16 ნოემბერს კობა კუპრაშვილმა youtube-ზე 15 წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეომასალა კოვიდვაქცინებთან დაკავშირებით ყალბ მტკიცებებს შეიცავს. ვიდეოს ავტორი ავითარებს კონსპირაციას, თითქოს კომპანია Microsoft პატენტ 2020060606-ის საშუალებით მიზნად ისახავს ადამიანები მაინინგის მწარმოებელ მოსიარულე მანქანებად გადააქციოს. მასალის თანახმად, ბუსტერ დოზები და ზოგადად ვაქცინები სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ვაქცინებით შეჰყავთ გრაფენის ოქსიდი ადამიანის სისხლში, რათა შემდეგ შეასრულოს ანტენის, გადამცემის ფუნქცია და ადამიანი რობოტებად გადააქციონ. ვიდეოში მოცემული მტკიცებები სამეცნიერო საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეო სხვა Facebook-მომხმარებლებმაც აქტიურად გააზიარეს.

მტკიცება: Microsoft-ის პატენტი 2020060606 ადამიანების გაკონტროლებას და მაინინგის მწარმოებელ მოსიარულე მანქანებად გადაქცევას ისახავს მიზნად

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კომპანია Microsoft-ის პატენტ WO2020060606-ის გარშემო გავრცელებული ცნობილი კონსპირაციის თანახმად, გეითსების ფონდი ვაქცინას ბიომეტრიული მონაცემების შესაგროვებლად და ფინანსური მოგებისთვის იყენებს. დეზინფორმატორთა მტკიცებით, კომპანია მიზნად ისახავს, რომ ადამიანები პატენტის გამოყენებით გააკონტროლოს და მაინინგის მწარმოებელ რობოტებად გადააქციოს. სინამდვილეში, Microsoft-მა და ბილ გეითსმა მართლაც დაარეგისტრირეს პატენტი ნომრით WO2020060606. აღნიშნული პატენტის შესახებ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იგეგმება ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც ადამიანის ფიზიკურ აქტივობას მონიტორინგს უწევს და სანაცვლოდ კრიპტოვალუტით აჯილდოებს. თუმცა, აღნიშნული აპლიკაცია არც ადამიანს აკონტროლებს და არც ინტერნეტთან აკავშირებს. ამასთან ერთად პატენტს არანაირი კავშირი არ აქვს კორონავირუსთან ან კოვიდვაქცინებთან. პატენტის განაცხადი 2019 წლის ივნისში იქნა შეტანილი, მაშინ კი კორონავირუსის პანდემია საერთოდ არ არსებობდა.

მტკიცება: ვაქცინის მეორე, მესამე დოზებით ჩვენს სისხლში გრაფენის ოქსიდის დაგროვება ხდება, რაც ადამიანს მოსიარულე ციფრად აქცევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

გრაფენის ოქსიდის და კოვიდვაქცინების გარშემო დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები აქტიურად ვრცელდება. მას შემდეგ, რაც მესამე ბუსტერ დოზების გაკეთების რეკომენდაცია გაიცა, კონსპირატორებმა ეს ფაქტი გრაფენის ოქსიდის სისხლში დაგროვების მიზანმიმართულ მცდელობას და ადამიანების რობოტებად გადაქცევას დაუკავშირეს. რეალურად, დღეს არსებულ არც ერთ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობაში გრაფენის ოქსიდი არ ფიგურირებს. Pfizer-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, კიანა გაზვირმა Reuters-თან იმეილ მიმოწერის დროს აღნიშნა, რომ „გრაფენის ოქსიდი Pfizer-BioNTech-ის წარმოების დროს არ გამოიყენება“. Moderna-ს კორპორაციული საკითხების მთავარმა ოფიცერმა, რეი ჯორდანმა კი Reuters-თან განაცხადა: „შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენი პროდუქცია გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს.“

-----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5402 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი