ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 25 ოქტომბერს დონეცკის ოლქში ე.წ. ნაცრისფერ ზონაში მდებარე სოფელ სტარომარიევკაში შევიდნენ და მასზე კონტროლი დაამყარეს. კერძოდ, ინფორმაცია გაავრცელეს „პირველმა არხმა“, „ტაბულამ“, GHN-მა და „ექსპრესნიუსმა“. „პირველი არხი“ და „ტაბულა“ წყაროდ უკრაინულ გამოცემა „ბაბელს“ უთითებენ. „პირველი არხი“ წერს, რომ „ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს“, ხოლო „ტაბულას“ მიხედვით, „თავდაპირველად ეს ინფორმაცია ოკუპირებული დონეცკის სეპარატისტულმა ძალებმა გაავრცელეს, შემდეგ კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც დაადასტურეს“. GHN-ი და „ექსპრესნიუსი“ კონკრეტულ წყაროს ან ჰიპერლინკს არ უთითებენ. თუმცა GHN აღნიშნავს, რომ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა და „თავდაპირველად, ეს ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის სეპარატისტულმა ძალებმა გაავრცელეს, რომელიც მოგვიანებით უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა“. ხოლო „ექსპრესნიუსი“ წერს, რომ „აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ“ და „მათი ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა სოფელზე კონტროლი გასულ ღამეს, 25 ოქტომბერს აღადგინეს“.

რეალურად, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ის რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული გზავნილია, რომელიც უკრაინის პროვოკაციაში დადანაშაულებას ისახავდა მიზნად. კერძოდ, ვინაიდან სოფელი სტარომარიევკა დონბასში კონფლიქტურ რეგიონში კონტაქტის ხაზზე მდებარეობს და ე.წ. „ნაცრისფერ ზონაში“ ხვდება (კონტაქტის ხაზზეა და არც ერთი დაპირისპირებული მხარე არ აკონტროლებს), საერთაშორისო შეთანხმების („მინსკის პროტოკოლის“) დაცვის მიზნით, უკრაინა ბოლო წლებში სოფელზე კონტროლის დაბრუნებას აღარ ცდილობს. შესაბამისად, სტარომარიევკაზე თავდასხმასა და მასზე კონტროლის დამყარებაში უკრაინის დადანაშაულებით, რუსეთი ცდილობს, უკრაინა როგორც საერთაშორისო შეთანხმების დამრღვევი და აგრესორი, ისე წარმოაჩინოს, რათა რუსეთისა და პრორუსი სეპარატისტების მიერ შეთანხმების დარღვევა და ცეცხლის გახსნა გაამართლოს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უკრაინის მიერ სტარომარიევკაზე თავდასხმისა და მისი აღების შესახებ ინფორმაცია რუსულმა პროპაგანდისტულმა წყაროებმა, როგორებიცაა, მაგალითად TASS, Russia Today, და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა და მედიამ აქტიურად გაავრცელეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის სამხედრო ძალებს რუსეთის მოქალაქეები ტყვედ ჰყავდა აყვანილი. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვაც, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დონბასში რუსეთის მოქალაქეების დასაცავად ყველაფერს გააკეთებდა და „ნორმანდიული ფორმატის“ წევრებსა და ეუთო-ს მოუწოდა, ოფიციალურ კიევს რეგიონში ძალადობრივ ქმედებებზე ხელი ააღებინონ. მისი განცხადებით, მედია იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ე.წ. ნაცრისფერ ზონაში მდებარე სოფელ სტარომარიევკაში რუსეთის 37 მოქალაქე აიყვანეს ტყვედ, რასთანაც დაკავშირებით განაცხადა, რომ „სოფელში რთული სიტუაციაა, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსონალი ე.წ. „ფილტრაციის ღონისძიებების“ გასატარებლად სოფელს პერიოდულად სტუმრობს“. ისინი კომენდანტის საათს აწესებენ, მაცხოვრებლებს საკუთარი სახლების დატოვებას უკრძალავენ, რათა პასპორტის რეჟიმი შეამოწმონ“. ზახაროვას თანახმად, რუსეთისა და ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ პასპორტების მქონე მოქალაქეებს ეს დოკუმენტები ჩამოართვეს და მათი მფლობელები ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ზახაროვის ვერსიით, აღნიშნულმა შეიარაღებული ესკალაციაც გამოიწვია, რაც 27 ოქტომბერს კონტაქტის ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს და საბედნიეროდ, დაბომბვის დროს მხოლოდ შენობები დაზიანდა და არა ხალხი; შემდეგ კი სოფელში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები შევიდნენ, რომლებმაც ადგილობრივები საჭმლითა და საბაზისო საჭიროებებით მოამარაგეს, ხოლო ეუთო-ს სპეციალური მონიტორინგის მისია დაკვირვებას აგრძელებს.

ინფორმაცია უკრაინულმა მედიამაც გაავრცელა, მაგალითად, babel.ua-მ, რომელზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს სიახლე „პირველმა არხმა“ და „ტაბულამ“. Babel.ua-ს მიხედვით, ინფორმაცია თავდაპირველად სეპარატისტულმა მედიებმა გაავრცელეს, თუმცა ის უკრაინის თავდაცვის სამინისტროში „Babel“-ის წყაროებმაც დაადასტურეს. რეალურად, უკრაინის შეიარაღებული ძალები სოფელ სტარომარიევკას არ აკონტროლებს და არც შეტევა განუხორციელებიათ მასზე, თუმცა გავრცელებული დეზინფორმაცია პრორუსმა სეპარატისტებმა მიმდებარე ტერიტორიების საარტილერიო დაბომბვის გასამართლებლად გამოიყენეს, რასაც უკრაინის არმიიდან მსხვერპლიც მოჰყვა. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის სარდლობა გამოეხმაურა (Joint Forces Operation Command) „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციას დონეცკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გრანიტნოეს დასახლების მიმდებარედ ტერიტორიის დაკავების [იგულისხმება სოფელი სტარომარიევკა] შესახებ“ და განაცხადა, რომ „ეს ინფორმაცია მცდარია“. გაერთიანებული ძალების ოპერაციის სარდლობამ განაცხადა, რომ „ეს არის უკანონო რუსული სამხედრო დაჯგუფებების მორიგი მცდელობა, მოახდინონ დისკრედიტაცია და უკრაინა კონტაქტის ხაზის დარღვევაში დაადანაშაულონ“. საპირისპიროდ, უკრაინულმა მხარემ სეპარატისტები მოცემულ ტერიტორიაზე მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღების გამოყენებაში დაადანაშაულა. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის სარდლობამ ასევე აღნიშნა, რომ „უკრაინელი სამხედროების პოზიციები უცვლელი რჩება“. ინფორმაციას გამოეხმაურა უკრაინის 93-ე მექანიზებული ბრიგადაც (განსახილველ მონაკვეთზე პასუხისმგებელი უკრაინული საბრძოლო დანაყოფი) და აღნიშნა, რომ 93-ე ბრიგადის დანაყოფებს ახალი პოზიციები არ დაუკავებიათ და ტაქტიკურ პოზიციაში რაიმე სახის გაუმჯობესება არ ყოფილა, რასაც რუსული პროპაგანდა ავრცელებს. 93-ე ბრიგადის ხელმძღვანელობამ სოფელში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და სტარომარიევკას მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნაში სეპარატისტებს დასდო ბრალი, მათ შორის - მოსახლეობის დატერორებასა და გაძარცვაში. 93-ე ბრიგადის ხელმძღვანელის განმარტებით, სოფელში ბევრი პრობლემაა, კერძოდ, ქვანახშირის მიწოდება სახლების გასათბობად, დაზიანებული სახლების შეკეთება, მაღაზიებთან წვდომის სირთულე, პენსიების მიღება და ა.შ.

უკრაინულმა მხარემ განმარტა, რომ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად 93-ე ბრიგადის ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა სტარომარიეკვაში 27 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის პერიოდში ჰუმანიტარული და სამედიცინო სერვისების მიწოდების ინიციატივას და ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის (მირნის სოფლის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციას) უსაფრთხოება უზრუნველყო. სწორედ აღნიშნულ ჰუმანიტარულ ოპერაციაში უკრაინის 93-ე მექანიზებული ბრიგადის წევრების ჩართულობა გამოიყენა რუსეთმა დეზინფორმაციული გზავნილების გასავრცელებლად. მირნის სოფლის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია სტარომარიევკას სოფლის მოსახლეობას შეხვდა, რათა მათი საჭიროებები გაეგო და დახმარება მიეწოდებინა. როგორც უკრაინულმა მხარემ განმარტა, სოფელში სიტუაციის სტაბილიზაციით სეპარატისტული მხარე გაღიზიანდა და დაუყოვნებლივ გამოიგონა და გაავრცელა არასწორი ინფორმაცია [უკრაინის ძალების მიერ სოფლის დაკავების შესახებ]. 93-ე ბრიგადის ხელმძღვანელის თანახმად, კრემლის პროპაგანდამ სიტუაცია სათავისოდ გამოიყენა და მცდარი ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სოფლის დაკავების შესახებ და 122-მილიმეტრიანი ქვემეხებიდან მშვიდობიან დასახლებაზე (სოფელ გრანიტნოეზე, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს) შეტევა მიიტანა, რასაც როგორც ზემოთ უკვე აღნიშნულია, მსხვერპლი მოჰყვა. ამასთან, უკრაინული მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტისა და სტაბილიზაციის საერთო ცენტრისადმი მიმართვის მიუხედავად, რუსულმა საოკუპაციო დანაყოფებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მაინც დაარღვიეს. ხოლო 93-ე ბრიგადის მცდელობას ე.წ. ნაცრისფერ ზონაში ნორმალური საცხოვრებელი გარემო ჩამოაყალიბოს, უკრაინული მხარის განცხადებით, მტერი ხელს უშლის, როგორც საინფორმაციო მანიპულაციების გზით, ისე მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღების გამოყენებით; ხოლო რათა ეიძულებინათ მტერი ცეცხლი შეეწყვიტა, გამოყენებული იქნა „ბაირაქტარის“ წარმოების სამხედრო დრონი.

შემდგომ 93-ე ბრიგადამ კვლავ გააკეთა განმარტება და ხაზი გაუსვა, რომ ბრიგადის პერსონალს პოზიციები არ შეუცვლია და ამჟამად ყველა დანაყოფი (30 ოქტომბერს) თავის პოზიციაზეა განლაგებული. ბრიგადამ კვლავ განმარტა, რომ ადგილობრივი სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თხოვნით სოფელში გაგზავნილი სამუშაო ჯგუფის დასაცავად, რომელმაც სტარომარიევკას მოსახლეებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ, 93-ე ბრიგადის სამხედრო პერსონალმა შემოგარენში სადამკვირვებლო პოსტები დაიკავა და სამოქალაქო პირების უსაფრთხოება უზრუნველყო. ხოლო იმავე დღეს ჰუმანიტარული მისიის დასრულების შემდეგ 93-ე ბრიგადის ყველა წევრი, რომელიც სამუშაო ჯგუფს იცავდნენ, სტარომარიევკა დატოვეს და მინსკის შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული ხაზის მიღმა საკუთარ პოზიციებზე დაბრუნდნენ. შესაბამისად, გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინულმა მხარემ ოკუპანტების პროვოკაცია და პროპაგანდა უწოდა. 1 ნოემბერს 93-ე ბრიგადამ ასევე დააზუსტა, რომ სტარომარიევკას მაცხოვრებლების პრობლემების მოსაგვარებლად მათ ზამთარში გათბობის საშუალებები, პროდუქტები და წამლები მიაწოდა მირნის ადმინისტრაციის ხუთმა თანამშრომელმა, რომლებმაც სამხედრო უსაფრთხოება მიიწვიეს, რასაც რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტებისგან გრანიტნოეზე მასობრივი დაბომბვა მოჰყვა.

მიუხედავად ამისა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. მინისტრები და ასევე სეპარატისტულ რეჟიმთან დაკავშირებული მედიები ბოლო დღეებში აქტიურად ავრცელებენ და კვლავ ამტკიცებენ, რომ უკრაინამ დანაშაული ჩაიდინა და სტარომარიევკა დაიკავა. თუმცა შემდგომ ზოგმა წყარომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა უკვე უკან დაიხიეს. ინფორმაციას არ ადასტურებენ არც უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის სარდლობა და არც 93-ე ბრიგადა.

----------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი