მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს „ფაქტ-მეტრმა“აჭარის მთავრობის სარესტორნო ხარჯების შესახებ გამოაქვეყნა სტატია. ამ სტატიაში ჩვენ უფასო საკვებით მოსარგებლეთა საკითხს შევეხეთ. მაშინ დაგპირდით, რომ ამ თემაზე უფრო ვრცელ ინფორმაციას გაგაცნობდით.

„ფაქტ-მეტრმა“ აჭარის ა/რ ექვსივე მუნიციპალიტეტისგან წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი ბენეფიციარია ერთჯერადი უფასო საკვების მიმღები და რა უჯდება ბიუჯეტს ერთი ადამიანის გამოკვება.

როგორც ირკვევა, ბოლო მონაცემებით, აჭარაში უფასო ერთჯერადი კვებით 8 146 ბენეფიციარი სარგებლობს. აქედან ყველაზე მეტი - 7 597 ბენეფიციარი ბათუმშია რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის შემდეგ, ბენეფიციარების რაოდენობა ბათუმში მკვეთრად, 2 073 ადამიანით გაიზარდა, ხოლო ერთჯერადი კვების ღირებულება შემცირდა და ამ ეტაპზე 1.33 ლარს შეადგენს. (დანართი 1, დანართი 2) შარშანდელთან შედარებით, დღიური სადილის ღირებულება შემცირებულია ასევე ქობულეთისა (დანართი 3, დანართი 4) და ხელვაჩაურის (დანართი 5) მუნიციპალიტეტებში, ხოლო ქედასა (დანართი 6) და შუახევში (დანართი 7) უცვლელია. გასათვალისწინებელია, რომ ქობულეთში ბენეფიციარების რაოდენობა, 2020 წელთან შედარებით, 20 ადამიანით გაიზარდა, ხოლო ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში უცვლელი დარჩა. უნდა ითქვას, რომ ხულო ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც წელს უფასო სადილის ღირებულება ათი თეთრით მეტია, ვიდრე შარშან იყო. (დანართი 8, დანართი 9)

ცხრილი 1. აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში უფასო ერთჯერადი სადილით მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობა და საკვებისთვის განკუთვნილი დღიური ხარჯი, 2020-2021 წლები

წყარო: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტები

როგორც ცხრილიდან ჩანს, ერთი ბენეფიციარის დღიური კვების ღირებულება ყველაზე მაღალი ქედის მუნიციპალიტეტშია. აქ უფასო სასადილოს სერვისით მხოლოდ 23 ადამიანი სარგებლობს. მათი რაოდენობა 2017-2018 წლებში 25 იყო, შემდეგ კი ორი ადამიანით შემცირდა. კვების ხარჯი უცვლელი დარჩა.

რაც შეეხება ბათუმის მუნიციპალიტეტს, აქ 2016 წელს პროგრამაში 4 042 ადამიანი იყო ჩართული. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა და საბოლოოდ, მიმდინარე წლის სექტემბრის მდგომარეობით, უფასო სადილს 3 553 ბენეფიციარით მეტი იღებს, ვიდრე საანგარიშო პერიოდის დასაწყისში იღებდა. აქვე უნდა ითქვას, რომ 2020 წლის დეკემბერში ბათუმის ბიუჯეტი დღეში ერთი ადამიანის გამოსაკვებად 2.26 ლარს ხარჯავდა. 2016 წლიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა მუნიციპალიტეტმა უფასო სასადილოს ერთი ბენეფიციარის ერთჯერადი სადილით უზრუნველსაყოფად ამ მოცულობის თანხა გაიღო. სხვა პერიოდში ხარჯს 2 ლარისთვისაც არ მიუღწევია.

ერთჯერადი უფასო სადილით მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული კატეგორია სარგებლობს. ბოლო ორ წელიწადში კი სურსათსა და პირველადი მოხმარების ზოგიერთ საგანზე ფასები არაერთხელ გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მათი უმეტესობა დამატებით საკვებს ვერ ყიდულობს და მთლიანად უფასო სასადილოს სერვისზეა დამოკიდებული.

ინფორმაციისთვის: ბათუმსა და ხელვაჩაურში უფასო სასადილოს პროგრამით სარგებლობა შეუძლია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირს, რომლის სარეიტინგო ქულაც არის 0-65 000-ის ჩათვლით.

ქედაში აღნიშნული სერვისით სარგებლობენ პირები, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 100 000-ის ჩათვლით. უპირატესობა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან და შშმ სტატუსის მქონე ოჯახებს ენიჭებათ.

ქობულეთში უფასო სასადილოს ბენეფიციარები არიან ასევე 0-100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, მარტოხელა პენსიონერები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, უსახლკაროები, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოსახული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები (18 წლამდე ასაკის ხუთი და მეტი შვილი).

ხულოში ქვეპროგრამა გათვლილია სოციალურად დაუცველ ფენაზე, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 57 000-ის ჩათვლით, ხოლო შუახევში - 0-დან 70 000-ის ჩათვლით.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი