2020 წელს, რეალური ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, რამაც 2021 წელს, შეზღუდვების შემსუბუქების და შენელებული ერთობლივი მოთხოვნის აღდგენის ფონზე, ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება გამოიწვია. მიმდინარე წელს დაფიქსირებულ მსგავს ეფექტს, ქართულ პოლიტიკურ თუ საექსპერტო წრეებში, ზამბარის ეფექტად მოიხსენიებენ.

გრაფიკი 1: რეალური მშპ-ს ზრდის (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან) კვარტალური დინამიკა

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ეკონომიკური ზრდის თავდაპირველი პროგნოზი 3.5% იყო, თუმცა 2020 წელთან შედარებით, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აღდგენის დინამიკა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუმჯობესების საფუძველი გახდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 3.3 პროცენტული პუნქტით (პ.პ) მაღალი მაჩვენებელია.

ბუნებრივია, ჯერჯერობით უცნობია, ეკონომიკა 2021 წელს რამდენი პროცენტით გაიზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველო 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდით მე-18 ადგილს დაიკავებს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკა 10%-ით გაიზრდება, საქართველო ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში მე-10 ადგილს დაიკავებს. თუმცა, მეორე მხრივ, 2020 წელს ეკონომიკური ზრდის მიხედვით საქართველო 130-ე ადგილს იკავებდა. რადგან პოლიტიკოსი ეკონომიკურ აღდგენაზე საუბრობს, ბუნებრივია, აღნიშნული ანალიზი 2020 წლის ბაზის გათვალისწინებას მოითხოვს. თუ სსფ-ს პროგნოზი (7.7% ზრდა) გამართლდა, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის აღდგენის მხრივ, საქართველო 76-ე ადგილს დაიკავებს, ხოლო საქართველოს მთავრობის პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, საქართველო მე-40 ადგილზე აღმოჩნდება, რაც სოზარ სუბარის განცხადებასთან, თითქოს საქართველო კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ყველაზე წარმატებულია, წინააღმდეგობაში მოდის. აგრეთვე, გასათვალისწინებელია პანდემიური კონტექსტიც. კერძოდ, ეკონომიკის ზრდის ტემპების დაჩქარება ნაწილობრივ შეზღუდვების არათანმიმდევრულ მოხსნას უკავშირდება, რის შედეგად 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე მოექცა (უფრო ვრცლად, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ ანალიზი).


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი