გიორგი კირთაძე: მნიშვნელოვნად მეტია ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, ვიდრე სხვაობა, რომელიც დაუწერა ბიძინა ივანიშვილის ცესკო-მ ჩემს კონკურენტს [არჩილ ჩიქოვანს].

ვერდიქტი: გიორგი კირთაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2021 წლის 30 ოქტომბერს, მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩილ ჩიქოვანმა არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმათა 51.018% (38 236 ხმა) მიიღო, ხოლო გიორგი კირთაძემ - 48.982% (36 710 ხმა). „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებულ კანდიდატს 1 526 ხმით მოუგო.

ცესკო-ს გვერდზე ატვირთული ოქმების თანახმად, ბათილი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა 2 071-ს შეადგენს და ის მართლაც მნიშვნელოვნად, 545-ით აღემატება ხმების იმ რაოდენობას, რომლითაც სახელისუფლებო კანდიდატმა ოპოზიციის კანდიდატს აჯობა. პოლიტიკოსის განცხადების კონტექსტი იყო, რომ ძირითადად ის ბიულეტენებია გაბათილებული, რომლებშიც ამომრჩეველმა ოპოზიციური კანდიდატი შემოხაზა. გარდა ამისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგზე წარადგინა რამდენიმე სადავო ბიულეტენის ქსეროასლი, რომლებშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატს ხაზი აქვს გადასმული და ოპოზიციური კანდიდატის ნომერი შემოხაზულია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ასეთი ბიულეტენები არ უნდა გაბათილებულიყო.

ოპოზიციის გარდა, ხარვეზებზე საერთაშორისო დამკვირვებლებიც მიუთითებენ. მაგალითად: 31 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კენჭისყრის დათვლის პროცესი, ზოგადად, დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ იყო გარკვეული პროცედურული დარღვევები, განსაკუთრებით, ხმების დათვლის დროს.

„ფაქტ-მეტრი“ არ მსჯელობს, ნამდვილად ის ბიულეტენები გაბათილდა, თუ - არა, რომლებშიც ამომრჩეველმა გიორგი კირთაძე შემოხაზა. თუმცა ფაქტია, რომ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა მართლაც მაღალია და ის სახელისუფლებო და ოპოზიციის კანდიდატებს შორის დაფიქსირებულ სხვაობაზე მნიშვნელოვნად მეტია.

ანალიზი: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმათა 51.018% (38 236 ხმა) მიიღო, ხოლო გიორგი კირთაძემ - 48.982% (36 710 ხმა). ხელისუფლების კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებულ კანდიდატს 1 526 ხმით აჯობა.

ოპოზიცია შედეგებს არ ეთანხმება. გიორგი კირთაძემ განაცხადა: „მნიშვნელოვნად მეტია ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, ვიდრე სხვაობა, რომელიც დაუწერა ბიძინა ივანიშვილის ცესკო-მ ჩემს კონკურენტს [არჩილ ჩიქოვანს].“

№79 ბათუმის საარჩევნო ოლქში სულ 106 უბანი იყო გახსნილი. აქედან მხოლოდ ერთი, 105-ე უბანია (პენიტენციური დაწესებულება), რომელშიც არც ერთი ბიულეტენი არ გაბათილებულა. ყველა სხვა საარჩევნო უბანზე კი არაერთი ბათილი ბიულეტენი ფიქსირდება. რამდენიმე მათგანზე, კერძოდ, №3; 7; 10, 11; 12; 14; 26; 30; 34; 40; 42; 52; 53; 65 საარჩევნო უბნებზე, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 30 და მეტია. ცესკო-ს გვერდზე ატვირთული ოქმების თანახმად, ბათუმის მერის არჩევნების მეორე ტურში, ჯამში, 2 071 ბიულეტენი გაბათილდა. ის 545-ით აღემატება ხმების იმ რაოდენობას, რომლითაც სახელისუფლებო კანდიდატმა ოპოზიციის კანდიდატს აჯობა. (იხ. თანდართული ფაილი Excel-ის ცხრილის სახით.)

ოპოზიციის განცხადების კონტექსტი გულისხმობს, რომ გაბათილებული ბიულეტენების ძირითად ნაწილში სწორედ მათი კანდიდატია შემოხაზული. ამის დასტურად, მათ ბრიფინგზე წარადგინეს რამდენიმე ბათილი ბიულეტენის ქსეროასლი, რომლებშიც „ქართული ოცნების კანდიდატს ხაზი აქვს გადასმული, ხოლო ოპოზიციური კანდიდატის ნომერი შემოხაზულია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ასეთი ბიულეტენები არ უნდა გაბათილებულიყო.

„ფაქტ-მეტრმა“ ყველა შემაჯამებელი ოქმი შეისწავლა. არაერთ მათგანზე კომისიის წევრების მიერ დატოვებულია შენიშვნები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ხდებოდა ამომრჩევლის ნების კონტროლი, მოსყიდვა და ზეწოლა როგორც უბანზე, ისე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ფაქტორების გამო, როგორც კომისიის წევრები მიუთითებენ, ისინი შედეგებს არ ეთანხმებიან.

საინტერესოა, რომ 31 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კენჭისყრის დათვლის პროცესი, ზოგადად, დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ იყო გარკვეული პროცედურული დარღვევები, განსაკუთრებით, ხმების დათვლის დროს. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა თქვა: „[არჩევნებზე] შეინიშნებოდა ყოვლისმომცველი და გავრცელებული ბოროტად გამოყენება მოქალაქე დამკვირვებლებისა, როგორც პარტიის წარმომადგენლებისა. ზოგადად, ხდებოდა ჩარევა პროცესებში და ინდივიდუალური ჯგუფები გავლენას ახდენდნენ ამომრჩეველზე, რომლებიც იყვნენ საარჩევნო უბნებს გარეთ“. მისივე განცხადებით, იყო ძალადობის ცალკეული ინციდენტები, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება, აგრესიული რიტორიკა სოციალურ ქსელებში.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით, საჩივარს ამზადებს. მსგავსი შენიშვნები და უკმაყოფილება დააფიქსირეს სხვა მუნიციპალიტეტებში მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატებმაც. ისინი მოითხოვენ, რომ ბათილი ბიულეტენები გადაითვალოს. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ თუ ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენები არ გადაითვლება, არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა დადგება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი