ლევან ხაბეიშვილი: 2014 წელსაც ბიუროკრატიაში იხარჯებოდა 50 მლნ ლარი, დღეს ეს თანხა არის 90 მილიონამდე გაზრდილი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: ბიუროკრატიული ანუ ადმინისტრაციული ხარჯი შრომის ანაზღაურების და საქონელი და მომსახურების ხარჯის ჯამს წარმოადგენს.

ადმინისტრაციული ხარჯების დროში ცვლილების ტენდენციის ანალიზისთვის მიღებულია არა ნომინალური, არამედ ბიუჯეტის ასიგნებებთან მიმართებით ფარდობითი მაჩვენებლის განხილვა. ხარჯების ნომინალური მაჩვენებლების 8-წლიან პერიოდში შედარება არასწორია, ვინაიდან ამ წლებში ერთი მხრივ, იზრდება ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ნომინალური მაჩვენებლები, ხოლო მეორე მხრივ, ინფლაციის ფაქტორი არ არის გამორიცხული.

2021 წელს ადმინისტრაციული ხარჯების ნომინალური მაჩვენებელი, 2014 წელთან შედარებით, გაზრდილია, რაც ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ფარდობითი მაჩვენებელი, ბიუჯეტის მთლიან ხარჯებთან მიმართებით, 2017 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდება. კონკრეტულად 2014 წელთან შედარებით ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებელი 9.76 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ლევან ხაბეიშვილი განცხადებაში, გარდა იმისა, რომ ბიუროკრატიულ ხარჯს ნომინალში ასახელებს, მის მხოლოდ ერთ მდგენელს - შრომის ანაზღაურებას, განიხილავს, რაც რეალურ სურათს არასრულად წარმოაჩენს. შესაბამისად, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მანიპულირება.

ანალიზი

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ სტუმრობისას ნიკა მელიას ინიციატივაზე - სკოლებში მოსწავლეების კვების დაფინანსებაზე, ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან გარკვეული თანხების გამოთავისუფლების, მათ შორის - ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით, სრულიად შესაძლებელია და აღნიშნა: „2014 წელსაც ბიუროკრატიაში იხარჯებოდა 50 მლნ ლარი, დღეს ეს თანხა არის 90 მილიონამდე გაზრდილი“

ბიუროკრატიული ანუ ადმინისტრაციული ხარჯი შრომის ანაზღაურების და საქონელი და მომსახურების ხარჯის ჯამს წარმოადგენს.

2014 წელს ქალაქის ხელისუფლებაში ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, „ქართულმა ოცნებამ“ ისინი 2014 წლის ზაფხულში გამართული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ჩაანაცვლა. შესაბამისად, 2014 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი და დამტკიცებული იყო.

2014 წელს თბილისის ბიუჯეტის ხარჯის გეგმა 597 016 000 ლარი იყო, შრომის ანაზღაურებისთვის 44 520 300 ლარი იყო გათვალისწინებული, საქონელი და მომსახურებისთვის კი - 157 291 900 ლარი. შესაბამისად, ჯამში ადმინისტრაციული ხარჯი 201 812 200 ლარი იყო.

მიმდინარე წლის დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯი 922 342 200 ლარია, შრომის ანაზღაურება 73 146 900 ლარს შეადგენს, საქონელი და მომსახურებისთვის კი 148 575 300 ლარია გათვალისწინებული. შესაბამისად, ადმინისტრაციული ხარჯი ჯამურად 221 722 200 ლარია. აღნიშნული მონაცემი 2014 წლის ანალოგიურ მონაცემს აღემატება და ნომინალში 19 910 000 ლარით არის გაზრდილი.

ადმინისტრაციული ხარჯების დროში ცვლილების ტენდენციის ანალიზისთვის მიღებულია არა ნომინალური, არამედ ბიუჯეტის ასიგნებებთან მიმართებით ფარდობითი მაჩვენებლის განხილვა. ხარჯების ნომინალური მაჩვენებლების 8-წლიან პერიოდში შედარება არასწორია, ვინაიდან ამ წლებში ერთი მხრივ, იზრდება ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ნომინალური მაჩვენებლები, ხოლო მეორე მხრივ, ინფლაციის ფაქტორი არ არის გამორიცხული.

ქვემოთ გთავაზობთ, გაზრდილია, თუ - არა ადმინისტრაციული ხარჯების ტვირთი თბილისის ბიუჯეტის ხარჯთან მიმართებით.

ცხრილი1: ადმინისტრაციული ხარჯების დინამიკა 2014-2021 წლებში (ლარი)

წყარო: თბილისის მერია (ბიუჯეტი)

განხილული მონაცემების მიხედვით, 2021 წელს ადმინისტრაციული ხარჯების ნომინალური მაჩვენებელი, 2014 წელთან შედარებით, გაზრდილია, რაც ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ფარდობითი მაჩვენებელი, ბიუჯეტის მთლიან ხარჯებთან მიმართებით, 2017 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდება. კონკრეტულად 2014 წელთან შედარებით ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებელი 9.76 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ლევან ხაბეიშვილის მიერ განცხადებაში დასახელებული რიცხვები შესაბამისი წლების მხოლოდ შრომის ანაზღაურებას ასახავს. განცხადებაშიც აქცენტი მერიაში დასაქმებულებზე კეთდება, აქედან გამომდინარე, მარტო შრომის ანაზღაურებაც განვიხილოთ.

2021 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, შრომის ანაზღაურება 73 146 900 ლარია, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (44 520 300) ნომინალში 28 626 600 ლარით აღემატება, თუ დასახელებული მონაცემების ფარდობით მაჩვენებლებს განვიხილავთ, ვნახავთ რომ 2021 წლის შრომის ანაზღაურება ბიუჯეტის მთლიანი ხარჯის 7.93%-ს შეადგენს, იგივე მონაცემი 2014 წელს 7.46% იყო. შესაბამისად, შრომის ანაზღაურება - ფარდობით მაჩვენებელში, 8 წლის განმავლობაში 0.47 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. შრომის ანაზღაურების მთლიანი ტენდენცია საანგარიშო წლების მიხედვით შემდეგნაირია:

გრაფიკი 1: შრომის ანაზღაურების წილი ბიუჯეტის მთლიან ხარჯთან მიმართებით (%)

გრაფიკის მიხედვით, 2016 წლიდან შრომის ანაზღაურების ფარდობითი მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება.

შეჯამების სახით აღვნიშნავთ, რომ ბიუროკრატიული ხარჯი შრომის ანაზღაურების და საქონლის და მომსახურების ჯამური ხარჯია. მიმდინარე წელს აღნიშნული ხარჯი, 2014 წელთან შედარებით, ნომინალში გაზრდილია, რაც ბუნებრივია, თუმცა ფარდობითი მაჩვენებელი 9.76 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადმინისტრაციული ხარჯების დროში ცვლილების ტენდენციის ანალიზისთვის მიღებულია არა ნომინალური, არამედ ბიუჯეტის ასიგნებებთან მიმართებით ფარდობითი მაჩვენებლის განხილვა. ლევან ხაბეიშვილი განცხადებაში, გარდა იმისა, რომ ბიუროკრატიულ ხარჯს ნომინალში ასახელებს, მის მხოლოდ ერთ მდგენელს - შრომის ანაზღაურებას, განიხილავს, რაც რეალურ სურათს არასრულად წარმოაჩენს. შესაბამისად, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მანიპულირება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი