იტვირთება

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ამ ხელისუფლების პირობებში, ვალი ასცდა კრიტიკულ ზღვარს, სამოც პროცენტს და 65%-ზე მეტია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე:

2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფოს ვალი 30.3 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 517 მლნ ლარით შემცირებული ნიშნულია. იქიდან გამომდინარე რომ 2021 წელს ეკონომიკური ზრდის ტენდენცია ფიქსირდება, მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობითი მაჩვენებელი 60%-ზე ნაკლები იქნება. შესაბამისად, მიმდინარე პერიოდისთვის, პოლიტიკოსის განცხადება იმის შესახებ, რომ ვალი 65%-ზე მეტია, არარელევანტურია. 2020 წელს, ვალის ფარდობითი მაჩვენებელი 62.5% ნიშნულზე დაფიქსირდა. სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფო ვალის მოსალოდნელ მშპ-თან ფარდობა კი 53.1% შეადგენს.

2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, სახელმწიფო ვალი 3.6-ჯერ არის გაზრდილი, თუმცა, ფარდობითი მაჩვენებელი [საპროგნოზო მშპ-თან] დაახლოებით 1.7-ჯერ გაიზარდა, ხოლო 2020 წლისთვის, 2012 წელთან შედარებით, სახელმწიფო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერ იყო გაზრდილი. ასევე, უნდა აღინიშნოს რომ ერთის მხრივ, სახელმწიფო ვალის მკვეთრი ზრდა პანდემიურ კონტექსტთან არის დაკავშირებული და მსგავსი დინამიკით, საქართველო მსოფლიოში გამონაკლისს ნამდვილად არ წარმოადგენს. პანდემიამდე არსებული გეგმებით, სახელმწიფო ვალის უფრო ნაკლები ზრდა იყო გათვალისწინებული. 2019 წელს, სახელმწიფო ვალის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 41.9% იყო, რაც 2012 წელთან შედარებით 10.9 პროცენტული პუნქტით ზრდას წარმოადგენდა. მეორე მხრივ, ვალის ლარში გამოსახული მაჩვენებლის ზრდა ბოლო 9 წლის მანძილზე, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურებით არის გამოწვეული, რაზეც ხელისუფლებას პასუხისმგებლობა მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება დაეკისროს. შესაბამისად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება ნახევრად სიმართლეა.

ანალიზი:

2021 წლის 20 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დასახელებულმა ვიცე-მერობის კანდიდატმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა: „ამ ხელისუფლების პირობებში, ვალი ასცდა კრიტიკულ ზღვარს, 60%-სა და 65%-ზე მეტია“.

პოლიტიკოსი არ აკონკრეტებს, სახელმწიფოს ვალზე საუბრობს ის თუ მთავრობის ვალზე. საჭიროა, მთავრობის ვალი და სახელმწიფო ვალი განვასხვაოთ. სახელმწიფო ვალი მთლიან სამთავრობო (შიდა+გარე) ვალისა და ეროვნული ბანკის ვალდებულებების ჯამურ მაჩვენებელს წარმოადგენს. ანალიზის მიზნებისთვის, რელევანტურია სახელმწიფო ვალის განხილვა. სახელმწიფო ვალი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ინტერესი განსაკუთრებით ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის პირობებში გაიზარდა. სახელმწიფო ვალი შიდა, ეროვნულ ვალუტაში გამოსახული და საგარეო, შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში გამოსახული ვალისგან შედგება.

2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფოს 30.3 მლრდ ლარის მოცულობის ვალი ჰქონდა აღებული, საიდანაც 5.4 მლრდ შიდა, ხოლო 24.9 მლრდ ლარი საგარეო ვალზე მოდიოდა. აღსანიშნავია რომ 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, სახელმწიფო ვალი 517 მლნ ლარით არის შემცირებული. იქიდან გამომდინარე, რომ 2021 წელს ეკონომიკური ზრდის ტენდენცია ფიქსირდება, მოსალოდნელია სახელმწიფო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობითი მაჩვენებლის კიდევ უფრო შემცირება. თუ 2020 წელს, ფარდობითმა მაჩვენებელმა 62.5% ნიშნულს მიაღწია, 2021 წლისთვის, მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას რომ მაჩვენებელი 60%-ზე დაბლა შენარჩუნდება. მიმდინარე მონაცემებით, სახელმწიფო ვალის მოსალოდნელ მშპ-თან ფარდობა 53.1% შეადგენს.

გრაფიკი 1: სახელმწიფო ვალის სტატისტიკა 2012-2021(სექტ) წლებში

წყარო: ფინანსთა სამინისტრო, ავტორის გამოთვლები

2012 წელს, სახელმწიფო ვალი 8.4 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც მშპ-ს 31% იყო. 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი 3.6-ჯერ არის გაზრდილი, თუმცა, ფარდობითი მაჩვენებელი [მოსალოდნელ მშპ-თან] დაახლოებით 1.7-ჯერ გაიზარდა, ხოლო 2020 წლისთვის, 2012 წელთან შედარებით, სახელმწიფო ვალი დაახლოებით 2-ჯერ იყო გაზრდილი. თუმცა, სტატისტიკის მკვეთრი გაუარესება, ნაწილობრივ პანდემიასთან დაკავშირებულმა ვითარებამ გამოიწვია. პანდემიური კონტექსტიდან გამომდინარე, ვალის მაჩვენებლების ზრდის თვალსაზრისით, საქართველო გამონაკლისი ნამდვილად არ ყოფილა. კრიზისზე რეაგირების ერთ-ერთი სტანდარტული მექანიზმი, რასაც ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ქვეყნების სრული უმრავლესობა იყენებდა, საბიუჯეტო რესურსებით ეკონომიკის წახალისება და გაზრდილი სოციალური პრობლემების დაბალანსება იყო. სამთავრობო რეაგირების ფისკალური ნაწილი ქვეყნის ბიუჯეტზე ორი მიმართულებით მოქმედებს - ერთი მხრივ, ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებისა თუ ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით გასაწევი ხარჯები იზრდება; მეორე მხრივ, ეკონომიკური აქტივობა მცირდება და შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახადები დაგეგმილზე ნაკლები მოცულობით შედის, რისი დაბალანსებაც ვალის ზრდით ხდება. პანდემიამდე არსებული გეგმებით, სახელმწიფო ვალის უფრო ნაკლები ზრდა იყო გათვალისწინებული.

2019 წელს, სახელმწიფო ვალის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 41.9% იყო, რაც 2012 წელთან შედარებით 10.9 პროცენტული პუნქტით ზრდას წარმოადგენდა. თუმცა ვალის ზრდაზე მითითებისას, გასათვალისწინებელი ასპექტია, ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა დოლართან მიმართებით. კერძოდ, კურსის ცვლილებისას, პერიოდის ბოლოს ახალი კურსით გადაანგარიშდება არა მხოლოდ ვალის ნაზრდი პერიოდში (აღებული ვალი წელიწადში), არამედ მოცემული მონაკვეთისათვის აკუმულირებული ვალის ნაშთიც (წარსულში აღებული ვალის გადაუხდელი ნაწილი). სახელმწიფო ვალის ზრდა მნიშვნელოვანწილად წარსულში დაგროვილი ვალის ნაშთის ახალი კურსის შესაბამისად გადაანგარიშებამ გამოიწვია.

გრაფიკი 2: სახელმწიფო საგარეო ვალი, გამოსახული ლარში და დოლარში, 2012-2021 წლებში

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

მთლიანი სახელმწიფო ვალის ზრდა, ძირითადად სახელმწიფო საგარეო ვალის ზრდაზე მოდის. გრაფიკ 2-ზე, საგარეო სახელმწიფო ვალი, ვალუტის კურსით გამოწვეული მერყეობის საილუსტრაციოდ, ლარსა და დოლარში გამოსახული არის წარმოდგენილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3922 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი