ქართულ Facebook-ჯგუფებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო. მეტიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ივანიშვილს და ღარიბაშვილს დღეს [16 ნოემბერს] სანქციები დაუანონსეს“, რადგან „სააკაშვილის ციხეში ცემა და ამ კადრების გავრცელება მოთმინების ბოლო წვეთი აღმოჩნდა“. ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ Facebook-ჯგუფებში გავრცელდა, ასევე გამოაქვეყნეს ონლაინ მედიებმა - pirvelinews.com, geonewest.com, publisher.ge. Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, Crowdtangle-ის მიხედვით, ინფორმაცია Facebook-ზე 40 საჯარო პოსტის სახით გამოქვეყნდა და ჯამში 5430 ინტერაქცია (იხილეთ სურათი) აქვს.

გავრცელებული ინფორმაცია „ტვ პირველის“ მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტსა და სიუჟეტს ეფუძნება. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ:

„‼ დასავლეთი მოქმედებაზე გადადის - ივანიშვილს და ღარიბაშვილს დღეს სანქციები დაუანონსეს.

⚠ სააკაშვილის ციხეში ცემა და ამ კადრების გავრცელება მოთმინების ბოლო წვეთი აღმოჩნდა“.

თუმცა სიუჟეტში განმარტებულია, რომ სანქციების შესახებ მოწოდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა, გააკეთა და შემდეგ საკითხის შესახებ სხვა რელევანტური პირების კომენტარებია მოცემული. ონლაინ მედიებსა და Facebook-ჯგუფებში კი სიუჟეტის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად გავრცელდა და მომხმარებელს ისეთი შთაბეჭდილება დაუტოვა, თითქოს აშშ-მა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

გავრცელებულ Facebook-პოსტებს სიუჟეტი თან არ ერთვის და მტკიცებით ფორმაში აცხადებენ, რომ აშშ-მა ივანიშვილისა და ღარიბაშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და დააანონსა. ონლაინ მედიებმა კი მათ სიახლეებში, მართალია, „ტვ პირველის“ სიუჟეტი ჩასვეს, თუმცა მასალა შეცდომაში შემყვანი სათაურით გაავრცელეს:

• publisher.ge: „ეს უკვე მეტისმეტია, აშშ-ს სკანდალური გადაწყვეტილება... სანქციები ღარიბაშვილ სააკაშვილს (იხ. ვიდეო)“

• pirvelinews.com: „(ვიდეო)აშშ-ს სკანდალური გადაწყვეტილება, რომელიც ამ წუთებში ვრცელდება… სანქციები ივანიშვილს და ღარიბაშვილს“

• geonewest.com: „აშშ-ს სკანდალური გადაწყვეტილება… სანქციები ივანიშვილს და ღარიბაშვილს (ვიდეო)“

რეალურად, აშშ-ს ივანიშვილისა და ღარიბაშვილისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება არ მიუღია, მათ შორის, „ტვ პირველის“ სიუჟეტში, საუბარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დევიდ კრამერის, განცხადებაზე იყო. კერძოდ, დევიდ კრამერმა გამოცემა The Bulwark-ში გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით - „დროა, აშშ და ევროკავშირი საქართველოს მიმართ ხისტი გახდეს“ (Time for the U.S. and E.U. to Get Tough with Georgia), სადაც ივანიშვილისა და ღარიბაშვილისთვის სანქციების დაწესების საჭიროებაზეც წერდა. კრამერის პოზიციას კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი დაეთანხმა.

ოფიციალური ვაშინგტონი სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კრიტიკულად გამოეხმაურა და მისდამი „მიუკერძოებლად, საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრაქტიკის“ შესაბამისად „სამართლიანად და ღირსეულად“ მოქცევისკენ მოუწოდა, თუმცა სანქციების შესახებ განცხადებები არ გაუკეთებიათ. კერძოდ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, 30 ოქტომბერს განაცხადა:

„მე არ ვარ ევროპული სამართლის ექსპერტი, მაგრამ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ბატონ სააკაშვილს მოექცეს სამართლიანად, მიუკერძოებლად, საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ასევე უნდა ითქვას, რომ უკრაინის ინტერესშია, უკრაინის მოქალაქე იყოს დაცული. ჩვენ მოვუწოდებთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, დააკვირდნენ ბატონი სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით და უზრუნველყონ შესაბამისი მომსახურებით. მე არ ვარ ჯანდაცვის ექსპერტი, თუმცა სახალხო დამცველმაც თქვა, რომ დაწესებულებას, სადაც სააკაშვილი იმყოფება, აქვს სამკურნალო საშუალებების ნაკლებობა, რაც შეიძლება, სააკაშვილს დასჭირდეს. საბოლოო განმსაზღვრელი უნდა იყოს ისეთი მკურნალობა, რაც ნებისმიერ პაციენტს სჭირდება. არიან სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ, რომ იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მიდგომა. ქვედა ზღვარი არის ადამიანის ჯანმრთელობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს, ნებისმიერი ადამიანი იღებდეს ისეთ ზრუნვას, რაც მას სჭირდება. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი“. ხოლო დეგნანმა 9 ნოემბერს განაცხადა:

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაღელვებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვიცით, რომ ექიმების ჯგუფმა შეაფასა მისი ჯანმრთელობა, რომელიც მაღალი რისკის ქვეშ არის და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას. ვიცით ისიც, რომ სახალხო დამცველმა თქვა გლდანში, იმ დაწესებულებაში, სადაც ის არის გადაყვანილი, არ არის საკმარისი პირობები მისი მკურნალობისთვის. ამიტომ მთავრობას მოვუწოდებთ, უზრუნველყონ, რომ სააკაშვილმა მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში. მოვუწოდებთ სააკაშვილსაც, მოუსმინოს და დაუჯეროს თავის ექიმებს. ცხადია, ეს არის ძალიან სენსიტიური და ემოციური სიტუაცია და ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. პასუხისმგებლობა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე აკისრია ხელისუფლებას. ყოველთვის, ყველა ქვეყანაში ხელისუფლება არის პასუხისმგებელი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებაზე“.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, გარდა სააკაშვილის საკითხს 9 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისიც, გამოეხმაურა:

„ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ვითარებას, აქამდე - ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაკავებას და ახლა - მისდამი მოპყრობას. მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას, რომელიც აჩენს შეკითხვებს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, მთავრობის პასუხისმგებლობაა პატიმრები დაიცვან ძალადობისგან, მათ შორის - ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, აღმოუჩინონ მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირადი ინფორმაციის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად“ (თარგმანი: „რადიო თავისუფლება“ (და „ამერიკის ხმა“), ორიგინალი ინგლისურ ენაზე იხილეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე).

ნედ პრაისმა სააკაშვილის შესახებ განცხადება 4 ოქტომბერსაც გააკეთა: „ინფორმირებულები ვართ ბატონი სააკაშვილის დაკავების შესახებ და ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“.

დასახელებული განცხადების გარდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს შესახებ შემდგომი კომენტარი არ გაუკეთებია (იხილეთ საქართველოს სექცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე).

ასევე სანქციებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, ნედ პრაისის მიერ 13 ივლისს გაკეთებული განცხადება, სადაც საქართველოს ხელისუფლებას 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის დაგმობის, გამოძიების და კანონის შესაბამისად დასჯისკენ მოუწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ მოძალადეების დასასჯელად აშშ-ს ინსტრუმენტები აქვს და სანქციები ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია. ხოლო 15 ივლისს გამოქვეყნებულ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევით უზენაესი სასამართლოს ექვსი კანდიდატის დამტკიცების გამო იყო გაკრიტიკებული, ნათქვამი იყო, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა, ინვესტორების ნდობა შეარყიოს. თუმცა ეს განცხადებები, რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას არ უკავშირდებოდა და ასევე არც ივანიშვილისა და ღარიბაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აანონსებდა.

როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანის, ისე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან ჩანს, რომ აშშ-ს ივანიშვილისა და ღარიბაშვილისთვის სანქციების გადაწყვეტილება არ მიუღია, არ დაუანონსებია და განცხადებებში „სანქციები“ არ უხსენებია. შესაბამისად, ინფორმაცია, რომ აშშ-მა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და დააანონსა, სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბ ამბავს წარმოადგენს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი