საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული სამხედრო წვრთნები ყოველ ჯერზე სხვადასხვა სახის დეზინფორმაციის საბაბი ხდება. გამონაკლისი არ ყოფილა მრავალეროვნული წვრთნები Agile Spirit-2021, რომელიც აგვისტოში დასრულდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედმა პორტალმა AIAAIRA.com და ასევე სხვადასხვა რუსულენოვანმა ვებგვერდმა (news.rambler.ru; sharij.net; ianed.ru) გამოაქვეყნეს სტატია სათაურით „ამერიკელი სპეცრაზმი ამზადებს დივერსანტებს [ქართულ ჯარს] აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოპერაციებისთვის“:

იხ. პუბლიკაციის ფოტო-სქრინი

Army Times-ზე დაყრდნობით, დეზინფორმაციის ავტორები ამტკიცებენ, რომ „ამერიკული სპეცრაზმი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოპერაციებისთვის დივერსანტებს ამზადებს“.

რეალურად, “სწავლების Agile Spirit 2021 მიზანია ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება; მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარება. Agile Spirit 2021 ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ასევე ავითარებს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“ - აღნიშნულს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ.

თავდაპირველად, წვრთნები აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივ ფორმატში ტარდებოდა, ხოლო 2015 წლიდან Agile Spirit-ს არაერთი ქვეყანა შეუერთდა. წელს Agile Spirit-ის მეათე საიუბილეო სწავლებაში მონაწილეობას 2,5 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე 15 ქვეყნიდან, მათ შორის ნატოს 12 წევრი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საქართველო, ესპანეთი, იტალია, კანადა, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, აშშ, თურქეთი, უკრაინა და ესტონეთი) იღებდა. სწავლებაში გათვალისწინებული იყო სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებები საბრძოლო სროლებითა და საჰაერო-სადესანტო ოპერაციებით, ასევე გაერთიანებულ ოპერაციებში სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედება.

2011 წლიდან დღემდე პერიოდში, ღია წყაროებში არ მოიპოვება არც ერთი ოფიციალური ინფორმაცია ან განცხადება პასუხისმგებელი პირების მხრიდან, იმის შესახებ, რომ წვრთნების მიზანს თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რაიმე მოქმედებისთვის მომზადება წარმოადგენს.

რაც შეეხება Army Times-ის სტატიას Agile Spirit 2021-ის შესახებ, მასში მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების სცენარის ფარგლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დავალებების შესასრულებლად დივერსანტების მომზადება ნახსენები საერთოდ არ არის. გამოცემასთან ინტერვიუში აშშ-ის არმიის სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთმა ოფიცერმა განაცხადა, რომ წვრთნების სცენარი ეხებოდა საქართველოზე ბევრად უფრო დიდი მტრული ძალების ქვეყანაში შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას. ოფიცრის თქმით, წვრთნებისას ჯარისკაცებმა გაიუმჯობესეს უნარები ახლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირობითი ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ მიღწეული წარმატებების შენარჩუნების აღკვეთაში, რისთვისაც წვრთნები ჩატარდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჩასაფრებისა და რეიდების ორგანიზებით.

Army Times-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ სწავლების სცენარის მიხედვით, საუბარი იყო არა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დივერსიული აქტების მოწყობაზე, როგორც ამაზე სხვადასხვა მედია მანიპულირებდა, არამედ საქართველოში მტრის შემოჭრისა და ახალი ტერიტორიების დაკარგვის თავიდან აცილებაზე.

აღნიშნული დეზინფორმაციის პარალელურად, აფხაზური AIAAIRA.com-ის Facebook-ის გვერდსა და რუსულენოვან ვებგვერდ news.rambler.ru-ზე კიდევ ერთი ცრუ მტკიცება გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, თითქოს, „2008 წლის აგვისტოში ამერიკული სპეცრაზმი უკვე მონაწილეობდა ოსეთში ქართულ მხარეს“.

ამერიკელმა მოკავშირეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქართული არმიის მოდერნიზაციაში და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაში, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ამერიკელების ჩართულობის ოფიციალური და მათ შორის არც არაოფიციალური დადასტურება ღია წყაროებში არ მოიპოვება.

-----------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი