26 ნოემბერს, ალტ-ინფოს გადაცემა „ალტ-ანალიტიკის“ ეთერში მისი წამყვანების შოთა მარტინენკოსა და ირაკლი მარტინენკოს მხრიდან, კორონავირუსსა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ სხვადასხვა მანიპულაციური მტკიცება გავრცელდა.

მტკიცება: ვაქცინაციის გვერდითი მოვლენები უცნობია და უფრო მაღალი რისკის შემცველი, ამიტომ კორონავირუსის გადატანა უფრო მარტივია

ვერდიქტი: მანიპულირება

შოთა მარტინენკომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებზე საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა „ამ ვაქცინების გამოყენება ყოველ წელს მოგვიწიოს. ეხლა რა პრობლემაა, რომ ვაქცინის ყოველ წელს გაკეთება მოგიწევს. არავინ იცის, რა უკუჩვენებები აქვს, გაურკვეველია“. ამის, დასტურად მარტინენკოს „გერმანიის ერთ-ერთი სააგენტოს, რომელიც ჯანდაცვას კურირებს“, განცხადება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, ამ უწყებამ განაცხადა, რომ „ფაიზერის გარდა სხვა ვაქცინებით არ აიცრან 27 წლამდე ასაკის ადამიანები, რადგან ამ ასაკის ადამიანებში ზრდის გულის დაავადების განვითარების რისკს… ამიტომ, შეიძლება ბევრი ისეთი რისკი გამოვლინდეს, რომელიც გადაწონის ვირუსის რისკებს“.

ცნობისთვის, გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი Pfizer/BioNTech, Moderna, Johnson & Johnson,Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინებით მიმდინარეობს. რეალურად, მარტინენკოს მიერ ნახსენები „გერმანიის ერთ-ერთი ჯანდაცვის უწყება“ გერმანიის ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტია (STIKO). 10 ნოემბერს, გერმანიის ვაქცინაციის მუდმივმა კომიტეტმა (STIKO) განაცხადა, რომ 30 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში მხოლოდ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინები იქნას გამოყენებული. კომიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კვლევამ დაადგინა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით ახალგაზრდებში უფრო მცირე რაოდენობის გულის ანთებების შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე Moderna-ს ვაქცინის შემთხვევაში. კომიტეტმა იგივე რეკომენდაცია გასცა ვაქცინის ბუსტერ დოზებისა და ორსული ქალების მიმართ, თუმცა ორსული ქალების შემთხვევაში არავითარი ასაკობრივი შეზღუდვა არ დაუწესებია. აღსანიშნავია, ისიც, რომ STIKO-ს კვლევების თანახმად, 30 წელზე უფროს ადამიანებს გულის პრობლემების გაზრდილი რისკი Moderna-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, არ უფიქსირდებათ. ამდენად, მარტინენკო გერმანიის ვაქცინაციის კომიტეტის განცხადებას მანიპულაციურად იყენებს იმის დასამტკიცებლად, რომ ვაქცინაცია და მისი შესაძლო გვერდითი მოვლენები უფრო რისკის შემცველია, ვიდრე თავად კორონავირუსის გადატანა.

ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ უცნობია, კორონავირუსის ვაქცინებს რა გვერდითი მოვლენები ახლავს თან, ასევე მცდარია. გლობალურად ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ კოვიდვაქცინები ძალზე უსაფრთხოა. თუმცა, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. COVID-19-ის ვაქცინით აცრის შემდეგ, შესაძლოა, მსუბუქი ეფექტები გამოვლინდეს, როგორიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. ყველაზე ძლიერი გვერდითი ეფექტი, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს, ანაფილაქსიური ალერგიული რეაქციების განვითარებაა. თუმცა მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინის კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. ასევე, დაფიქსირებულია თრომბოემბოლიის შემთხვევები, რომლებიც Johnson & Johnson -სა და AstraZeneca/ Vaxzevria-ს ვაქცინებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, როგორც Johnson & Johnson, ისე AstraZeneca-ს ვაქცინით თრომბის განვითარების რისკი მინიმალურია - AstraZeneca-ს შემთხვევაში- 0.0004%, ხოლო Johnson & Johnson-ის - მილიონში ერთზე ნაკლები. იმის გათვალისწინებით, რომ რისკი მინიმალურია და სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე შესაძლო გვერდითი რისკები, კონკრეტული ვაქცინებით იმუნიზაციის პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინასთან დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოვლენა აცრიდან დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში ფასდება, რადგან შემდეგ ვაქცინა უკვე ადამიანის ორგანიზმში აღარაა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება: დელტა ვარიანტი თავდაპირველი შტამისგან არ განსხვავდება, ფაქტობრივად იგივეა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ეთერში შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ „ხალხში პანიკას მთავრობები განგებ თესავენ, იგივე გააკეთეს ვირუსის დელტა ვარიანტის შემთხვევაშიც, ვითომ დელტა შტამი განსხვავებულია, არადა ნუ დაახლოებით იგივეა”. რეალურად, კორონავირუსის დელტა ვარიანტი კორონავირუსის მანამდე არსებულ სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო სწრაფად გავრცელებადი შტამია და ორჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტი. არსებობს ვარაუდი, რომ დელტა ვარიანტი არავაქცინირებულ ადამიანებში შესაძლოა უფრო მძიმე დაავადებების გამომწვევი იყოს, ვიდრე სხვა ვარიანტები. აღსანიშნავია ისიც, რომ დელტა ვარიანტი ბავშვებსა და ახალგაზრდებშიც უფრო დიდი სიხშირით ვრცელდება, ვიდრე სხვა შტამები ვრცელდებოდა. რაც შეეხება ვაქცინის მოქმედებას დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, ვაქცინირებული ადამიანები შესაძლოა მაინც დაინფიცირდნენ, თუმცა ისინი დაცულები არიან მძიმე დაავადებებისგან. ადრეული მონაცემებიც მეტყველებდა იმაზე, რომ დელტა ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებს ვირუსის გადაცემა სხვა ადამიანებზე შეეძლოთ, რაც მოგვიანებით შემდგომი კვლევებითაც დადასტურდა. თუმცა, აღმოჩნდა ისიც, რომ ვაქცინირებული ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დაავადდნენ და ვირუსის გამავრცელებლებიც იყვნენ, მათი ავადობა უფრო მოკლევადიანია, შესაბამისად უფრო ნაკლები დროის განმავლობაში არიან ეს ადამიანები ცუდად და ამავდროულად, ვირუსსაც უფრო მცირე დროის განმავლობაში ავრცელებენ. ამდენად, იმის მტკიცება, რომ დელტა ვარიანტი ჩვეულებრივი კორონავირუსის მსგავსია და მისგან არაფრით განსხვავდება, მცდარია.

მტკიცება: ვაქცინირებული ადამიანები უფრო ავრცელებენ ვირუსს, ვიდრე არავაქცინირებულები

ვერდიქტი: მანიპულირება

წამყვანების მხრიდან გადაცემაში ასევე გაჟღერდა მტკიცება, რომ „ვაქცინირებული ადამიანები უფრო გადამდები არიან, ვიდრე ის ვისაც ვაქცინა არ აქვს გაკეთებული, რაც ლოგიკურია“. რეალურად, ინფიცირებულ ვაქცინირებულ პირს ინფექციის გადაცემა სხვებზე ნამდვილად შეუძლია, თუმცა მტკიცება, რომ ვაქცინირებული პირები უფრო მეტად არიან ვირუსის გამავრცელებელნი, ვიდრე არავაქცინირებულები - სიმართლეს არ შეესაბამება.

დელტა ვარიანტის გაჩენამდე, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა მრავალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იყვნენ აცრილები და შემდგომ დაინფიცირდნენ, არავაქცინირებულებთან შედარებით უფრო ნაკლები ვირუსული დატვირთვა ჰქონდათ, ანუ ნაკლებად გადამდებები იყვნენ. დელტა ვარიანტის გამოჩენის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ დელტა ვარიანტით ინფიცირებული, ვაქცინირებული ადამიანებიც კი შესაძლოა ისევე გადამდებები აღმოჩნდნენ, როგორც არავაქცინირებულები, რადგან მათ ვირუსული რნმ-ის და კულტივირებად ვირუსის რაოდენობის მსგავსი დონე აქვთ. თუმცა ვაქცინირებულები ნაკლები დროით არიან გადამდებები, რადგან კვლევებმა სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ვირუსული რნმ-ის რაოდენობის და კულტივირებადი ვირუსის დონის სწრაფი კლება აჩვენა. არაერთი კვლევით, დელტა ვარიანტით ინფიცირებული - სრულად ვაქცინირებული ადამიანები ნაკლებად გადამდებები აღმოჩნდნენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომელნიც საერთოდ არ იყვნენ, ან ერთი დოზით იყვნენ აცრილები. უფრო დაწვრილებით ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მტკიცება: კვლევებით არის დადასტურებული, რომ ვაქცინირებულზე მეტი დაცვა აქვთ კოვიდგადატანილებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

შოთა მარტინენკოს მტკიცებით, „კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინირებულზე მეტი დაცვა აქვს კოვიდგადატანილს“. რეალურად, საკითხი თუ რომელი იმუნიტეტი უფრო კარგად იცავს ადამიანს კორონავირუსისგან, ბუნებრივი თუ ხელოვნური, აქტიურად განიხილება. ამ თემის ირგვლივ წინა თვეების განმავლობაშიც მანიპულაციური ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა, რაც ძირითადად - ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა კვლევებსა და ანგარიშებს ეყრდნობოდა, თუმცა ცალკეული დეტალების უგულებელყოფითა და კონტექსტის დამახინჯებით.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ 5 ნოემბერს ამ თემასთან დაკავშირებით ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევამ ერთმანეთს ინფექციის მიერ შეძენილი იმუნიტეტისა და COVID-19-ის ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტის დაცვის უნარი შეადარა. შედეგების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ COVID-19-ის mRNA ვაქცინით შექმნილი იმუნიტეტი ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად დაახლოებით 5-ჯერ ეფექტურია, ვიდრე ბუნებრივად გამომუშავებული იმუნიტეტი.

კონკრეტულ კვლევაში 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებიც ბოლო 3-6 თვის მონაკვეთში ან სრულად იყვნენ ვაქცინირებულნი, ან SARS-CoV-2 ინფექცია ჰქონდათ გადატანილი (1020 წარსულში ინფიცირებული და არავაქცინირებული და 6328 სრულად ვაქცინირებული, რომლებსაც მანამდე ინფექცია არ ჰქონია). კვლევის ფარგლებში ამ ადამიანებს ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ინფექციის დასადგენად კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდათ. შედეგები შემდეგნაირი აღმოჩნდა - სრულად ვაქცინირებულ 6328 ადამიანს შორის 324-ს (5,1%) ტესტმა ვირუსზე დადებითი პასუხი უჩვენა, ხოლო 1020 არავაქცინირებულ და წარსულში ინფიცირებულთაგან 89-ს (8,7%). ამდენად, კვლევის შედეგების მიხედვით, ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევები 5,49-ჯერ მაღალი იყო არავაქცინირებულ და კორონავირუსგადატანილ ზრდასრულ მოსახლეობაში, ვიდრე mRNA ვაქცინით სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებში, რომლებსაც მანამდე COVID-19 არ გადაუტანიათ. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ვაქცინით შეძენილი იმუნიტეტი ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19-ის ინფექციის წინააღმდეგ უფრო ეფექტურია, ვიდრე ინფექციის შემდეგ გამომუშავებული ბუნებრივი იმუნიტეტი. ამდენად, CDC მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ყველა ადამიანი აიცრას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, მათ შორის, არავაქცინირებული და წარსულში ვირუსგადატანილი პირებიც.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი