რეზიუმე

ქვეყანაში პრაქტიკულად უკონტროლო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, კოვიდით გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია, რაც ვაქცინაციის დაბალ დონესთან პირდაპირ კავშირშია. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში მთავრობას ეკისრება. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინების შემოტანა და საყოველთაო ვაქცინაციის დაწყება დაგვიანდა, მთავრობამ ვერც შემდგომ პერიოდში უზრუნველყო მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია და აცრის მნიშვნელობაში მოქალაქეების დარწმუნება. ახლა კი, იმ ფონზე, როდესაც აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებისთვის, ქვეყნის პრემიერი ჯიუტად იმეორებს, რომ „არ დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას!“, მსგავსი განცხადებებით ის ანტივაქსერულ განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს და, სავარაუდოდ, ანტივაქსერებში საკუთარ ელექტორალურ კაპიტალს უფრთხილდება.

ანალიზი

საქართველოში COVID-19-ით ჯამში 11,600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 22 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 1 კვირაში - 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. გასულ 7 დღეში ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 2.01-ია. ქვეყანაში დღიური გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 74.7-ია. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი ვაქცინაციის დაბალ დონესთან არის პირდაპირ კავშირში. 24 ნოემბრის მონაცემებით, სულ 1 117 964 პირი [სულ მცირე 1 დოზით] არის ვაქცინირებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის 39.3%-ია. აქედან სრულად ვაქცინირებული 984 539 ადამიანია - მოზრდილი მოსახლეობის 34.5%.

სექტემბრიდან ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად შემცირდა, აგვისტოში დღეში 20 ათასზე მეტი აცრა ტარდებოდა, რაც სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად საკმარისი არ იყო და ეპიდემიოლოგები დღიური აცრების საშუალოდ 30 000-მდე გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობდნენ. თუმცა, ვაქცინაციის ტემპი არა თუ გაიზარდა, არამედ მკვეთრად შემცირდა. ნოემბრის ბოლო მონაცემებით, დღიურად ჩატარებული აცრების მაქსიმალური რაოდენობა 10 000-იც კი არ არის (რომელიც მოიცავს როგორც პირველ, ისე მეორე და ბუსტერ დოზებს). აღნიშნული ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებისა და უმოქმედობის შედეგია, კერძოდ, საინფორმაციო კამპანია, რომელსაც ვაქცინებისადმი ნდობა და ვაქცინებზე მოთხოვნა უნდა გაეზარდა, დაგვიანებით დაიწყო. დაგვიანებით შემოიტანეს ვაქცინაც, თანაც ვაქცინების რაოდენობა საკმარისი არ იყო. ვაქცინის დაგვიანებითა და არასაკმარისი რაოდენობით შემოტანა აჩენს ეჭვს, რომ შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის და სტრატეგიული კომუნიკაციის არ არსებობა მიზანმიმართული იყო, რათა ვაქცინაზე საზოგადოების მოთხოვნა და შესაბამისად, წნეხი მთავრობაზე არ გაზრდილიყო. მიმდინარე წლის ივლისიდან, როდესაც ქვეყანაში საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო და ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაც იყო, ვაქცინებისადმი საკმარისი ნდობა მაინც არ არსებობდა და აქედან გამომდინარე, მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე გაზრდილი მოთხოვნაც არ იყო. შესაბამისად, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ერთი მხრივ, ვაქცინებისადმი ნდობის გაჩენა მოქალაქეებში, რადგან ვაქცინის ჩამოტანას ვერ ახერხებდა, ხოლო როცა ჩამოიტანა - ვაქცინებისადმი ნდობისა და მოთხოვნის არარსებობა პირდაპირ აისახა ვაქცინაციის ტემპზეც. შემდგომში კი, სხვადასხვა პოლიტიკური მოტივით განპირობებულმა ქმედებამ, ნაცვლად ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის ზრდისა, პირიქით - ვაქცინებისადმი უნდობლობის ზრდას შეუწყო ხელი.

პირველ ეტაპზე მეტწილად აიცრნენ ის ადამიანები, ვინც ისედაც აპირებდნენ აცრას, სწორედ ამით იყო განპირობებული საყოველთაო ვაქცინაციის დაწყების პირველ ეტაპზე ვაქცინებზე მაღალი მოთხოვნა და, ბუნებრივია, შემდგომში ეს მოთხოვნა შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების განწყობა COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით წინასწარ იყო ცნობილი. NDI-ის კვლევის თანახმად, იანვრის მონაცემებით, გამოკითხულთა დაახლოებით 41% აცხადებდა, რომ კორონავირუსის ვაქცინით აიცრებოდა, 41% წინააღმდეგი იყო, ხოლო 17%-მა არ იცოდა. აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ვაქცინებისადმი ნდობა არ გაზრდილა, პირიქით. მოსახლეობის წილი, ვინც COVID-19-ის ვაქცინით არ აიცრებოდა, 47%-მდე გაიზარდა. იმ ადამიანების ჯამური რაოდენობა ვინც აცრილია ან აიცრებოდა, კვლავ 41%-იყო, გამოკითხულთა 11% კი აცხადებდა, რომ არ იცოდა აიცრება, თუ - არა. ეს სწორედ იმაზე მიუთითებდა, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია ვაქცინაციის საჭიროების შესახებ უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო, ვაქცინის შემოტანამდეც კი, უფრო პროაქტიული უნდა ყოფილიყო და ვაქცინის საქართველოში შემოსვლის მომენტისთვის, მოქალაქეებში შესაბამისი ნდობა უკვე გაჩენილი უნდა ყოფილიყო.

სექტემბრის შუა რიცხვებიდან ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, რაც სწორედ სწორი და შესაბამისი კომუნიკაციის არ არსებობით იყო განპირობებული. ეს იმას ნიშნავდა, რომ იმ მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი, ვინც თავიდანვე ვაქცინის მოლოდინში იყო, აიცრა, ხოლო იმ ადამიანთა დარწმუნება, ვინც ყოყმანობდა ან აცრას არ აპირებდა, ვერ მოხერხდა. კომუნიკაციის მნიშვნელობა და მისი ნაკლებობა ასევე აღიარა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. სექტემბრის ბოლოს მან განაცხადა, „აცრის მაჩვენებელი ქვეყანაში თანდათან იკლებს, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ მოსახლეობას კომუნიკაციას ვაკლებთ, ანუ მოსახლეობას მეტად უნდა მივუტანოთ ადგილზე ინფორმაცია და თითოეულ დასახლებულ პუნქტში მივიდეთ და დავარწმუნოთ, რომ ეს არის დიდი სიკეთე“.

თუმცა, ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში მთავრობა მეტად ორიენტირებული იყო არჩევნებზე, შესაბამისად პანდემიის მართვა და ვაქცინაციის ტემპის გაზრდა მეორე ხარისხოვანი აღმოჩნდა. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო, როდესაც წინასაარჩევნოდ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით გაკრული ბილბორდების ადგილას, ოპოზიციის საწინააღმდეგო ე.წ. „სისხლიან ბანერები“ განთავსდა. მაღალი ალბათობით, ზაფხულის დასაწყისში, იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის მინიმალური ნაწილიც კი არ იყო ვაქცინირებული, შეზღუდვების ერთბაშად გაუქმება, კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმება და ვითარების უკონტროლოდ მიშვებაც წინასაარჩევნო მიზნებით იყო განპირობებული. სწორედ ამ კონტექსტში, პრემიერის განცხადება, რომ ის არ დაუშვებს ვაქცინაციის სავალდებულოობას, გონივრული ვარაუდის საფუძველს ქმნის, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ანტივაქსერების განაწყენებას ერიდებოდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებებს აგვისტოში ეპიდაფეთქება მოჰყვა, რასაც თავის მხრივ, მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ეს დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მობილობის შეზღუდვის მიზნით ქვეყანაში აკრძალულია სოციალური ღონისძიებები [ქორწილი, ქელეხი, იუბილე], მეორე მხრივ, საარჩევნო აგიტაცია და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებები არ იზღუდება, მათ შორის, მრავალათასიანი აქციები. წინასაარჩევნო პერიოდში მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, არათუ მობილობის შეზღუდვაზე ზრუნავდა ხელისუფლება, არამედ ქვეყანაში მრავალათასიანი აქციები იმართებოდა, მათ შორის - ხელისუფლების მიერ ორგანიზებული.

მთავრობის არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე, რის გამოც ვერ შეძლეს პანდემიის მართვა, ასევე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ერთი მხრივ, მძიმე ეპიდვითარების ფონზე მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს წევრები მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ, ხალხმრავალ შეკრებებზე, ქორწილებისა და ქელეხების გადახდაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ. მეორე მხრივ კი, ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებისთვის მაგალითი ყოფილიყვნენ, კოვიდრეგულაციებს თვითონ არღვევდნენ. რიგ შემთხვევებში, ხელისუფლების წარმომადგენლები არამხოლოდ ხალხმრავალ შეკრებებში მონაწილეობდნენ, არამედ მათთვის რესტორნებში გაშლილი სუფრები ბიუჯეტის ფულითაც კი ფინანსდებოდა. ამასთან მთავრობის უპასუხისმგებლობას კარგად წარმოაჩენს მისივე მეთაური - ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად, 7 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონის ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელში ხალხმრავალ სუფრაზე იმყოფებოდა, სადაც არცერთი კოვიდრეგულაცია (პირბადე, სოციალური დისტანცია) არ იყო დაცული. „მერე რა, დანაშაულია ქეიფი?“ – ასე უპასუხა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ შეკრებაში მონაწილეობაზე.

მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, რომელიც ზედაპირზეა და კარგად ჩანს, მთავრობის მეთაური დღემდე ცდილობს დაგვაჯეროს, რომ პანდემია „წარმატებულად მართეს“. თუმცა გაურკვეველია, რა აძლევს აღნიშნულის თქმის საფუძველს, რა განაპირობებს პანდემიის მართვის „წარმატებულობას?“

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია გააქტიურდა, ის უკვე დაგვიანებული და, ამასთან, არათანმიმდევრული იყო. ერთი მხრივ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად. ამ დროს კი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, რომლისთვისაც ვაქცინებისადმი ნდობის გაზრდა უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, ჯერ იმის განმარტება მოუწია, რომ ანტივაქსერი არ იყო, ხოლო შემდგომ, როდესაც მედია დაინტერესდა, რატომ არ იცრებოდა ის COVID-19-ის ვაქცინის მეორე დოზით, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა: „ვთვლი, რომ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია არის ადამიანის ინდივიდუალური საჭიროება და არ შეიძლება ამის გასაჯაროება“. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც სრულად ვაქცინირებული დღემდე არ არის, ვაქცინებისადმი უნდობლობის გაზრდას უწყობს ხელს. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულად დაბალია და ეპიდვითარება ყოველდღიურად უარესდება და დღეში საშუალოდ 80 ადამიანი გვეღუპება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს“.

პრემიერისგან განსხვავებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის შემცირებული ტემპის ფონზე მიიჩნევს, რომ „კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები, გარკვეული ჯგუფებისთვის მაინც, სავალდებულო უნდა გახდეს“. ვაქცინაცია უნდა იყოს, თუ - არა სავალდებულო, კონკრეტული ჯგუფებისთვის, ეს ცალკე განხილვის თემაა, მაგრამ საჯარო განცხადებები, რომ სავალდებულო ვაქცინას „არ დაუშვებენ!“, ვაქცინაციის პროცესისთვის დამაზიანებელია. მაშინ, როდესაც ვაქცინა მრავალი სიცოცხლის გადარჩენის გზაა და მათი უსაფრთხოებაც მეცნიერულად დამტკიცებულია, პრემიერის აღნიშნული განცხადების მოტივი ბუნდოვანია და მსგავსი ნარატივი მხოლოდ ანტივაქსერულ განწყობებს კვებავს.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი