ირაკლი ღარიბაშვილი: 2022 წლისთვის, მშპ-ს მოცულობა 65 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ისტორიული მაქსიმუმია და პირველად, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5,500 დოლარს შეადგენს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: პრემიერ-მინისტრი, 2022 წლის ნომინალურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ეკონომიკური ზრდის დინამიკის მოსალოდნელ წარმატებას უსვამს ხაზს. თუმცა, მსგავსი მიდგომა შინაარსს მოკლებულია. ისტორიულ მაქსიმუმზე საუბარი ბუნებრივად გულისხმობს მაჩვენებლის წინა წლებთან შედარებას, ამ მიზნით ნომინალური მაჩვენებლის გამოყენება კი კომპეტენციის ნაკლებობით ან მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობით აიხსნება.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ფაქტი, რომ ნომინალური მშპ კონკრეტულ წელს ისტორიული მაქსიმუმია, არაფრისმთქმელია. ზოგადად, რეალური ეკონომიკის ნულოვანი ზრდის შემთხვევაშიც კი მშპ კონკრეტულ წელს ისტორიულ ნიშნულს აღწევს [1]. სინამდვილეში კი, შესაძლოა, ნომინალური მშპ მაშინაც კი გაიზარდოს, როცა რეალური ეკონომიკა მცირდება. პრემიერის განცხადების აბსურდულობას ნათლად თუნდაც ის ფაქტი წარმოაჩენს რომ ნომინალური მშპ ისტორიულ ნიშნულზე იყო პანდემიურ 2020 წელსაც კი და 49.267 მლნ ლარს შეადგენდა, თუმცა ამავე წელს, რეალური მშპ 6.2%-ით შემცირდა, ანუ მოსახლეობა რეალურად გაღარიბდა, მიუხედავად ფაქტისა, რომ ნომინალური მშპ ისტორიულ მაქსიმუმზე იყო.

რაც შეეხება ერთ სულზე გაანგარიშებულ მშპ-ს ოდენობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრემიერ-მინისტრს ნომინალური მშპ-ს დინამიკის აშშ დოლარში დათვლაში გავყვებით (რაც ანალიზის არასწორი გზაა), გასათვალისწინებელია, რომ ნომინალური მაჩვენებელი, ინფლაციისგან თავისუფალი არ არის, ხოლო დოლარში გადაყვანილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 2020 წელს - 2013 წელთან შედარებით, 36.3%-ით იყო შემცირებული. 2021 წელს 10%, ხოლო 2022 წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირების შემთხვევაშიც კი [2], დოლარში გამოსახული რეალური მშპ 2013 წლის ანალოგიურ მონაცემზე დაახლოებით 25%-ით ნაკლები იქნება. აღნიშნულ შემთხვევაში, დოლარში გამოსახული რეალური მშპ არათუ ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, არამედ 2013 წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. რაც შეეხება ერთ სულზე გადაანგარიშებული მაჩვენებლის ისტორიულად მაღალ ნიშნულს, ამ შემთხვევაშიც, ყოველი მომდევნო წელი ბუნებრივად არის ისტორიული მაქსიმუმი, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა ეკონომიკა მცირდება. შესაბამისად, პრემიერის მიერ დასახელებული მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო ყველა გასულ წელს, გარდა 2020 წლის კრიზისისა და ფაქტი თავისთავად რამე ფორმის მიღწევას არ წარმოადგენს.

იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული პროგნოზები მთავრობის პროგნოზებს შეესაბამება, მის მიერ გამოყენებული მაჩვენებლები და განცხადებაში წარმოდგენილი მსჯელობა ეკონომიკურ შინაარსს მოკლებულია და რეალურ ვითარებას დამახინჯებულად წარმოაჩენს. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ტყუილია.

ანალიზი:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მონაცემებთან დაკავშირებით, სამთავრობო ბრიფინგზე განაცხადა (4წთ): „2022 წლისთვის, მშპ-ს მოცულობა დაახლოებით 65 მლრდ ლარს შეადგენს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი და პირველად, მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 5500 დოლარს“.

ირაკლი ღარიბაშვილი, 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებზე, კერძოდ კი ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ) და ერთ სულზე ნომინალურ მშპ-ზე საუბრობს. მიმდინარე პროგნოზებით, 2021 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 58.6 მლრდ ლარს შეადგენს, 2022 წელს კი 65 მლრდ ლარს, ხოლო ნომინალური დოლარში დათვლილი მშპ ერთ სულზე 2021 წელს 4,844 აშშ დოლარს, ხოლო 2022 წელს 5,535 აშშ დოლარს შეადგენს. მთავრობის პროგნოზებით, 2021 წელს ეკონომიკა 10%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წელს 6%-ით. 2020 წელს, ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. მშპ-ს მოცულობის განსაზღვრა არაერთი მაჩვენებლით არის შესაძლებელი (ნომინალური მშპ, რეალური მშპ, სხვა ვალუტაში გადაყვანილი მშპ და ა.შ), თუმცა მათი უნარი, ეკონომიკური განვითარების ტენდენცია აღწეროს, უნივერსალური არ არის. შესაბამისად, სანამ უშუალოდ განცხადების შინაარსის გადამოწმებაზე გადავალთ, უნდა აღინიშნოს, რომ ნომინალურ მაჩვენებელში მშპ-ს დინამიკის დათვლა დასაწყისშივე მანიპულაციურია, რადგან აღნიშნული ინფლაციური გავლენებისგან თავისუფალი არ არის. კერძოდ, შესაძლოა, ნომინალური მაჩვენებელი იზრდებოდეს, მაგრამ ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მცირდებოდეს (როგორც 2020 წელს). კიდევ უფრო მანიპულაციურია ნომინალური მაჩვენებლის აშშ დოლარში გადაყვანა, რადგან აღნიშნული არ არის თავისუფალი როგორც ინფლაციური, ასევე ვალუტის კურსის მერყეობით გამოწვეული გადახრებისგან.

ხშირად, ოპოზიციის წარმომადგენლები, მშპ-ს დინამიკის ანალიზისას, მაჩვენებელს ნომინალურ აშშ დოლარში გადაყვანილი მაჩვენებლით ითვლიან, რადგან სხვადასხვა წლებში, აღნიშნულ მონაცემში მშპ-ს კლება, ან მცირედით ზრდა ფიქსირდებოდა. „ფაქტ-მეტრი“ მსგავსი მიდგომის მანიპულაციურ ხასიათზე წარსულში არაერთხელ წერდა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, დოლარში გამოსახულ ნომინალური მშპ-ით იხელმძღვანელოს, საკმაოდ უჩვეულოა.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ფაქტი რომ ნომინალური მშპ კონკრეტულ წელს ისტორიულია, ბევრს არაფერს ამბობს. ზოგადად, რეალური ეკონომიკის მცირედი ზრდის შემთხვევაშიც, მშპ კონკრეტულ წელს ისტორიულ ნიშანს აღწევს, რაც ბუნებრივია, წლების განმავლობაში, ეკონომიკური ზრდის კუმულაციურ ეფექტს წარმოადგენს. მეორეს მხრივ, შესაძლოა, ნომინალური მშპ იზრდებოდეს, მაგრამ ინფლაციიდან გამომდინარე, რეალური მშპ მცირდებოდეს. 2020 წელს, ნომინალური მშპ ისტორიულ ნიშნულზე იყო და 49.267 მლნ ლარს შეადგენდა, თუმცა ამავე წელს, რეალური მშპ 6.2%-ით შემცირდა, ანუ მოსახლეობა რეალურად გაღარიბდა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრემიერ-მინისტრს მშპ-ს დინამიკის აშშ დოლარში დათვლაში გავყვებით, გასათვალისწინებელია, რომ ნომინალური მაჩვენებელი, ინფლაციისგან თავისუფალი არ არის, ხოლო დოლარში გადაყვანილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე, 2013 წელთან შედარებით, 2020 წელს, 36.3%-ით იყო შემცირებული. 2021 წელს 10%, ხოლო 2022 წელს 6% ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, იმ დაშვებით რომ გაცვლითი კურსი არ შეიცვლება, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე, 2015 წლის ფასებში, დაახლოებით 3800 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2013 წელთან შედარებით დაახლოებით 25% კლებას წარმოადგენს. აღნიშნულ შემთხვევაში, დოლარში გამოსახული მშპ არათუ ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, არამედ 2013 წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

ცხრილი 1: ნომინალური და რეალური მშპ-ს მაჩვენებლების დინამიკა 2012-2020 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

[1]გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, როცა დეფლაცია ფიქსირდება, ქვეყანაში ფასების ზოგადი დონე მცირდება.

[2]აღნიშნული მაჩვენებლები წარმოადგენს უახლეს საპროგნოზო მონაცემებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი