2021 წლის 28 ნოემბერს, ონლაინ მედია სააგენტო „თვალსაზრისზე“ ირაკლი ჯანყარაშვილის სტატია გამოქვეყნდა შემდეგი სათაურით - „აშშ-ს ჯონ ბოლტონი დაბალი ინტენსივობის კონფლიქტების გაყინვისკენ მოუწოდებს, როგორიცაა - დნესტრისპირეთში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში“. სტატიის მიხედვით, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი ამერიკას მოუწოდებს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვლადიმერ პუტინის მაკროსტრატეგიულ პოლიტიკას, რომლის საბოლოო მიზანი ჯერჯერობით უცნობია, გლობალურად უპასუხოს და ამ ტერიტორიაზე დაბალი ინტენსივობის კონფლიქტების გაყინვა დაიწყოს. სტატიის ბოლოში აღნიშნულია ისიც, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში უარი განაცხადა, რადგან უკრაინა ნატოს წევრი ქვეყანა არ არის და მასზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება არ ვრცელდება. რეალურად, ირაკლი ჯანყარაშვილი ჯონ ბოლტონის მიერ 19fortyfive.com-ზე გამოქვეყნებული სტატიით მანიპულირებს და სიცრუეს ავრცელებს, თითქოს ბოლტონმა ამერიკას დაბალი ინტენსივობის კონფლიქტების გაყინვისკენ მოუწოდა. ასევე მანიპულირებაა სტატიის ბოლო აბზაცში მოყვანილი მტკიცება იმის თაობაზე, რომ ნატო უკრაინის სამხედრო დახმარებაზე უარს ამბობს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა twitter-ზე დაპოსტა - „მოსკოვი მიჰყვება დღის წესრიგს, რომელიც უკრაინისა და ბელარუსის ფარგლებს სცილდება. ავღანეთიდან ამერიკისა და NATO-ს კატასტროფული უკან დახევის კვალდაკვალ, ახლა ალიანსმა უნდა აჩვენოს, რომ ის ცოცხალია და კარგად არის. გზავნილი მოსკოვისთვის შემდეგნაირი უნდა იყოს: წინ ადვილი დღეები არ იქნება“. პოსტში თან ბოლტონმა 19fortyfive.com-ზე განთავსებული საკუთარი ავტორობით დაწერილი სტატიაც გააზიარა.

ბოლტონი სტატიაში რუსეთის გეგმებსა და ნატოს საპასუხო ქმედებებზე საუბრობს. მისი თქმით, პუტინი „ახლო საზღვარგარეთში“ (ინგლ: near abroad) მაკრო სტრატეგიით მოქმედებს მაშინ, როდესაც დასავლეთი მიკრო მიდგომას იყენებს. ამგვარად კი, მოსკოვი NATO-ს აღმოსავლეთ საზღვარსა და რუსეთის დასავლეთ საზღვარს შორის მთელ „ნაცრისფერ ზონას“ იკვლევს და მის მზადყოფნას ამოწმებს. ბოლტონი „ნაცრისფერ ზონაში“ მოიხსენიებს არა მხოლოდ უკრაინასა და ბელარუსს, არამედ მოლდოვასა და კავკასიის სახელმწიფოებს - საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. ბოლტონი ამ ქვეყნებთან მიმართებით რუსეთსა და მოლდოვას შორის არსებულ დნესტრისპირეთის „გაყინულ კონფლიქტს“, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციასა და სომხეთთან კონფლიქტში მოსკოვის მიერ-პროაზერბაიჯანულ ინტერვენციას ახსენებს და აღნიშნავს, რომ ეს ყოველივე დემონსტრირებაა კრემლის ჰეგემონური თუ ცხადი ანექსირების პოლიტიკისა, რომელიც ნაცრისფერი ზონის ექვს სახელმწიფოსთან არის გადაჯაჭვული.

ბოლტონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ NATO-მ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ დაიცვას მისი ინტერესები, შეაკავოს რუსეთი და იმის გათვალისწინებით, რომ „ნაცრისფერი ზონის“ ქვეყნები NATO-ს წევრ ქვეყნებთან შედარებით კრემლის დაუღალავი მცდელობების წინაშე უფრო დაუცველები არიან. შესაბამისად, ბოლტონის აზრით, კონკრეტული ქმედითი გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია, რომ NATO-მ კიდევ ერთხელ განუცხადოს რუსეთს, რომ სტატუს-კვოს სამხედრო ცვლილება მიუღებელია.

ხაზგასასმელია, რომ ბოლტონი „გაყინულ კონფლიქტებს“ სტატიის ბოლოს კიდევ ერთხელ ახსენებს და ის ამერიკასა და NATO-ს არა ამ კონფლიქტების გაყინულ ფაზაში შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, არამედ პირიქით, მათი გადაჭრის პრიორიტეტულობასა და აუცილებლობაზე საუბრობს. კერძოდ, ბოლტონი წერს:

„კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, NATO-მ უნდა დაიწყოს „გაყინული კონფლიქტებისა“ და სხვა დაბრკოლებების ამოხსნა, რომელიც რუსეთმა NATO-ს პოტენციურ ახალ წევრებს შეუქმნა. ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს დნესტრისპირეთის რესპუბლიკის, ხელოვნურად შექმნილი ერთობის გაუქმება, რომელიც პოლიტიკურად მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. მოსკოვზე ზეწოლა მოლდოვის სრულად გაერთიანებისათვის პუტინის ყურადღებას უკრაინიდან გადაიტანს. მოსკოვისთვის კიდევ ერთი ყურადღების გაფანტვის საშუალება საქართველოს მიტაცებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ საერთაშორისო ყურადღების გაზრდა იქნებოდა. დასავლეთის წარუმატებლობამ წინ აღსდგომოდა რუსეთის თავდასხმას საქართველოზე 2008 წელს, პირდაპირ განაპირობა მოგვიანებით რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის დაკავება“.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ჯანყარაშვილი ზემოთ მოცემული აბზაცის ნაწილის ციტირებას სწორად ახდენს - „აშშ-ს პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს დნესტრისპირეთის, ხელოვნური სუბიექტის განადგურება, რომელიც მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. კიდევ ერთი ყურადღების გაფანტვა შეიძლება იყოს საერთაშორისო საზოგადოების გაზრდილი ყურადღება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, საქართველოს „ოკუპირებული რეგიონების“. მიუხედავად ამისა, სტატიის სათაური და პირველი აბზაცი, რომელშიც ჯანყარაშვილი ამბობს, თითქოს ბოლტონი აშშ-ს ისეთი დაბალი ინტენსივობის კონფლიქტების გაყინვისკენ მოუწოდებს, როგორებიცაა დნესტრისპირეთში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლტონი პირიქით, NATO-ს და აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებასა და ამის შემდგომ არსებული „გაყინული კონფლიქტების“ გადაჭრისკენ მოუწოდებს.

ხოლო რაც შეეხება სტატიის ბოლო ნაწილს, რომელშიც ჯანყარაშვილი NATO-ს მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარებაზე საუბრობს, ასევე მანიპულირებაა. სინამდვილეში, 26 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის აღმოსავლეთსა და სახელმწიფო საზღვართან რუსეთის მიერ მნიშვნელოვანი რაოდენობის სამხედრო ძალის მობილიზების ფონზე, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და რუსეთს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ NATO როგორც ორგანიზაცია და NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინას პოლიტიკურთან ერთად, სამხედრო თვალსაზრისითაც (მათ შორის წვრთნებითა და სხვადასხვა შეიარაღების კუთხით) უწევენ დახმარებას. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ კოლექტიური თავდაცვის შესახებ არსებული ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი უკრაინაზე არ ვრცელდება, ხოლო ალიანსი „მკაფიო გზავნილს გაუგზავნის რუსეთს, რომ NATO ალიანსის წევრების დასაცავად მზადაა, თუ ეს საჭირო გახდება“. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით თქვა ისიც, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, ეს მოსკოვისთვის უსიამოვნო შედეგების მომტანი იქნება და კრემლს ამისთვის საფასურის გადახდა მოუწევს.

ამდენად, ჯანყარაშვილი ჯონ ბოლტონის სტატიის კონტექსტის დამახინჯებითა და იენს სტოლტენბერგის განცხადების მანიპულირებით მომხმარებლისთვის ისეთი სურათის დახატვას ცდილობს, თითქოს აშშ-ისთვისა და NATO-სთვის, და ზოგადად დასავლეთისთვის, აღმოსავლეთ ევროპაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები მნიშვნელოვანი არ არის. ამრიგად, “თვალსაზრისზე“ გამოქვეყნებული სტატია საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებასა და დასავლური ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევას ისახავს მიზნად.

წყაროს შესახებ:

„თვალსაზრისი“ ონლაინ მედია სააგენტოა, რომელიც მკვეთრად ანტიდასავლურ და პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. 2020 წლის განმავლობაში „თვალსაზრისი“ სხვა პრორუსულ გამოცემებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული აშშ-ის, NATO-სა და ევროკავშირის მადისკრედიტირებელ კამპანიებში, რომლის ფარგლებშიც დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის მასალას ავრცელებდა. ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი